წმ. ბასილი დიდი

როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა; სიმდაბლის გზა

როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა; სიმდაბლის გზა ამგვარია: მარადის მას უნდა ვეძიებდეთ და იმ საქმეებს უნდა აღვასრულებდეთ, რომელთაც სიმდაბლე მოაქვთ; არც ერთი უბრალო (მდაბალი, უნდო) საქმე არ უნდა მივიჩნით საზიანოდ, რამეთუ სული თავისსავე საქმეებს ემსგავსება: რასაც აკთებს, ის აღიბეჭდება მასზე. დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და საკვებიც, და სარეცელიც, და სახლიც, და ჭურჭელიც იყოს უბრალო, თავმდაბლური და მათში ზედმეტი არაფერი იპოვებოდეს; და სიტყვაც, და საგალობელიც, და მოყვასისადმი მიმართებაც, დაე, იყოს უფრო მეტად მოკრძალებული, ვიდრე ქედმაღლური; დაე, უცხო იყოს შენთვის სოფისტურად შელამაზებული მეტყველება, ზედმეტად ტკბილხმოვანი გალობა, ამაყი და გაბედული საუბარი, არამედ მოიკვეთე ყველანაირი მედიდურობა; მეგობართან კეთილი იყავი, მსახურთან მშვიდი, თავხედებთან ძვირუხსენებელი, მდაბლებთან კაცთმოყვარე; ანუგეშე ბედკრულები, მოინახულე ავადმყოფები; ნურცერთ ადამიანს ნუ შეიძულებ, სიხარულით მიესალმე ყველას, გაცისკროვნებული სახით უპასუხე; იყავი ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, გულისხმიერი ნუ შეიქებ საკუთარ თავს და სხვასაც ნუ გახდი იძულებულს, შენზე ილაპარაკოს; ნუ შეიწყნარებ ურიგო სიტყვას; რამდენადაც შესაძლებელია, დაფარე შენი უპირატესობა; როცა შესცოდავ, ყოველთვის შეასმინე საკუთარი თავი და ნუ ელოდები, როდის გამხილებენ სხვები, რათა მიემსგავსო მართალს, რომელიც “თავისა თვისისა შემასმენელ იქმნის პირველსავე სიტყუასა.
 
თემატური კითხვები
6