ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიმდიდრე
სწავლა პგ. თავი კჱ. კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა.
საყვარელნო! ნუმცა ნუმცა უკვე ვიქმთ უღირს საქმეთა ჩვენისა ამის სახელისათა, რომელთა ესე ქრისტესად გვეწოდების, რამეთუ პავლე ესრეთ გვიწოდა, ვითარმედ: "თქვენ ქრისტესნი ხართ".გულის-ხმა-ვჰყოთ, საყვარელნო, სახელისა ამის სიმაღლე, რამეთუ, უკეთუ ვისმე მეფისად ანუ ერის თავისად ეწოდებოდეს, დიდად აქვს პატივად, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოსისა, არცა მღავარ-ანგელოსისა ანუ ხერუვიმისა, არამედ თავადისა, ყოველთა მეუფისა ღვთისა, არა დავსდვათ სული ჩვენი სიკვდილად, რათა არა შეურაცხად გამოსჩნდეს ჩვენი ესე სახელი?! არა ჰხედავთა მხედართა მათ გარემოს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქვს? ხოლო ჩვენ ღირს ქმნულ ვართ მახლობელ ღვთისა ყოფად, არა ვითარცა იგინი მეფისა, არამედ ვითარცა გვამი მახლობელ არს თავისა, და არა ყოვლით კერძო ჯერ არსა მოსწრაფება, რათა მსგავს ქრისტესსა ვიქმნნეთ? ხოლო უკეთუ ქრისტეს ბაძუაი გვნებავს, ისმინეთ რასა იტყვის იგი, ვითარმედ: "მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს". რამეთუ ჯერ იყო ჩვენდაცა ესრეთ ყოფაი. არამედ რათა ესე დავუტეოთ თქვენისა უძლურებისათვის, და ვითხოვო თქვენგან მსუბუქი საქმე, რათა არა ესრეთ ფრიად მოყვარე იყვნეთ საფასეთა მაგათ, და, ვითარცა უძლურებისა თქვენისათვის, სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქვენგან, ეგრეთვე თქვენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა, და ნუ მონა მონაგებთა თქვენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იყვენით. რამეთუ სახმარ ამისთვის ეწოდების საფასეთა, რათა ვიხმარებდეთ და არა ვმარხვიდეთ. რამეთუ დამარხვა მნისა (მოხელე მონის საქმე) არს, ხოლო ხმარება უფლისა. არა თუ ამისთვის მოგვეცნეს საფასენი, რათა დავფლათ ქვეყანასა შინა, არამედ, რათა განუყოთ, რომელთა უხმდეს. და უკეთუმცა უნდა ღმერთსა დაფლვაი ოქროსა, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქვეყანისათა, ხოლო მოგვცა იგი, რათა ურთიერთარს მივსცემდეთ. უკეთუ კულა ვმარხვიდეთ ოქროსა, არღარა უფალ მისა ვართ, არამედ მონა. და უკეთუ ამისთვის ვჰმარხავ, რათა განმრავლდეს, იხილე, რამეთუ რამეთუ ვაჭარნიცა განაბნევენ ოქროსა, რათა უმეტესი შემოიკრიბონ, და ნავად შევლენ და შორთა ქვეყანათა წარვლენ, რათა განაბნიონ ოქრო მათი და უმეტესი შეიძინონ. და მუშაკნიცა განაბნევენ იფქლსა (ხორბალსა) მიწასა შინა, რათა მრავლად მოიღონ, და შვრებიან მას ზედა მრავალ-ჟამ. ხოლო შენდა, ძმაო, არცა ნავი სახმარ არს, რათა უცხოთა ქვეყანათა წარხვიდე, არცა შეუღლება ხართა, მოხვნად ქვეყანისა, არცა ზრუნვად წვიმისათვის, ანუ შიში სეტყვისა, გინა აღძვრისა ზღვისა, ანუ შიში კლდეთაგან ზღვისათა, არამედ მას ვაჭრობასა და მუშაკობასა ერთი უხმს, რათა განაბნიო საფასე შენი ხელთა შინა გლახაკთასა და სხვა ყოველივე მან მუშაკმან ჰქმნას, რომლისათვის იტყვის ქრისტე, ვითარმედ: "მამა ჩემი მუშაკი არს". ვითარ უკვე არა ბოროტ არს, უკეთუ, სადა ესრეთ უშრომელად მოგვეცემის ყოველივე ამას ზედა უდებ ვიყვნეთ, და სადა იგი ფრიადი არს შრომა და ზრუნვაი, და უცნაურ არს, თუ ჰქმნას ანუ არა და მუნ ყოველსა მოსწრაფებასა ვაჩვენებთ? ნუ, გევედრები, საყვარელნო, ნუ ვართ ესრეთ უდებ ჩვენისა ცხოვნებისათვის. არამედ სადა ესე შრომა არა ფრიად არს და სარგებელი მრავალ, მას ვეძიებდეთ, რათა საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი