ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: ფსალმუნები
285. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა“ (ფსალმ. 44. 8)?
მური რომ საფლავის სიმბოლოა, ამას ჩვენ იოანე მახარებელი გვასწავლის, როცა ამბობს, რომ იოსებ არიმათიელმა დასაფლავებისას მური და ალოე გამოიყენა (იოან. 19.39). შტახსი კი მურის სახეა. სურნელოვანი ნივთიერების გამოწურვისას გამოოფილი სითხე შტახსია, ხოლო დარჩენილ სქელ მასას მური ეწოდება. ამიტომაც კეთილსურნელობა ქრისტესი მისი ტანჯვის მიზეზით იფრქვევა, ვითარცა მური და ვითარცა შტახსი, რადგანაც იგი სამი დღისა და ღამის განმავლობაში უძრავად და უმოქმედოდ კი არ დარჩენილა, არამედ ჯოჯოხეთში შთახდა აღდგომის განგებულებისათვის, რათა ყოველივე, რაც საჭირო იყო, აღესრულებინა. სურნელებას აფრქვევს კასიაც, რადგანაც კასია ფრიად თხელი და სურნელოვანი ქერქია, რომლითაც ხის ტანია დაფარული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ კასიას მოხსენიებით ფსალმუნმა ღრმააზროვნად და ბრძნულად მიგვითითა ჯვარზე ტანჯვაზე, რომელიც მან თავსიდო ყოველი ქმნილების სასიკეთოდ. ამიტომაც ხედავ მურს, რადგანაც იგი დაასაფლავეს, შტახსი, რადგანაც იგი ჯოჯოხეთში შთახდა (რამდენადაც ყოველი წვეთი ქვემოთ მიექანება) და კასიას, იმ განგებულების გამო, რომელიც მან ჯვარზე ხორცით აღასრულა.