
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სახარების კითხვა
სწავლა ლბ. თავი ია. წმიდათა წერილთა კითხვისათვის.
საყვარელნო, იტყვის უფალი, ვითარმედ, ყოველი მწიგნობარი, რომელსა უსწავლიეს სასუფეველისათვის ცათასა, მსგავს არს კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თვისისა ძველი და ახალი. რამეთუ, მწიგნობარი არს, რომელი შრომითა და გულს-მოდგინებითა კითხვასა ყოფს საღმრთოთა წერილთასა. რამეთუ ესე საუნჯესა დაიდებს მცნებათა ძველისა ჰსჯულისა და ახლისა აღთქმისასა და მას ჟამსა შინა მოიღებს მისგან მოძღვრებასა. და რაოდენნი არა დაიმარხვენ სწავლასა წმიდასა წერილთასა, ესენი არა არიან სახლისა უფალნი: არცა თვით-მქონებელნი, არცა სხვათა მიმცემელნი, არამედ უგულებელ ჰყოფს თავსა თვისსა უმეცრებით და სიყმილით განხრწმის სულსა. რამეთუ, ვითარცა ქვეყანასა უწვიმარსა, თუ ვინმე მრავალნი თესლნი დასთესნეს აღორძინებად ვერ უძლებს, ეგრეთვე სულსა, უკეთუ არა პირველ მოირწყოს წერილთაგან, არა ძალუძს ნაყოფსა კეთილის ყოფად. რამეთუ დიდი ბოროტი არს, რომელნი არა ისმენენ წერილისასა და, ვითარცა პირუტყვნი, ვლენან. და დიდი კეთილი არს წერილის კითხვა და სმენა, რამეთუ მისგან აღმოეცენებიან ყოველნი კეთილნი სწავლანი და წმიდათა მობაძაობა და ისწავების ზეცისა მოქალაქობა. ხოლო რომელნი არა ისმენენ წერილთა, მათგან იშობებიან მრავალნი ძვირნი და არიან უდებსა ცხოვრებასა შინა, და სულითა ბრმანი, ვითარცა ნათლისაგან მოკლებულნი, სწორად ვერ ვლენან და ეშმაკი ფრიად უბრკმობს. ამისთვის გვასწავებს მოციქული, ვითარმედ: "ეკრძალენით საკითხავსა და მოძღვრებასა ნიგეშინის-ცემითა", ესე იგი არს, ვითარმედ არა მომედგრდეთ, არამედ იკითხვიდეთ წიგნთა გულის-ხმის-ყოფით და სხვათაცა ასწავებდეთ, რათა მრჩობლი სასყიდელი მოიღოთ ღვთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