image

თემა: საკუთარი თავის მართლება,  საკუთარი თავის გამტყუნება

წმიდაო მამაო, გუშინ ამბობდით, სხვა რამ არის მოთმენა და სხვა - მოთმინება. რას გულისხმობდით?
მოთმენა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც საკითხს მოთმინებით უდგები. როდესაც ვამტკიცებ, რომ ვიღაცას ვუთმენ, ამით ვამბობ: "მას ძალიან ციდად აქვს საქმეები, მე კი - კარგად და ამიტომ მისდამი დამთმობი ვარ". ნამდვილი მოთმინება კი ისაა, რომ მოყვასის მძიმე მდგომარეობა საკუთარ ბრალეულობას გაგრძნობინებდეს და თანაუგრძნობდე მას. მოყვასისადმი ასეთ დამოკიდებულებაში მეტი სიმდაბლე და სიყვარულია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებ ღვთის მადლს - შეწევნას ღვთისას. მაგალითად, ვხედავ ვინმე კოჭლს, ყრუს, ან ნარკომანს, ასეთ დროს უნდა ვფიქრობდე: "მე რომ სულიერად წარმატებული ადამიანი ვიყო, ღმერთს შევევედრებოდი და ის ამ საბრალოს განკურნავდა". განა ქრისტემ არ თქვა: - სასწაულმოქმედების ძალას მივანიჭებ "და რმელსა მე ვიქ, მანცა ქმნეს და უფროისა ამისსა ქმნეს". სწორედ ამგვარი განსჯა წარმოშობს მოყვასისადმი ტკივილსა და სიყვარულს. მაგრამ თუ ვიტყვი: "არის კოჭლი და იყოს, მე რას ვუშველი, ცოტა ხნით გვერდით მივუჯდები და კეთილი საქმისთვის ჯილდოსაც მივიღებ". ამით თითქოსდა "ვიწყნარებ" მოყვასს, "მოთმინებით" ვიღებ მას და თავს ვიმართლებ, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულე.
წმიდაო მამაო, განა ყოველთვის გამართლებულია, რომ სხვისი ცოდვის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ვიღებთ?
თუკი ამის გაკეთება მართლაც შეგიძლია, ეს მცირე სიკეთს როდი მოგიტანს. ყველაფრისათვის საკუთარ თავს აყვედრე, მოყვასის ცოდვის ტვირთი საკუთარ მხრებზე აიღე და ევედრე ქრისტეს, რომ მისი ტვირთვის ძალა მოგანიჭოს. ხოლო როდესაც შენს ნამდვილ ბრალზე აღმატებულ ტვირთს იტვირთავ (სინამდვილეში დამნაშავე რომც არ იყო, მაგრამ შეძლებ და საკუთარ თავს დაუმტკიცებ, რომ დამნაშავე ხარ), მაშინ სხვისი ცოდვების ტვირთის ზიდვას საკუთრ დამსახურებად აღარ ჩათვლი, ანუ - ამპარტავნებაში არ ჩავარდები და საღვთო მადლის მოხვეჭას შეძლებ. ამასთან, ისიც აუცილებელია, რომ სიფრთხილით მოზომო საკუთარი ძალები და ზუსტად გათვალო: შეძლებ კი დიდი ტვირთის ზიდვას?! მეტისმეტი თუ მოგივიდა, ამით ხომ თიაქარს აიკიდებ და წელში გაწყდები?
რას ნიშნავს "თიაქარს აიკიდებ" და "წელში გაწყდები"?
მაგალითად, თუკი შენ ძალებზე აღმატებულ სიმძიმეს იტვირთავ და მასთან - ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შემდეგ ამისთვის შესაძლოა, დრტვინვა დაიწყო, განრისხდე, განიკითხო...
მაგრამ თუკი ახსნა-განმარტებას მოვყვები, განა ეს თავის მართლება არ იქნება?
შეეცადე, რომ თავი მაშინ და ისეთ შემთხვევებში იმართლო, როდესაც ძალა არ გყოფნის, მაგრამ იქ, სადაც ძალა გეყოფა, ახსნა-განმარტებას ნუღარ დაიწყებ. მაგალთად: როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ამა თუ იმ სულიერი ტვირთის საზიდად ძალა არ შესწევს, ეს უნდა გააცნობიეროს და თავი დევგმირად აღარ წარმოიდგინოს. მან უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი და უსამართლო განსჯას იმდენად დაუთმოს, რამდენადაც - საკუთარი სულიერი მდგომარეობის მიხედვით - მისთვის შესაძლებელი იქნება. რათა სასოწარკვეთილებამ არ შეიპყროს. ამით ხომ ეშმაკი სარგებლობს და ადამიანს სულიერად აძაბუნებს.
წმიდაო მამაო, ზოგჯერ არამარტო უსამართლო ბრალდებას ვერ ვტვირთულობ, არამედ საკუთარი დაცემის გამო პასუხისმგებლობასაც სხვას ვაკისრებ ხოლმე.
თქვენ მხოლოდ სხვისი მცირედი ტვირთის სიყვარულით ტვირთვაზე კი არ ამბობთ უარს, არამედ იმას ცდილობთ, რომ საკუთარი მძიმე ცოდვებიც სხვის მხრებს აჰკიდოთ, თუნდაც ის სხვა ჯანმრთელი არც იყოს. თქვენთვის დიდი სულიერი სიმხნის მოხვეჭაა საჭიროიმისათვის, რომ საკუთარ ცოდვებზე მთელი პასუხისმგებლობა თქვენს თავზე იტვირთოთ. რაც უფრო გაზრდი საკუთარ ტვირთს სხვათა ცოდვების აღებით, სახიერი ღმერთი მით უფრო შეგიმსუბუქებს მის ზიდვას. და მაშინ შენში საღმრთო სიხარულის განცდა დაიდებს ბინას.
    
