image

თემა: განკითხვა,  ნაყროვანება მუცელღორობა,  საზრდელის მიღება

543. ძმებმა, რომელთაც თავშეკავება სურდათ, ჰკითხეს აბბას, დართავდა თუ არა ის მათ ტრაპეზიდან ძმებზე ადრე ადგომის ნებას, ვინაიდან, დარჩენის შემთხვევაში, ძალები არ ჰყოფნიდათ სტომაქის დასამარცხებლად. როდესაც აბბამ მათ ნება დართო, ზოგიერთებმა ვერ გააცნობიერეს აქედან გამომდინარე სარგებელი და დაბრკოლდნენ, რის გამოც განიკითხეს ისინი და იმავე ბერს შეკითხვა გაუგზავნეს ამის თაობაზე.
ისინი საკუთარი სულების მიმართ ყურადღებით არიან და ამას თავშეკავებაში მოღვაწეობისთვის აკეთებენ, რათა ტრაპეზზე დარჩენის შემთხვევაში, სტომაქმა არ სძლიოს მათ. თქვენ კი უქმად ხართ, იმიტომ რომ მამათა სიტყვები არ შეისმინეთ, რომლებიც შეგვაგონებენ: „ნუ იტყვი: რისთვისაა ეს? არამედ საკუთარ თავს დაუკვირდი“. ისინი წინასწარმეტყველის სიტყვის აღსასრულებლად, გვირჩევენ არავინ განვიკითხოთ: „რაითა არა იტყოდეს პირი ჩემი საქმესა კაცთასა“ (ფსალ. 16, 4). თქვენ კი ისე დაგემართათ, როგორც სახარებაშია ნათქვამი: „ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი“ (მათე 12, 35). რატომ კარგი არ იფიქრეთ ძმებზე და არ შეაგონეთ საკუთარ თავს: „ჩვენ დაუდევრები ვართ, ძმები კი თავს იკავებენ“, მსგავსად იმისა, როგორც ძმები, რომლებიც ადრე დგებიან ტრაპეზიდან, თქვენზე კარგს ფიქრობენ, და ამბობენ: „ვაი ჩვენ! ჩვენ უძლურების გამო ვდგებით, ხოლო ძმები კი ჩვენზე მეტს ჭამენ, მაგრამ ეს მათ არ აზიანებს, რამეთუ ყველაფერს განსჯით აკეთებენ“. ასეთნაირად ისინი იმ მუქარას გაურბიან, უფლის ნათქვამში რომაა ჩადებული: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ (მათე 7, 1), თქვენ კი თანამდებნი ხართ ამ მუქარისა; ვინაიდან ძმებს, რომლებიც თქვენზე მაღლა დგანან, განიკითხავთ და ამით მოციქულის სიტყვას არღვევთ: „მჭამელი იგი არამჭამელსა ნუ შეურაცხჰ-ყოფნ (რომ. 14, 3). რადგან ძმებზე მეტს ჭამთ, ამიტომ პირველ რიგში იმიტომ უნდა დამწუხრებულიყავით, რომ სტომაქი გამარცხებთ. საჭმლის მიღებისათვის კი ღმერთს უნდა მომადლიერებოდით და ის, ასეთი მადლიერებისათვის, სტომაქთან ბრძოლისა და ძმათა განკითხვისაგან დაგიხსნიდათ. თუ გსურთ, მაშინ დაე თქვენთვის ცნობილი იყოს, რომ საქმეები მსჯელობას და განხილვას მოითხოვენ, რათა, მოციქულის სიტყვის თანახმად, კეთილი ბოროტისაგან განვასხვავოთ, რომელიც ამბობს: „ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ“ (1 თეს. 5, 20). მსჯელობა კი, ყოველგვარი შეპასუხების გარეშე, აბბას საქმეა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები