ავტორი:

თემა: უფალი იესო ქრისტე

მარადიული ღირებულებები არ ძველდება

ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, ბერ-მონაზვნებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულსა და ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს საქართველოში და სამშობლოს ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეთ:
    "მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა, ამინ" (გამც. 22,21).
    გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, რომელიც ბრძანებს:
    "ჩემსკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა ღმერთი ჩემსა გარეშე" (ეს. 45,22).
    შორეულ წარსულში, ბეთლემის ღამის სიმყუდროვეში, დედამიწაზე პირველად გაისმა სიტყვები ანგელოზთა გალობისა: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ.2,14).
    მართალია, ამ იდუმალი ღამის შემდეგ ორიათასზე მეტმა წელმა განვლო, მაგრამ კვლავაც მთრთოლვარე გრძნობით ვხვდებით ჩვენი რწმენის, იმედისა და სიყვარულის განახლების ამ საოცარ ზეიმს.
    აი, ამ დღეს აღსრულდა ცოდვით დამძიმებული ადამის მოდგმის ხანგრძლივი მოლოდინი, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3,16); აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა – იესო ქრისტე, რათა შეგვეცნო ჭეშმარიტება; მაგრამ ყველას როდი ძალუძს, ეზიაროს მის სიმართლესა და ნათელს.
    ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა.
    იგი, თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, უპირველეს ყოვლისა, უპირისპირდება საკუთარ თავს. როგორც თავისუფალი ნებით დაჯილდოვებული პიროვნება ეძებს თავისუფლებას, მაგრამ ცოდვით დაცემული ბუნების გამო ადვილად ვარდება მონობაში.
    ცალკე აღებული ადამიანი – ბატონ-განმგებელი და ადამიანი – მონა-მსახური, ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ. ბატონისათვის მთავარი საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვაა. იგი ამას მსახურ მონათა საშუალებით ახორციელებს და მათი მორჩილებით ბატონობს.
    მონისთვის კი დამახასიათებელია საკუთარი ცნობიერებისა და სურვილების უარყოფა და მხოლოდ იმისი ნების აღიარება, ვინც მას განაგებს. მონის სამყარო არის თავისი თავისაგან გაუცხოებული ადამიანის ყოფა.
    მონობაც და ბატონობაც ვლინდება ყველაგან და ყველაფერში: აზროვნებაში, მორალში, ხელოვნებაში, ოჯახში, სულიერ ცხოვრებაში, პოლიტიკაში... ხშირად ისეც ხდება, რომ ერთიდაიგივე ადამიანი მონაც არის და ბატონიც.
    საოცარია, მონის მდგომარეობიდან ბატონის ცხოვრების წესში გადასვლა არ ნიშნავს თავისუფლების მოპოვებას, რადგან ბატონობაც სინამდვილეში მონობის სახესხვაობა და ძალადობის გამოვლენაა; ძალადობა კი იძულებას, - დამონებულსა და დამმონებელს გულისხმობს. იმპერატორი, დიქტატორი, ტირანი... მონაა ბატონობის მოთხოვნილებისა და, გარკვეულწილად, იმ ხალხისა, რომლის გარეშეც ის თავის მბრძანებლობას ვერ განახორციელებს.
    ქუჩის მასების წინამძღოლიც ისეთივე მონაა, როგორც თვით მასა. მასის გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია. მასები ქმნიან იმ პირამიდას, რომლის სათავეშიც ზის მათი რჩეული; მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მასებივე ანგრევენ ამ პირამიდას და ამხობენ ბელადს.
    ასე იქმნება ჩაკეტილი წრე ბატონსა და მონას, ხელისუფალსა და მასას შორის.
    გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს მონა საზოგადოებრივი აზრისა, სტიქიისა, წეს-ჩვეულებისა, თავსმოხვეული სოციალური ყოფისა, ფულისა.
    მონურ ყოფაში მცხოვრები საზოგადოება ორიენტირს კარგავს და ხშირად ძალადობას მიიჩნევს ძალად, რაც დიდი შეცდომაა.
    ძალადობა, როგორც აღვნიშნეთ, გაბატონებული ადამიანის მანკიერი თვისებაა, ძალა კი სიდიადეა ღვთისა და გულისხმობს სიყვარულით, დარწმუნებით და შინაგანი ერთობით ამა თუ იმ პიროვნებაზე გავლენის მოხდენას.
    მაცხოვარი საოცარი ძალის მატარებელია, მაგრამ იგი თავის დამოკიდებულებას არავის ახვევს თავს და ყველას აძლევს არჩევანის სრულ უფლებას. ამაშია მისი ღვთაებრივი თავისუფლება. შესანიშნავად წერს ნეტარი ავგუსტინე: "შენი თავისუფალი ნების გარეშე უფლის სიმართლე არ განცხადდება შენში. მან, ვინც შეგქმნა, თავისუფლებაც მოგანიჭა და ამიტომაც გადაგარჩენს მხოლოდ შენი თანხმობით" (ქადაგება ჩIX, 13).
    იესო ქრისტე – ძე ღვთისა და ძე კაცისა დგას ზეციერი და მიწიერი ცხოვრების ცენტრში, რათა დააკავშიროს ცა და ქვეყანა, მარადიული ნეტარება და მიწიერი რეალობა; მხოლოდ მას ხელეწიფება, ძალა მიანიჭოს ადამიანებს მონობის მოჯადოებული წრიდან თავის დასაღწევად და თავისუფლებასთან საზიარებლად.
    თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი.
    თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისაგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. ამგვარი კათარზისი სრულიად უცხო და, შეიძლება ითქვას, მიუღებელია მათთვის, რომელთა ყოფასაც მხოლოდ მატერიალური და ბიოლოგიური მოთხოვნილებები განაპირობებს. ამიტომაც ისინი ამქვეყნადვე სულიერი სიკვდილისათვის არიან განწირულნი.
    ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
    არ შეიძლება, არ ითქვას ისეთი მძიმე ცოდვის შესახებ, როგორიც ნარკომანიაა. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისაგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს; მაგრამ ეს ილუზიაა; ნარკოტიკები ცხოვრებას არ ცვლის, მისი ზემოქმედება გაივლის, პრობლემები კი ისევ რჩება და რაც მთავარია, რჩება ამ ცოდვით დანგრეული, მიუსაფარი სული.
    ზოგი იმდენად ეჩვევა ამ საშინელ სენს, რომ, სურვილის მიუხედავადაც, შემდეგში ვეღარ ანებებს მას თავს და საშინლად იტანჯება.
    მხოლოდ ღმერთს შეუძლია ზოგად-ყოფითი და ჩვენი პირადი პრობლემების მოგვარება და დახმარება, თუ, რა თქმა უნდა, გავხდებით ღირსნი მისი მოწყალებისა.
    სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.
    ნარკოტიკების მიღება ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მძიმე ცოდვაა მათი გავრცელება. ამის ჩამდენი, ფაქტობრივად, ადამიანთა მასობრივი სულიერი და ფიზიკური მკვლელობის თანამონაწილეა და ამიტომაც ღვთისგან სასტიკად დაისჯება. მეტად შემაშფოთებელია, რომ საქართველო ორგანიზებული ნარკობიზნესის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს. მე თხოვნით მივმართავ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, ახალგაზრდებს, მთელ ერს, რათა მათ ყველაფერი იღონონ მდგომარეობის რადიკალური გამოსწორებისათვის.
    დღეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ღირებულებათა გაუფასურებაც. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არწმუნებენ, თითქოს სამშობლოს სიყვარული, უფროსისადმი პატივისცემა, პატიოსნად ცხოვრება (ენისა და სარწმუნოების დაცვა) და სხვა, ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციები, მოძველდა; არადა, როგორ შეიძლება მოძველდეს ის, რაც მარადიულ ღირებულებებს წარმოადგენს.
    საზოგადოებრივი ცნობიერების გარყვნა ზოგიერთს "პროგრესად" მიაჩნია. “მსგავსი აზროვნება ჩვენს ისტორიაში უკვე იყო XX საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოში უცხო იდეოლოგიურმა მოძღვრებამ იწყო გავრცელება. მაშინაც მკვეთრად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, სანაცვლოდ კი ადამიანებს საყოველთაო კეთილდღეობას შეჰპირდნენ. თუ რა შედეგი მივიღეთ, ყველამ ვიცით.
    ფსევდოკულტურა, რომელიც ასე ეძალება დღეს ჩვენს ახალგაზრდობას, აშორებს მას ჭეშმარიტ კულტურასა და ხელოვნებას. დაპირისპირება ამგვარ მდარე, უგემოვნო და ნამდვილ კულტურას შორის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა ჩვენი ხალხი და რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო, აშკარაა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა პრესაც და ტელევიზიაც საეჭვო ღირებულების უცხოურ ხელოვნებას უწევს პროპაგანდას. იმედი მაქვს, ქართველი ერი, უფლის წყალობით, ნამდვილსა და ყალბს ერთმანეთისაგან ადვილად გაარჩევს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამით გადაგვარებისაგან თავის შინაგან "მესაც" დაიცავს.
    მინდა გთხოვოთ, რომ თავი შესაძლებლობისამებრ დაიცვათ განკითხვის ცოდვისგან. ეს მადლი უფრო დიდია, ვიდრე ლოცვა და მარხვა. ნუ შეგშურდებათ სხვისი, ერიდეთ განცხრომასა და გემოთმოყვარებას. დასძლიეთ ამპარტავნება და დიდებისმოყვარება. გახსოვდეთ, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისე მოექეცით მათ. ცოდვის ჩამდენი გებრალებოდეთ (რადგან იგი ამით მარადიული სატანჯველისაკენ დგამს ნაბიჯს) და თქვენი სარწმუნოება აჩვენეთ ღვთის მცნების აღსრულებით, - არ მიაგოთ ბოროტი ბოროტების წილ, არამედ ილოცეთ მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა თქვენს წინაშე და მიანდეთ იგი უფლის მართლმსაჯულებას.
    ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას, - აბორტს. ერის დიდი ტრაგედიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში, მშობლების ნებით, უმოწყალოდ მოსპობილ მუცლადღებულ ყრმათა სისხლია დაღვრილი და მისი ნაკადი კვლავაც შეუჩერებლად მოედინება. ადამიანებს გონება და გული აქვთ დახშული იმისათვის, რათა გააცნობიერონ, რას ჩადიან; ცხოველიც კი არ არის ასეთი გულგრილი თავისი ნაშიერისადმი.
    ჩვენო სულიერო შვილებო, თუ ვინმეს ეკონომიკური ან სხვა მიზეზის გამო გიწევთ უარის თქმა თქვენს სრულიად დაუცველ ყრმაზე, მამაშვილურად გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვათ აბორტზე. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ეკლესია შეძლებს მზრუნველობა გაუწიოს თქვენს პატარას, ხოლო თუ მომავალში გექნებათ სურვილი მშობლიური სიყვარულის გამოჩენისა, კვლავაც შეგეძლებათ მისი უკან დაბრუნება.
    შეგახსენებთ, რომ მრუში, ქურდი და მკვლელი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. მაგრამ იცოდეთ, შეცდომის გამოსწორება, ან თუნდაც ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა არასოდეს არ არის გვიან. ცხონების გზაზე სვლა ლოცვით, მარხვითა და სიკეთის ქმნით უნდა დაიწყოთ. სიტყვით თუ საქმით, ყველგან და ყოველთვის, შესაძლებლობისამებრ აკეთეთ სიკეთე და იგი თქვენვე დაგიბრუნდებათ.
    არ შეგეშინდეთ განსაცდელისა, მთავარია, თქვენი თავისუფალი ნება, თქვენი სუფთა გული და გონება მიანდოთ უფალს და ირწმუნოთ, რომ ღმერთი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგცემთ, რის ტარებასაც ვერ შეძლებთ. თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და სიკვდილის შიშზე გამარჯვება იქნება.
    უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ღვთისა. შიში უფლისა არის სათავე სიბრძნისა, რადგან იგი გვიცავს ცოდვათაგან. სხვა ყოველგვარი შიში პიროვნების დამთრგუნველია და ბოროტის იარაღს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ისე მათი გარკვეული ჯგუფების ყოფას და თვით პოლიტიკურ პროცესებსაც (შევნიშნავთ, რომ შიში აუცილებლად უნდა განვასხვაოთ სიფრთხილისა და კეთილგონიერებისაგან). შიში შობს სიცრუეს, ანუ იმას, რასთანაც ჭეშმარიტებას საერთო არა აქვს რა.
    ხშირად შიში სიკვდილის მიზეზიცაა. ადამიანი კლავს სხვას, რათა შეიქმნას თავისთვის ისეთი გარემო, სადაც მისი აზრით, ნაკლებად იქნება შიში, სინამდვილეში კი იგი სწორედ სიკვდილის შიშის გამო თესავს სიკვდილს ისევე, როგორც ბატონის ძალადობას ძალაუფლებისადმი მისი მონური დამოკიდებულება განაპირობებს.
    შიში და მონობა ურთიერთკავშირშია და უმძიმესი შედეგებით ვლინდება. ამიტომაც სულიერი ფერისცვალების პროცესი აუცილებლად შიშსა და მონობაზე გამარჯვებას გულისხმობს.
    ცნობილი მოძღვარი, წმინდა სერაფიმე საროველი წერს: "ამქვეყნად მყოფმა ადამიანმა რომ იცოდეს, რა ნეტარება ელოდებათ მათ, ვინც გახდება ღირსი სამოთხისა, ათას წელს ტანჯვითა და საშინელი წამებით ცხოვრებაზეც სიამოვნებით დათანხმდებოდა, ოღონდ ზიარებოდა ზეციური სასუფევლის საოცრებებს".
    ღვთის მოწყალებით, წუთისოფელში ჩვენი მყოფობის ჟამი არ არის ხანგრძლივი. მართლაც, წუთია იგი მარადიულობასთან შედარებით. მაშ, ვისაც გონიერება აქვს დაიწყოს ბრძოლა ცოდვის მონობისაგან გასათავისუფლებლად და ღვთის ჭეშმარიტი ძეობის მოსაპოვებლად, რისთვისაცაა იგი მოწოდებული.
    უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი არიან თანაზიარნი და შვილნი სასუფევლისა. მაგრამ უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი ასევე არიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა.
    დიახ, თითოეული ჩვენგანის წინაშეა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა: ან მარადიული სიცოცხლე და ნეტარება, ან მარადიული სიკვდილი და სატანჯველი! მესამე გზა, უბრალოდ, არ არსსებობს.
    ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ქრისტესთან თანაზიარებით იწყება თქვენს ცნობიერებაში მანამდე არსებული ყველა ღირებულების სრული შეცვლა; ჩნდება აბსოლუტურად სხვა გაგება სიყვარულისა, სიკეთისა და ბოროტებისა, იღვიძებს სრულიად დახურული შრეები და სიღრმეები გულისა და გონიერებისა; თანდათან ქრება შიში სიკვდილისა და შემოდის მანამდე უცნობი განცდა ჭეშმარიტი თავისუფლებისა, ნეტარებისა; სინათლითა და სიხარულით ივსება სული და ისადგურებს დიადი მშვიდობა საკუთარ თავთან, გარემოსთან და ღმერთთან შერიგებისა. მაშ, შესვით მარადიული სიხარულით სავსე ფიალა უფლისმიერი დიდი წყალობისა, რადგან "საგზალი ცოდვისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი – ცხოვრებაი საუკუნოი ქრისტე იესუის მიერ" (რომ. 6,23).
    ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულსა და ახალ წელს!
    გიყვარდეთ ერთმანეთი, რათა უფალმაც შეგიყვაროთ.
    ქრისტეშობის მადლი გეწეოდეთ! იხარეთ, ორსავ სოფელსა შინა.
    სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
    ილია II
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
    ქრისტეშობა
    თბილისი, 2001/20002 წწ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები