ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
აწ უკუე რაიმე ვყო მე ცოდვილმან ამან, რომელსა არა მაქუს გლოვაი, არცა ტირილი, არამედ სხუათა ვასწავებ და ვუქებ და მე არა ვჰყოფ. ვაი მე, ვითარღა უდებ ვყავ და შეურაცხ სულისა ჩემისა ცხორებაი! ვაი მე, რამეთუ მეცნიერებით ვცოდავ, რამეთუ იწყი მე შეტყუებაი ბრალთაი და არა დავსცხრები მათგან საქმესა. ვაი მე, რამეთუ არა მაქუს მე შენდობაი, რამეთუ სიტყვით საგონებელ ვარ მე მარჯვენითთა მათ თანად და მე საქმით მარცხენითთა მათ თანად ვარ. აღგიარებ ცოდვათა ჩემთა, უფალო, მოწყალეო და ძუირუხსენებელო, დაღაცათუ დავდუმნე, შენ თვით უწყნივე საიდუმლონი ჩემნი და არარაი არს დაფარულ შენ წინაშე, არამედ რამეთუ სთქუ წინაისწარმეტყველისა შენისა მიერ, ვითარმედ: აღიარენ ბრალნი შენნი და განჰმართლდე. და აწ მე ვიტყვი: შეგცოდე, უფალო, და არა ვარ ღირს აღხილვად ზეცად მრავალთა ცოდვათა ჩემთათვის. რამეთუ მცირისა გემოისათვის დავივიწყე ცეცხლი იგი ჯოჯოხეთისაი. არა მოსწრაფე ვიქმენ მოგებად სასუფეველისა შენისა. და რაიმე ვყო მე ყოველთა კაცთა უსაწყალოესმან, გარნა თუ ვსტიროდი თავსა ჩემსა, ვიდრე ჟამი არს-ღა შეწირვად ტირილისა და ცრემლთა. მომცენ მე, უფალო, ცრემლნი მხურვალენი, რამეთუ შენ მხოლოი ხარ მომცემელი და მწყალობელი და შენდა მოვივლტი, რაითა განსწმიდო მწინკულევანებაი სულისა ჩემისაი