რატომ დაშორდა კაცი იმას, რისი მოპოვებაც დღესაც სწადია მას? ბედნიერება და სიხარული, ძმანო, ადამიანმა

რატომ დაშორდა კაცი იმას, რისი მოპოვებაც დღესაც სწადია მას? ბედნიერება და სიხარული, ძმანო, ადამიანმა იმიტომ დაკარგა, რომ ჯერ ერთი, კაცმა იგი თვითონ მოიშორა და უარყო თავისი ნებით, და მეორეც კიდევ იმიტომ, რომ ადამიანმა მიივიწყა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ მიმავალი გზები და საშუალებანი. რომელია ეს გზები და საერთოდ რაშია ჭეშმარიტი სიხარული? რომ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სიხარულზე ვლაპარაკობთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს მუდმივი, მარადიული სიხარული, ანუ ის უმაღლესი ნეტარი მდგომარეობა, რომელიც თან ახლავს თვით ჭეშმარიტებას, იმას, რაც თავისთავად არსებობს და იარსებებს დაუსრულებლივ. ღმერთი თვითონ არის ჭეშმარიტება და არსი ყოველივესი. იგი აძლევს ყოველივე არსებულს აზრსა და მიზანს. ჭეშმარიტი სიხარულიც მხოლოდ ღვთიური შეიძლება იყოს. როდის შეიძლება დაეუფლოს კაცს ეს ძვირფასი გრძნობა? ცხადია მაშინ, როცა იგი მიუახლოვდება ღმერთ - საწყისს სიკეთისას და სიხარულისას. თუ ასეა, ადამიანი ყველაზე ბედნიერი მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ახლოს იყო შემოქმედთან, როცა საჭიროების ჟამს ესაუბრებოდა კიდეც მას. მაშინ ადამიანი აღვსილი იყო ღვთიური მადლით და ეს მადლი ახარებდა და ბედნიერს ხდიდა კაცს. ქმნილება ადიდებდა შემოქმედს, ადამიანი სიყვარულით უგალობდა კაცთმოყვარე და მოწყალე მამას და ამ სიყვარულში ჰპოვებდა უმაღლეს ნეტარებას.
 
0