სხვა მოძღვარი - ნიჭი
 

თემა: ნიჭი,  ტალანტი

წმიდა ეფრემის იგავი ღვთის ხანგრძლივი მოთმინების შესახებ.

ერთმა მდიდარმა ადამიანმა მდინარის მეორე ნაპირზე ფართო მინდორი იყიდა, თავის მონებს უხმო და უთხრა:
    -თითოეულ თქვენგანს მიწის თანაბარ ფართობს გაძლევთ; წადით და დაამუშავეთ ის, გარკვეული დროის შემდეგ კი მოგინახულებთ და თქვენს ნაშრომს ვნახავ.
    გულმოდგინე მონები ბატონის ბრძანების მოსმენისთანავე მდინარის გადაღმა გაეშურნენ და საქმეს შეუდგნენ; ნაწილი კი, ურჩნი, გულსასტიკნი, სხვადასხვა მიზეზს ეძიებდნენ, რატომ არ შეეძლოთ იქ წასვლა, ბოლოს კი საერთოდ უარი თქვეს.
    ბატონმა, იმის ნაცვლად, რომ ისინი დაესაჯა, ნადიმი მოუწყო, დათრობამდე ასვა; შემდეგ ბრძანა, ამ უგუნო მდგომარეობაში მყოფნი მდინარეზე გადაეყვანათ და თითოეული იმ ადგილას დაეტოვებინათ, რომელიც მას უნდა დაემუშავებინა. ძილიდან გამოფხიზლებული ზოგიერთი მათგანი ბატონის დიდსულოვნებამ და მოთმინებამ გააოცა და მას შემდეგ ყოველნაირად ცდილობდნენ, თავიანთი საქციელი გამოესწორებინათ; მეორეთ კი, მათ მიმართ გამოჩენილი ნაძალადევი საქციელით განაწყენებულთ, პირიქით, არაფრის გაკეთება არ სურდათ და მხოლოდ ეძინათ, რის გამოც მათ მიწაზე ეკალ-ბარდი და ჭინჭარი გაიზარდა.
    გარკვეული დროის შემდეგ მათთან ბატონი მივიდა, მორჩილ მონათა გულმოდგინება იხილა და დალოცა ისინი. შემდგომ ნახა მათი ნაშრომიც, ვინც მდინარეზე საკუთარი ნების წინააღმდეგ გადაიყვანეს, შემდეგ კი საქმეს შეუდგნენ და ისინიც დალოცა. ბოლოს ზარმაცი და შეუნანიებელი მონების რიგიც დადგა. ბატონმა დაინახა, რომ მათ ღრმად ეძინათ, მინდორზე კი ეკალბარდი და ჭინჭარი ამოსულიყო და მრისხანედ დაუყვირა:
    -მზაკვარო მონებო! რატომ დატოვეთ ცარიელი ვენახის ნაწილი, რომელიც საშრომად დაგიდგინეთ? იქნებ არ გახსოვთ, რომ მოგიტევეთ თქვენი ურჩობა, დაგაურწყეთ, მდინარეზე მძინარენი გადაგიყვანეთ და აქ დაგტოვეთ? ჩემი ქველმოქმედებისთვის თქვენც თანამშრომლებს არ უნდა გასტოლებოდით?
    ბოროტი მონები თრთოდნენ და აღარ იცოდნენ, რა პასუხი გაეცათ.
    ბოლოს ბატონმა, როგორც მართლმსაჯულმა, თითოეულს თავის საქმეთა შესაბამისად მიაგო: გულმოდგინე მონები დააჯილდოვა, ზარმაცები კი მოაკვდინა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები