თემა: ვნებები,  სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები


ძალმოსილება გველებზე.

ერთხელ ღირს მამა იოანიკე დიდს (მოღვაწეობდა მე-8 მე-9 საუკუნეებში, ხსენება 4. XII) დედათა მონასტერთან მოუხდა გავლა, სადაც შემდეგი სურათის შემსწრე გახდა: თვალცრემლიანი დედა თავის გოგონას სთხოვდა, არ დაეტოვებინა მონასტერი; გოგონას კი სამონაზვნო კაბის ნაცვლად საპატარძლო კაბის ჩაცმა მოეწადინებინა, რადგან ხორციელი ვნება ვერ დაეთრგუნა და ერში დაბრუნებასა და გათხოვებას აპირებდა.
    იოანიკეს შეებრალა ეშმაკის საცდურს დამორჩილებული გოგონა, თავისთან უხმო და უთხრა: -შვილო ჩემო, დამადე ხელები კისერზე! როდესაც გოგონამ მორჩილად აასრულა მისი მოთხოვნა, იოანიკემ შესთხოვა უფალს, გაენთავისუფლებინა გოგონა ეშმაკეული ცდუნებისაგან და მიწიერი ვნებებისაგან, ხოლო ეს ვნებები და ტანჯვა კი მასზე გადასულიყო. მართლაც, გოგონა მყისიერად გათავისუფლდა უჯერო გრძნობებისაგან, მონასტერში დარჩა და ღვთივსათნოდ გააგრძელა ცხოვრება. იოანიკე კი თვისი გზით წავიდა, მაგრამ მთელ სხეულზე გამთანგველი ვნებები მოედო, რაკიღა ის არაწმინდა ფიქრები და სხეულის სატანჯველი დაეუფლა, რომლებიც მანამდე გოგონას აწუხებდა. იოანიკე მამაცურად უმკლავდებოდა განსაცდელს და სულსა და სხეულს წვრთნიდა ამ ბრძოლაში.
    ერთხელ, მთის დიდ ნაპრალში უზარმაზარ გველს გადააწყდა და ვნებებთან ჭიდილით დაღლილმა გადაწყვიტა თავი შეეჭემევინებინა მისთვის, რადგან უჯობდა მომკვდარიყო, ვიდრე გზა მიეცა არაწმინდა ზრახვებისათვის და წაებილწა თავი. იგი ჯიქურ ეკვეთა გველს, მის კერძად გახდომის მოწადინე, მაგრამ გველი არც კი განძრეულა: ის მკვდარი აღმოჩნდა. ხოლო იმ წუთიდან იოანიკეს ჩამოსცილდნენ არაწმინდა ზრახვანი, ვნება ჩაუქრა და მის სხეულში სიმშვიდემ დაისადგურა. ამავე დროს მას მიეცა ხილულ და უხილავ გველებზე მბრმანებლობისა და მათი თავების გაჭეჭყვის ძალმოსილება. ერთხელ იოაკინე იდგა და დავითის ფსალმუნებს გალობდა. მის შორიახლოს უეცრად ქვების გროვა შეინძრა და წმიდანმა იქიდან გამომზირალი ორი ცეცხლოვანი თვალი დაინახა. იგი მხოლოდ შეეხო თავისი კვერთხით გველს და ისიც უმალ მოკვდა.
    ერთ ზამთარს, უკაცრიელ ადგილებში მსვლელობისას ღრმა გამოქვაბულს გადააწყდა და რადგან საკუთარი სენაკი არ გააჩნდა, გადაწყვიტა იქ გაეტარებინა ზამთარი. მამა იოანიკე შევიდა გამოქვაბულში და რაღაც მანათობელი შენიშნა. ეს ნათება ნაკვერჩხლის მინავლებულ ცეცხლად ჩათვალა და ფიჩხის შეგროვება დაიწყო, რომ გამთბარიყო ზამთრის ცივ ღამეში. მაგრამ, რ ოდესაც ნათების ადგილზე ხმელი ტოტი დააგდო, უეცრად "ნაკვერჩხალი" ამოძრავდა და ტოტი ძირს გადმოაგდო.
    იოაკინემ დაინახა, რომ ეს იყო უზარმაზარი გველი, რომელსაც თვალები ანთებული ნაკვერჩხლებივით უბრწყინავდა. მაგრამ ღირსი მამა, რომელსაც უხილავ გველებზე ჰქონდა მეუფება, ხილულსაც არ შეუშინდა. მან გამოქვაბულის მეორე, მარჯვენა ნახევარი დაიკავა და მთელი ზამთარი ამ საზარელი არსების მეზობლობაში გაატარა
image
 
თემატური კითხვები