ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: საკუთარი თავის გამტყუნება, საკუთარი თავის მართლება
წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ სულიერ სისუსტეს ვგრძნობ, მაინც თავის მართლებას ვცდილობ?
სწორედ იმიტომ იმართლებ თავს, რომ შენი სულიერი სისუსტე კარგად ვერ გიგრძვნია. რომ გეგრძნო, თავს აღარ გაიმართლებდი. ჩვენ, საკუთარი თავის მოყვარულ ხალხს ხომ სირთულეები არ გვიყვარს. ხშირად გვინდა ხოლმე, რომ ისე გავმდიდრდეთ, რომ თითი თითზე არ დავაკაროთ. ის მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგნებთან ამგვარი დამოკიდებულებით ჩვენ ორივე ფეხით ვკოჭლობთ. ამის შეცნობამ კი უფრო დაგვამდაბლოს. მაგრამ სად იპოვი?! ჩვენ ხომ არც ღვაწლი და არც საკუთარი უძლურების შეცნობის ნატამალი არ გაგვაჩნია.
შეიძლება თავს იმართლებდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობას, გამოძიებას ცდილობს?
ვინც სწორად შეიმეცნებს საკუთარ თავს, ის თავს ვერ გაიმართლებს. აბა, შეხედე, ხდება, რომ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი ბოლოსდაბოლოს საშინელ სისულელეს ჩაიდენს, ეს იმის გამო ხდება, რომ მას უფრო მოხერხებულად მოწყობის სურვილი უჩნდება. "როგორ მოვეწყო უფრო მოხერხებულად, როგორ მოვიქცე, რომ უკეთესად ვიგრძნო თავი"?! - ფიქრობს იგი.
წმიდაო მამაო, ვინც თავს იმართლებს, ის სულიერ ცხოვრებაში საკუთარ დაცემებს ვერ ამჩნევს?
ეშმაკი ასეთ ადამიანს ატყუებს ყოველგვარ საქმეში, რასა უნდა აკეთებდეს იგი; და ეს ადამიანი ყოველგვარ საკუთარ მოქმედებას გამართლებას უძებნის. ის ამართლებს თავის თვითნებობას, სიჯიუტეს, ეგოიზმს, სიცრუეს.
მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი, როგორც სარკეში ისე შეაფასებს საკუთარ თავს წმიდა მამათა თხზულებებისა და განსაკუთრებით - წმიდა წერილის მიხედვით, განა ეს მას არ უშველის?
იმ ადამიანს, ვინც სწორად აზროვნებს, წმიდა მამათა წიგნები და წმიდა წერილი ყოველგვარ პრობლემას გადაუჭრის. მას გარკვევით და აშკარად ესმის წაკითხულის აზრი. მაგრამ თუკი ადამიანი სულიერ ღვაწლს შედგომილიარ არის და მისი სული არ განწმენდილა, მაშინ მას წმიდა წერილიც ვერ უშველის, რადგანაც წაკითხული უკუღმა ესმის. მისთვის უმჯობესია, თუ საკუთარ ზრახვებს მოძღვარს ეტყვის და წაკითხულის განმარტებას თავად არ შეეცდება. მაგალითად, როდესაც ძველ აღთქმას კითხულობს, ასეთმა ადამიანმა შესაძლოა, ბევრი რამ მზაკვრული სულით განმარტოს და (სულიერი) ინფექციით დაავადდეს. შევნიშნე, რომ ზოგიერთი სულიერ წიგნებში წაკითხულს ისე განმარტავს, როგორც თვითონ აწყობს. მიზეზი ის კი არ არის, რომ მათ წარმოსახვა არ ყოფნით, ანდა - წაკითხულის აზრს სწორად ვერ იგებენ, არა... ასე იმიტომ განმარტავენ, რომ თავი იმართლონ. საშინელი საქმეა! ამასთან, ისიც შევნიშნე, რომ ეს ხალხი ხშირად ვერც იმ სულიერ დარიგებებსა და და რჩევებს იღებს სწორად, რასაც სულიერი ადამიანები აძლევენ. მაგალითად, მსურს, რომ მათი ყურადღება რაღაცას მივაპყრო, ამისათვის რაიმე შემთხვევას ვუამბობ და კონკრეტულ საკითხს ვუსვამ ხაზს. მაგრამ ისინი სიტყვას მაწყვეტინებენ და ცდილობენ, მასში აღმოაჩინონ რაღაც "სხვა", რითაც რომელიმე საკუთარ ქმედებასა თუ შეცდომას გაამართლებენ. ანუ ყოველივე ამას საკუთარი ვნებების გასამართლებლად აკეთებენ. როდესაც ვუამბობ ვინმეს შესახებ, ვინც საკუთარი უყურადღებობის გამო უკიდურეს დაცემამდე მივიდა, ისინი მოისმენენ ამ ისტორიას, არც კი დაუფიქრდებიან მას და იტყვიან: "თუკი ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არსებობენ, აბა, ჩვენ ქების მეტს რას ვიმსახურებთ"! ასე იმართლებენ თავს ისინი. თავის გასამართლებელს ეშმაკი ყოველთვის მოძებნის.