ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საკუთარი თავის მართლება
თუ კაცი ვინმე ჩავარდა ხელთა შინა სოფლიურთა მსაჯულთასა, ანუ მიეცა ქვეყნიურსა სოფელსა სამართალსა შინა, მაშინ არ იქნება ცოდვა, და შეუძლია მოძებნოს და წარმოადგინოს სხვადასხვა მიზეზები, რომელნიც ანუ გაამართლებენ მას, ანუ შეამსუბუქებენ მისსა ბრალსა. რისთვის? მისთვის, რომელ მსაჯულნი მისნი არიან კაცნი, ქვეშევრდომნი შეცდომისა, შეიძლება, რომ იმათ კარგად ვერ შეიტყონ მისი სიმართლე. გარნა, სრულიად სხვა არის, როდესაც კაცი წარსდგება წინაშე ღვთისა, ან თავისი სინიდისით თავის გულს გასინჯავს. მაშინ სიცოფე იქნება და დიდი უგუნურება, რომ კაცმა იწყოს მიზეზობა და განმართლება თავისა თვისისა. ქვეყნიურისა ხორციელისა მსაჯულისაგან კაცი მოელის მხოლოდ სიმართლეს, ანუ მარლმსაჯულებასა, ხოლო ზეციერისა მსაჯულისაგან უნდა მოველოდეთ მიტევებასა ცოდვათასა და მოწყალებასა.