სხვა მოძღვარი - ღვთის მსჯავრი - სასჯელი
 

თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი,  სასწაულები,  ერესი,  ქრისტიანობა,  მართლმადიდებლობა

წმიდა ექვთიმე და იუდეველები.

ექვთიმე ათონელს, სახარების ქართულად სულიწმიდის მადლით მთარგმნელს ჰყავდა მეგობარი, თესალონიკელი კათალიკოსი, რომელსაც ერთი სჯულისმეცნიერი იუდეველის მოქცევა ეწადა და თანადგომისათვის მიმართა ექვთიმეს. როდესაც საღვთისმეტყველო არგუმენტების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, ებრაელმა დაიწყო ქრისტიანობის გმობა, უდიერი სიტყვების გაგონებით შეძრწუნებულმა ექვთიმემ შერისხა ებრაელი:
    -დაიყავნ პირი შენი, ბილწო ჰურიაო!
    და იმ წუთასვე დამუნჯდა იუდეველი. მისი თვისტომნი, რომელნიც თან ახლდნენ სჯულისმეცნიერს, ფეხებში ჩაუვარდნენ ბერს, რათა მიეტევებინა მისთვის. ექვთიმემ უპასუხა:
    -რომელი იგი ჰგმო, მისგან შეინდოს და სარწმუნოებად მოვიდეს, მე შემინდია.
    კათალიკოსიც შეეხვეწა მგმობელის შენდობასა და მისთვის ლოცვას. მართლაც, როგორც კი წმიდა ბერმა ილოცა და ჯვარი გადასწერა, მყისვე აეხსნა ბაგეები ჰურიას და ენა ამოიდგა. იგი ფეხებში ჩაუვარდა ექვთიმეს, ქრისტიანად მოინათლა და შემდგომში ღრმად მორწმუნე კაცად იქცა.
    მაგრამ იყო სხვა შემთხვევაც: სჯულის მეცნიერი და სწავლული კიდევ ერთი ებრაელი, სიტყვაში შეება მამა ექვთიმეს. თავიდან ბერი მშვიდად უხსნიდა და განუმარტავდა სარწმუნოებრივ საკითხებს, მაგრამ როდესაც ამ მზაკვარმა იხილა საკუთარი ძლევა, ღვთის გმობას მოჰყვა. გაუჭირდა ამ სიტყვების მოსმენა ბერს და უთხრა, რომ როდესაც მას სარწმუნოებაში გარკვევა სურდა, განსწავლიდნენ და მიუთითებდნენ, მაგრამ რადგან იუდეველი უფლის გმობას ბედავდა, დაე, დადუმებულიყო ენა მისი მგმობარი.
    იუდეველი იმავე წუთში დამუნჯდა და შეუნანებელმა მეორე დღეს სული განუტევა.
image image
 
თემატური კითხვები
აქტუალური თემები