სხვა მოძღვარი - სული გარდაცვალების შემდეგ
 

თემა: სული გარდაცვალების შემდეგ

„ვისაც მე ვიცავდი, ის ახლა დემონების დასაცინი გახდა“.

ერთხელ კონსტანტინეპოლის ქუჩაში მიმავალმა ნეტარმა ანდრია სალოსმა დაინახა, რომ მიცვალებულს მიასვენებდნენ. როგორც ჩანს, ის ერთობ მდიდარი იყო. კუბოს უამრავი ხალხი მიჰყვებოდა სანთლებითა და სასანთლეებით ხელში. ეკლესიის მსახურთა კრებული სამგლოვიარო საგალობლებს ასრულებდა; ისმოდა ახლობელთა გოდება.
    წმიდანმა თავისი ნათელი თვალით იხილა, თუ რა ხდებოდა; მრავალი ეთიოპიელი, სანთლებით წინ მიმავალი, ხმამაღლა გაჰყვიროდა:
    -ვაი მას, ვაი მას! - ხელში საბერველი ეჭირათ და ხალხს თავზე ფერფლს აყრიდნენ. კუბოს უკან მიმავალი ეშმაკები ურიცხვ ცოდვილთა მსგავსად ცეკვავდნენ და იცინოდნენ. ზოგი ძაღლივით ყეფდა, სხვები ღორებივით ღრუტუნებდნენ, რადგან მიცვალებული მათ სიხარულსა და მხიარულებას ჰგვრიდა. ერთნი უწმინდურებით წუწავდნენ, სხვანი კი კუბოს ირგვლივ ჰაერში დაფრინავდნენ. ცოდვილის გვამიდან საშინელი სიმყრალე ვრცელდებოდა. უკან მიმავალ ეშმაკებს საშინელი ხმაური აეტეხათ და მომღერლებს ლანძღავდნენ:
    -უბედურო ქრისტიანნო, ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე თქვენგანმა იხილოს ნათელი, რადგან თქვენ ძაღლს უგალობთ, ნათელში განუსვენე სულსა მისსაო, ღმრთის მონას უწოდებთ მას, ვისაც მრავალი დანაშაული ჩაუდენია.
    დაკრძალვის შემდეგ წმიდანმა დაინახა ცხარე ცრემლებით მტირალი ანგელოზი ლამაზი ლამაზი ყმაწვილის სახით. როცა ის წმინდა ანდრიას მიუახლოვდა, ნეტარმა, რომელმაც ეს ყრმა გარდაცვლილის ახლობლად ჩათვალა, ჰკითხა:
    -ღვთის გულისათვის, მითხარი შენი გოდების მიზეზი, არასოდეს მინახავს მიცვალებულის ასე მწარედ დატირება.
    ყრმამ უპასუხა:
    -მე გარდაცვლილის მფარველი ანგელოზი ვიყავი. ის ეშმაკმა თავისთან წაიყვანა და სწორედ ეს არის ჩემი ტირილისა და მწუხარების მიზეზი.
    ნეტარმა სთხოვა:
    -გამანდე, რა ცოდვები ჰქონდა, რომ ეშმაკის კერძი გადხა.
    ანგელოზმა უპასუხა:
    -ღვთის რჩეულო ანდრია, რადგან გსურს, ყოველივეს გიამბობ, არაფერს დავფარავ, რადგან ვხედავ სიკეთეს შენი სულისა, წმინდა ოქროსავით ბრწყინვალეს. შენ რომ დაგინახე, თავივინუგეშე და დარდი ოდნავ განვიქარვე.
    ეს კაცი მეფესთან დიდ პატივში იყო, მაგრამ ცოდვილი და შეუბრალებელი გახლდათ. ავხორცი, ალიაქოთის ამტეხი, მექრთამე და უპირო, პირმოთნე ლაქუცა, ანგარებიანი, ცრუ კაცთმოძულე, გულღრძო და უმოწყალო იყო. თავის საბრალო მსახურებს შიმშილითა და ცემით ხდიდა სულს, ზამთარში შიშვლებს ტოვებდა და ბევრსაც წამებით მოუღო ბოლო. მაგრამ მიეზღო სამაგიერო: მოუნანიებლად მოკვდა და ამიტომაც მის სულს ეშმაკები დაეპატრონნენ. ხოლო მის ბილწ სხეულს როგორ ლანძღავდნენ და შეურაცხჰყოფდნენ, შენ თავადაც ნახე. აი, ამიტომ ვწუხვარ, წმიდანო, დიდი დარდით შეპყრობილი, რომ ვისაც მე ვიცავდი, ის ახლა დემონების დასაცინი გახდა.
    ამ დროს ქუჩაში გამვლელნი ხედავდნენ მხოლოდ წმიდა ანდრიას და არა ანგელოზს. ამიტომ ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
    -შეხედე ამ სალოსს, როგორ მასხრობს და უაზროდ ელაპარაკება კედლებს! - თან ხელს ჰკრავდნენ და აქეთ-იქით აგდებდნენ.
    -რა გჭირს, სულელო, არა ღირს ხარ, ესაუბრო ადამიანებს და კედლებს ელაპარაკები!
    წმიდანი კი უხმოდ მიდიოდა მოფარებული ადგილისკენ და მიცვალებულის გახსენებაზე მწარედ ტიროდა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები