ავტორი:
დავით ეპისკოპოსი
თემა:
აღზრდა
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხერხებული შემთხვევები ოჯახში უფრო მეტია, ვიდრე სკოლაში. სასწავლებელთა მიზანთა შორის ტყუილად აძლევენ პირველ ადგილს სარწმუნოებრივ-ზნეობითს აღზრდას. რისთვის უნდა აჩეჩონ სასწავლებელს უპირველეს მიზნად ის, რასაც იგი ვერ შეასრულებს? ბავშვები სკოლაში ბევრი-ბევრი ოთხ-ხუთ საათს რჩებიან და თითქმის მთელი ეს დრო სასწავლო საგნების შეთვისებაზე მიდის. შემდეგ მათ სასწავლებელში რელიგიურ-ზნეობრივი წვრთნისათვის მარჯვე შემთხვევანი იშვიათად ეძლევათ. კეთილ-ნაყოფიერი მოქმედებისათვის ყმაწვილების ბუნებაზე კეთილ ცხოვრების ცოცხალ მაგალითების დასახვისათვის მათ თვალწინ, მათ გადაჩვევისათვის ცუდ მიდრეკილებათაგან და კეთილ თვისებათა თანშეზრდისათვის საჭიროა მარჯვე შემთხვევანი, ასეთი თუ ისეთი მოვლენანი ზნეობრივ ცხოვრებაში, ერთმანეთთან დამოკიდებულებათა შორის. ხოლო სასწავლებელში ამისთანა სახელდახელო მომენტების ლოდინი დიდხან მოგვინდება, საგანგებოდ კი მათი შექმნა შეუძლებელია. ამის გარდა, რომ კაცმა მართლაც და ნამდვილი აღმზრდელობითი ზეგავლენა იქონიონ ყმაწვილებზე, ამისთვის მოითხოვება, რომ მან კარგად იცოდეს მათი ბუნება, მათნი მიდრეკილებანი და ამათდაგვარად იხმაროს ასეთი თუ ისეთი საშუალებანი და თვითეულ ბავშვს შესაფერისად მოექცეს; ხოლო ყველა ბავშვის ხასიათის შესწავლა მასწავლებლისათვის, რომელსაც ხშირად ორმოცდაათამდე მოსწავლე ჰყავს, შეუძლებელი საქმეა, რასაკვირველია, თუ ზნეობრივი აღზრდა განათლების კითხვით მოხერხდება, მაშინ შეიძლება სკოლას დავავალოთ ზნეობრივი აღზრდა, მაგრამ ცარიელი სიტყვით დარიგება არ ნიშნავს აღზრდას. ამგვარად, ბავშვების აღზრდა სასწავლებელში შესვლის შემდეგაც უმთავრესად ოჯახს ევალება და ამან უნდა განაგრძოს ზრუნვა-მეცადინეობა მათ დაცვაზე ზნეობრივი სიწამხდრისაგან და მათი სულიერი გაუმჯობესებისათვის.
|