წმინდა ეპიფანე და გუნათლელი დედოფალი

წმინდა ეპიფანე და გუნათლელი დედოფალი

ერთხელ, მკის დროს ნეტარი ეპიფანე მივიდა გუნათლელ დიდებულ აბულასადთან და ხანძთის წილი სამკალი სთხოვა. დიდებულმა უთხრა, რამდენის მომკასაც შეძლებენ შენი ძმები ერთ დღეში, იმდენი წაიღეთო. ასევე დაუბარა თავის ცოლსაც, თვითონ კი გუნათლედან სხვა მხარეს გაემგზავრა.
    ნეტარმა ეპიფანემ შეკრიბა ძმები, მივიდნენ გუნათლეში და შეუდგნენ დიდი გულმოდგინებით მკას. უკეთურმა ადამიანებმა კი დრო იხელთეს და დედოფალს უთხრეს, საღამომდე მთელ ხორბალს მომკიანო. ქალმა დაუჯერა, გაუგზავნა კაცი და უბრძანა, მუშაობა შეეჩერებინათ, მაგრამ ძმებმა კვლავ განაგრძეს მკა. ამ დროს ნეტარი ეპიფანე მოშორებით იყო. განრისხებულმა დედოფალმა სხვები გაგზავნა. მათ ბერები ძალით გამოაძევეს ყანიდან. მაშინ მამა ეპიფანე ძმების საქციელმა აღაშფოთა იმის გამო, რომ მათ არ უსმინეს პირველად მოვლენილ კაცს, რადგან თავად წმინდანი ჭეშმარიტად ქრისტეს მონა იყო და არ სურდა შფოთის ხილვა. წმინდა მამამ წარმოთქვა:
    -უფალო, მოჰკითხე შენს მხევალს ჩვენი შეურაცხყოფა და იზრუნე მასზე - მოუვლინე მცირე განსაცდელი, რათა ისწავლოს გლახაკთა შეწყნარება.
    ამ სიტყვებზე უკეთურმა სულმა ქალი დასცა, რადგან საკუთარი კადნიერების გამო სულიწმიდა განშორებოდა მას. ყოველივე მაშინვე აცნობეს ღირს მამას, რომელიც ძმებთან ერთად მივიდა ქალთან და მისთვის ლოცვა დაიწყო. ფრიად საბრალო იყო დედოფალი და სწრაფად განიკურნა, რადგან მასთან კვლავ დაემკვიდრა სულიწმიდა საუკუნო მცველად და მას შემდეგ აღარ ვნებულა. ამის შემდეგ დედოფალი სრულიად შეიცვალა, პატიება სთხოვა ნეტარ ეპიფანეს და მის ძმებს და დიდი სიხარულითა და სიკეთით განუტევა ისინი მონასტერში.
 
თემატური კითხვები
3