როგორ დარწმუნდა წმინდა ეფრემ ასური ღვთის განგების არსებობაში

როგორ დარწმუნდა წმინდა ეფრემ ასური ღვთის განგების არსებობაში

წმინდა ეფრემ ასურს სიჭაბუკეში მძიმე ხასიათი ჰქონდა - ძალიან ფიცხი და მოუთმენელი იყო, არ გააჩნდა მტკიცე შეხედულებები და, რაც მთავარია, არ სწამდა ღვთის განგების არსებობა.
    აი, როგორ მოგვითხრობს ამის შესახებ თავად წმინდა ეფრემ ასური:
    „სიჭაბუკეში ღვთის განგების არსებობაში ეჭვი შემქონდა. ერთხელ ქალაქგარეთ გავემგზავრე; შემაგვიანდა და ღამე ტყეში მეცხვარეებთან დავრჩი. ღამით ფარას თავს მგლები დაესხნენ და ცხვრები დაგლიჯეს. როცა მეცხვარემ ფარის მეპატრონეს ამის შესახებ უამბო, მათ მეცხვარეს არ დაუჯერეს, ცხვრების გატაცება მე დამაბრალეს და მოსამართლეს მიმგვარეს. ჩემთან ერთად იქ კიდევ ერთი ჭაბუკი მიიყვანეს, რომელსაც რაღაც დანაშაულში ედებოდა ბრალი. მოსამართლემ საქმის გარჩევა გადადო და ორივე საპყრობილეში ჩაგვსვა, სადაც კიდევ ერთი ჭაბუკი დაგვხვდა. საკანში ვაჟებს გავესაუბრე და შევიტყვე, რომ ისინიც ჩემსავით უდანაშაულოდ იყვნენ დაპატიმრებულნი. მათთან საუბრის შედეგად ჩემი ეჭვები უფრო გაღრმავდა. ერთი კვირა დავყავი საკანში და სულ ღვთის განგებაზე ვფიქრობდი. კვირის ბოლოს მესიზმრა ადამიანი, რომელმაც მითხრა:
    -განა კარგი იყო შენი ცხოვრება? გაიაზრე, რაზე ფიქრობდი, რას აკეთებდი და მიხვდები, რომ შენც და შენთან მყოფი ჭაბუკებიც სამართლიანად ისჯებით.
    გაღვიძებულმა დავიწყე ფიქრი, მეხსიერებაში აღვადგინე ჩემი განვლილი ცხოვრება და მომაგონდა, რომ ერთხელ, დიდი ხნის წინ, იმავე სოფელში ბოროტი განზრახვით ერთი გლეხის ძროხა ბოსლიდან გამოვდევნე და იგი მგლებმა დაგლიჯეს.
    ყოველივე ამის შესახებ ვაჟებს ვუამბე და ვურჩიე, მათაც გაეხსენებინათ, ხომ არაფერი ჩაუდენიათ ისეთი, რომლის გამოც ახლა ისჯებიან. მცირე ხნის შემდეგ ერთ-ერთმა მიამბო, რომ ერთხელ დაინახა, როგორ იხრჩობოდა მდინარეში ვიღაც და მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელში მყოფის გადარჩენა შეეძლო, არაფერი გაუკეთებია. მეორეს კი მოაგონდა, რომ ერთხელ მან ავაზაკებთან ერთად შეკრა პირი, რომლებსაც ერთი ქვრივი დედაკაცისათვის მამამისის მემკვიდრეობის წართმევა ჰქონდათ განზრახული.
    ჩემმა მაგალითმაც და ჭაბუკების მონათხრობმაც დამარწმუნა, რომ უფალმა ყოველივე უწყის, ყველაზე ზრუნავს და სამართლიანად გვსჯის. ამ ამბის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა.
 
0