    თუ რომელიმე ძალოსანი ფიზიკურად სუსტი მოყვასის სიყვარულით, მის მაგიერ აიკიდებს ორ ტომარა ცემენტს, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, როგორც ის, რომ სხვისი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო და ისე "გაითავისო", რომ შესაძლოა, ყველა შენს ცოდვებად მიიჩნევდეს მათ. ეს უმეტესი სათნოება და უმეტესი სიმდაბლეა.
    
    ერთხელ ისე მოხდა, რომ ათონის ერთ-ერთი თანაცხოვრებულთა მონასტრის მორჩილი მეტიპიკონეს, რომელიც ამავდროულად მღვდელ-მონაზონი იყო, უხეშად დაელაპარაკა. მეტიპიკონეს, რომელსაც მორჩილის დახმარება სურდა, მივიდა მასთან, როდესაც ის ღვთისმსახურებაზე წიგნს კითხულობდა, რათა ეჩვენებინა, თუ რომელი კონდაკი იკითხებოდა პირველად. მაგრამ მორჩილმა მთლად დაკარგა წონასწორობა და მსახურების შემდეგ თავის სენაკში ჩაიკეტა. მეტიპიკონემ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა და ძალიან წუხდა იმის გამო, რომ მორჩილი მის გამოამგვარ მრისხანებაში ჩავარდა და უხეშად შეეპასუხა მას. რადგანაც საკუთარი დანაშაულის შეგრძნება ნამდვილად სტანჯავდა, თავი აღარ უმართლებია იმით, რომ როგორც მეტიპიკონე, მოვალე იყო, მორჩილისათვის შეეხსენებინა წასაკითხი კონდაკი, რამდენადაც ტაძარში ღვთისმსახურების სწორად აღსრულებაზე თვითონ აგებდა პასუს. ამის მაგიერ თავისთვის თქვა: "ჩემი ბრალია, რომ ძმა ასე აღშფოთდა". და აი, ის მორჩილთან სენაკში მივიდა, რომ მის წინაშე მეტანია შეესრულებინა და შენდობა ეთხოვა, მაგრამ მას სენაკის კარი შიგნიდან ჰქონდა დაკეთილი და კარს არ უღებდა. მაშინ მეტიპიკონე მის კართან იატაკზე დაჯდა და ასე იჯდა მთელ ღამეს - დღის სამ საათამდე. როდესაც საღამოს მსახურებისთვის ზარი დარეკეს, მორჩილი იძულებული გახდა, კარი გაეღო და გამოსულიყო. მეტიპიკონე მუხლებზე დაემხო, დიდი მეტანია აღასრულა და უთხრა: "შემინდე ძმაო, დამნაშავე ვარ". აი, ასეთ დროს მოდის ღვთის მადლი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები