image

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, თული იმ ადამიანს, რომელიც თავის უწესო გამოხდომას ამართლებს, უხსნი, რომ ეს თავისმართლებაა; ის კი გიმტკიცებს, რომ ეს თავისმართლება არ არის და ამასთან თავისმართლებას განაგრძობს; განა მას გმოსწორების შანსი აქვს?!
მას რა გამოასწორებს?! ესმის, რომ შეცდომა დაუშვა, იმიტომ, რომ იტანჯება. მაგრამ ეგოიზმის გამო ამის აღიარება არ სურს. ეს ძალიან საშიშია!
მაგრამ ამავე დროს ის ამბობს: "შენ მე დახმარებაზე უარს მეუბნები, მე დახმარებას გთხოვ და შენ ისიც კი არ გსურს, რომ შენთან სასაუბროდ მოვიდე. შენ მძულვარებით მექცევი".
მერე რა?! ასეთი მდგომარეობის სათავეც ეგოიზმია. სწორედ ამით ის თითქოს გეუბნება: "ეს მე კი არა, შენ ხარ დამნაშავე, რომ მე ასე ცუდად მაქვს საქმე"! დიახ, დიახ, ასეთი ადამიანი აქამდე დადის. თავი დაანებე: მისთვის დროს ნუ გაფლანგავ, იმიტომ, რომ მაინც ვერ უშველი, ასეთ ადამიანზე პასუხისმგებლობას მისი მოძღვარიც კი ვერ აიღებს. ხოლო თუ მონასტერში ცხოვრობს, ვერც - იღუმენი ან იღუმენია. ეს ადამიანური კი არა, - სატანური ეგოიზმია. ადამიანური ეგოიზმით ის იტანჯება, ვინც იქამდე ვერ დამდაბლდა, რომ თქვას: "შემინდე"! მაგრამ თავის მართლებას არ მოჰყვება. მაგრამ ის, ვინც სცოდავს და თავს იმართლებს, თავის გულს ეშმაკის ნავსაყუდელად აქცევს. თუკი ასეთი ადამიანი საკუთარ "მეს" არ შემუსრავს, მაშინ უფრო და უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს და მას საკუთარი ეგოიზმი შემუსრავს. თუკი ადამიანი ვერ ხედავს, თუ რა დიდი ბოროტებაა თავისმართლება, ეს მის მდგომარეობას ამსუბუქებს, მაგრამ თუ მან ამის შესახებ შეიტყო, ან თვითონ ან - სხვების ნათქვამით, შემამსუბუქებელი მდგომარეობა მას აღარ ექნება. როდესაც იმ ადამიანის დახმარება გსურს, რომელსაც თავისმართლება ჩვეულებად აქვს ქცეული, დიდი ყურადღებაა საჭირო. იმიტომ, რომ თუ ის თავს იმართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მრავლადაა ეგოიზმი, ამიტომ ზოგჯერ ასეთი რამ ხდება: შენ ეუბნები, რომ იგი არასწორად მოიქცა, ის კი თავს იმართლებს და თავის "უმწიკვლობას" იცავს. ამტკიცებს, რომ პირიქით - სწორედ შენ ცდები. სიცრუეზე სიცრუეს ამატებს და თავისმართლებაზე - თავისმართლებას; ამ შემთხვევაში კი სწორედ შენ, ვინც მას არასწორ საქციელზე მიანიშნებდი, ხდები იმის მიზეზი, რომ ეს ადამიანი უფრო მეტ ეგოისტად და მატყუარად წარმოჩინდება, ვიდრე - მანამდე. როდესაც დაინახავ, რომ იგი თავისმართლებას განაგრძობს, მისთვის ყოველგვარი განმარტების მიცემა შეწყვიტე, მაგრამ ილოცე, რომ ღმერთმა განანათლოს იგი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები