image

თემა: სიმდიდრე,  ფსალმუნები

923. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა. რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაყვეს დიდება მისი მისთანა“ (ფსალმ. 48.17,18)?
„ნუ გეშინინ“ გვეუბნება წინასწარმეტყველი, „რაჟამს განმდიდრდეს კაცი“. ამის ქადაგებაც აუცილებელია მათთვის, ვინც სამყაროში ცხოვრობს – მიწისაგან შობილებისა და ძეთა კაცთათვის, მდიდართა და გლახაკთათვის. „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი“. გვეუბნება: როცა დაინახავ, რომ უსამართლო მდიდარი გახდა, ხოლო მართალი – ღატაკი, შენთვის ნუ შეგეშინდება და ნუ შეგაცბუნებს ფიქრი იმის თაობაზე, რომ ღვთის განგება, რომელიც ადამიანთა საქმეებს ზედამხედველობს, ან საერთოდ არ არსებობს, ან კიდევ არსებობს, მაგრამ დედამიწაზე ვერ აღწევს, რათა ჩვენს საქმეებსაც შეეხოს. განგებას რომ თითოეულისათვის მისი თვისებებისდა მიხედვით მიეზღო, მაშინ მდიდარნი მართალნი იქნებოდნენ, ხოლო უკეთურები – ღატაკები. ამგვარად, რამდენადაც წარმართებსა და მიწისაგან ნაშობთა შორის ასე მრავალი ფიქრობს და ხედავს რა არათანაბრად განაწილებულ სიკეთეს, ასკვნის, რომ განგებამ სამყარო მიატოვა. ფსალმუნი მათ მიმართავს და უმეცრებით გამოწვეული ფიქრების მღელვარებას უცხრობს, ისევე როგორც დასაწყისშიც იხმო ისინი შეგონებათა მოსასმენად. ისიც შესაძლებელია, რომ წინასწარმეტყველი საკუთრივ გლახაკს მიმართავდეს, როცა ამბობს: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი“, რადგანაც ღარიბებს განსაკუთრებით სჭირდებათ ნუგეშისცემა, რათა მძლავრების არ შეეშინდეთ. სიკვდილის ჟამს მდიდარი სიმდიდრით ვეღარ ისარგებლებს, რადგან მისი თან წაღება არ შეუძლია; სიმდიდრით ტკბობისაგან მან მხოლოდ ის მოგება ნახა, რომ ამ ცხოვრებაში მის სულს მლიქვნელები ეალერსებოდნენ. „რამეთუ არა სიკუდილსა მისა წარიღოს“ ამბობს, „ყოველი“ ეს სიმდიდრე, არამედ ძლივს წარიტანს თან სამოსს სირცხვილის დასაფარად და სუდარას დასამარხად. ამიტომაც აწმყოს შემხედვარე სულმოკლე ნუ იქნები, არამედ იმ ნეტარსა და დაუსრულებელ ცხოვრებას ელოდე და მაშინ დაინახავ, რომ სიღატაკე, უსახელობა და სიამოვნებათა მოკლება მართლისათვის სიკეთედ იქცევა. ნუ აღუდგები, როცა შეამჩნევ, რომ მოჩვენებითი სიკეთენი ახლა თითქოსდა უსამართლოდ ნაწილდება, რადგან მოისმენ, როგორ ეტყვიან მდიდარს: „მიიღე შენი კეთილი ცხოვრებასა შინა“, ხოლო გლახაკს – რომ მან თავის სიცოცხლეში ბოროტი მიიღო. ამიტომაც ერთი სამართლიანად იქნება ნუგეშცემული, ხოლო მეორე კი დაიტანჯება (ლუკ. 16, 25).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები