ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიმდიდრე
სწავლა პდ. კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა.
ისმინეთ, საყვარელნო, მაცხოვრისა, ვითარმედ: "არავის ძალუძს მსახურებად ღვთისა და მამონასა, არამედ ერთისა უხმს შეყვარებაი და მეორისა მოძულება". და რომელნიცა მძლე ექმნნენ ვეცხლის-მოყვარებასა, მათცა შეიყვარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ არს, ხოლო რომელნი იძლივნეს მის მიერ, იგინიცა დაეცნეს. და რამეთუ ვეცხლის-მოყვარებისა მიერ ძლეული ადრე იძლევის ყოველთაგან ვნებათა, განმარისხებელთა ღვთისათა, ვინათგან მონა არს ყოვლისა ბოროტის-მოყვარისა, არამედ განიფრთხვეთ და აღსდეგით და გულის-ხმა-ჰყავთ, თუ ვისი სახელი წოდებულ არს ჩვენ ზედა და ვისი ვართ მონა? და მისი ოდენ მეუფება ვადიდოთ. ვსტიროდეთ და ვიგლოვდეთ პირველთა მათ ჟამთა, რომელთა შინა ვჰმონეთ მამონასა, განვაგდოთ ჩვენგან მძიმე იგი უღელი მისი და ვიტვირთოთ ტკბილი იგი და მსუბუქი უღელი ქრისტესი. რამეთუ ქრისტე არა რას გვიბრძანებს ესე ვითარსა, ვითარ იგი მამონა. რამეთუ იგი გვეტყვის, რათა ყოველთა მტერ ვიყვნეთ, ხოლო ქრისტე უფროსად გვამცნებს სიყვარულსა. იგი (ვეცხლის-მოყვარება) თიხასა შინა და მწვირესა დაგვფლავს, რამეთუ ოქრო და ვეცსლი თიხა არს და მწვირე, - ხოლო ქრისტე აღგვამაღლებს ნივთთაგან ქვეყანისათა და გვიბრძანებს ზრუნვად საუნჯისა მისთვის ზეცისათა. იგი აქაცა შრომით და ურვით წარაგებს ცხოვრებასა ჩვენსა და მუნ თანამდებ გვყოფს ცეცხლისა მის უშრეტისა, ხოლო ქრისტე სასმელისათვისცა ერთისა გრილისა წყლისა მიგვცემს სასყიდელსა მოუკლებელად და უფროსად მრავლად წილად. ვითარ უკვე არა სირცვილ არს ესე ვითარისა სახიერისა და ტკბილისა უფლისა წილ ესრეთ უკეთურისა მძლავრისა მონება? რომელი იგი არსა აქა რას მოგვცემს სარგებელსა, არცა მუნ, არამედ უმეტესად ტანჯვასა და ჭირსა ორკერძოვე მორჩილთა მისთა. რამეთუ უმეტესნი ჯოჯოხეთსა მიმავალნი ამის მიერ მივლენ, რამეთუ ოქრო შეიყვარეს და გლახაკი არა შეიწყნარეს. რომელი იგი რათა ჩვენ ზედაცა არა მოიწიოს, განვაბნიოთ, ძმანო, საფასე და მივსცეთ გლახაკთა და განვათავისუფლნეთ სულნი ჩვენნი აქაცა ზრუნვათაგან და მუნ სატანჯველთაგან და დავიუნჯნეთ ზეცისა კეთილთა სიმრავლე - ოქროისა წილ ბრწყინვალენი გვირგვინნი, საფასეთა წილ - საუნჯენი ცათა შინა მოუკლებელნი, რათა წარმოსდგენ მოწყალებანი ჩვენნი წინაშე საყდრისა, და მოწყალე ჰყონ ჩვენ ზედა მსაჯული, და ხელი აღგვიპყრან და აღვფრინდეთ ფრთითა უბრწყინვალეს ოქროსათა, და ესრეთ სავანეთა მათ სასუფეველისათა განვისვენოთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,ამი