თემა: სიკვდილი, სიკვდილის მოლოდინი
თუ ჩვენ სიკვდილისათვის მზად ვიქნებით, მაგრამ სიკვდილი არ მოვა, არაფერს დავკარგავთ, მაგრამ თუ მოუმზადებლებს მოგვისწრო მან, მაშინ ეს თავისთავად ტკბილი და მშვიდობიანი დაბადება ზეცისთვის გადაიქცევა სულისა და სხეულის მძიმე და მტკივნეულ გაყრად. რა ემართებათ იმ დაუდევარ მეომრებს, რომლებიც ომის დროს, ბრძოლის ველზე გართობას, ლოთობას და ღრმა ძილს მიეცემიან? უეცრად საშინელი ყვირილით დაესხმით თავს მტერი და უიარაღოები, შიშისაგან არეულები სრულიად იბნევიან, აღარ იციან რა იღონონ, რა გზას დაადგნენ: იარაღს ეძებენ და ვერ პოულობენ, შველად ითხოვენ და მათი არავის ესმის, გაქცევასა და მიმალვას ცდილობენ, მაგრამ ყოველ მხრიდან გარშემორტყმული მტერი ხელთ იგდებს მათ. ასევე შეშფოთდება სული, როდესაც მოულოდნელად დაუდგება უზრუნველსა და მძინარს აღსასრული! ლოცვის იარაღის მოძებნა უკვე გვიანია, დაბნეულობითა და საშინელებით მოცულს საკუთარ გრძნობებში გარკვევა არ შეუძლია; დაგვიანებულია დამხმარეთა ძებნა, ისინი როგორც დაღუპულს, ურჩსა და შეუნანებელს განეშორენ მას; აღარ არსებობს ადგილი, სადაც დაიმალება, იმიტომ, რომ სინანულისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და ღვთის გულმოწყალების კარი დაიხშო მისთვის.