
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: დათმობა, სიყვარული მოყვასისადმი
483. ერთ-ერთმა ბერმა, რომელიც სხვის სენაკში ცხოვრობდა, იქვე ახლოს თავისთვის სენაკი აიშენა. ერთხელ მასთან მივიდა ძმა, რომელსაც სენაკი სჭირდებოდა და მანაც მას თავისი აშენებული სენაკი დაუთმო, ხოლო იმ ძმამ ხელწერილით დადასტურება ითხოვა. ბერი თანახმა იყო, თუ ბერები ნებას დართავდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ ის კვირაში ერთხელ იმ სენაკთან მივიდოდა და თავის ორ ჭურჭელს წყლით შეავსებდა. მათ ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხეს.
ეს მონაზვნური საქმე არაა, იმიტომ რომ, თუ თქვენ ერთმანეთისაგან წერილობით აქტებს ითხოვთ, მაშინ დავაც მოგიწევთ, ეს კი სიყვარულს არ ახასიათებს. ამიტომ, სჯობს ძმამ სენაკში ყოველგვარი ხელწერილის გარეშე იცხოვროს, და თუ მისი მფლობელი რაღაც დროით სენაკიდან მის გამოყვანას მოისურვებს, მაშინ ის სიმდაბლით უნდა გამოვიდეს, და არამც და არამც არ შეეპასუხოს. ხოლო, თუ სენაკის მფლობელი მოისურვებს, რომ თავის ორი ჭურჭელი ძმის სენაკთან წყლით შეავსოს, ხოლო სენაკში მცხოვრები ძმა არ დათანხმდება, მაშინ არც ის უნდა დამწუხრდეს, არამედ სიმდაბლით უნდა მოუხაროს ქედი და უთხრას: „ძმაო! თუ შეურაცხგყავი, ღვთის გულისათვის შემინდე, და ილოცე ჩემთვის“ და განეშოროს. და ამის შემდეგაც საკუთარ თავს დაუკვირდეს, რომ რისხვამ არ აღაშფოთოს. და მისი სიმდაბლისათვის ღმერთი მასაც და მის ძმასაც ეშმაკისეული მტრობისაგან დაიფარავს ისე, რომ ძმას გული მოულბება, დაედევნება მას, ქედს მოუხრის, დაბრუნებას და ჭურჭლის ავსებას სთხოვს და თვითონაც ხელს შეაშველებს. მაშინ ღვთის სიყვარული ერთსაც და მეორესაც მოეფინება და კაცთმოყვარე ღმერთი იხსნის მათ.