
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ
როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას: "რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არანაყოფიერ იქმნიან" (ლკ. 8, 14). ასეთ ადამიანებს, როცა ლოცვის, ეკლესიაში წასვლის, ზიარების, აღსარების ჟამი დგება, ამისათვს დრო აღარ რჩებათ. ისინი სრულებით ჩაფლულნი არიან საქმეში; როგორც კი ერთ საქმეს თავს ანებებენ, მაშინვე მეორეს იწყებენ, მაგრამ რაიმე სულის მარგებელის წასაკითხად დრო არ რჩებათ. ისინი იმ თოკს ჰგვანან, რომელიც ათასობით კვანძით არის შეკრული, რომელიც ვერასდროს გაიხსნება. და ამგვარად, ეშმაკს ტყვედ ჰყავს ისინი, რომლებსაც შესაძლოა სურთ კიდეც მისგან თავის დახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ გზას, რითაც ამას შეძლებენ, ეშმაკი კი სულ უფრო და უფრო დაბლა, მიწასთან დრეკს მათ, მათთვის სხვადასხვა საქმეებს და საზრუნავებს ეძიებს, რათა დრო აღარ ჰქონდეთ არა მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად, არამედ მასზე საფიქრელადაც კი. ამგვარად, ყოველღიური საქმეები და საზრუნავები ხდება ბადე, რომლებიც იჭერენ ადამიანებს, ქედს ადრეკინებენ მათ და გონების დაბნელებამდე მიჰყავთ ისე, რომ მათში კეთილი ზნეობის კვალიც კი აღარ რჩება.
|