ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა: მხილება
"გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო:" ჩვენ გულს გაგვიგმირავს ხოლმე ცხოველი სიტყვა, ჩვენი ძმისვე სიკეთე, ჩვენი ძმისვე ჩვენთვის თავგამოდება. პირველი ქვა, რომელიც თავგამოდებულს მოხვდება ხოლმე, ქართველისაგანვე არის ხოლმე გამოტყორცნილი. წადი აქა და ძლიერი მუხლი ნუ მოგეჭრება. რათა ვართ ასე? იმიტომ, რომ ჩვეს აზრსაც, გრძნობასაც გადავჩვეულვართ, მერე ასე გადავჩვეულვართ, რომ ცოცხალი აზრი, პატიოსნური გრძნობა, უანგარო გულმხურვალება, თავგამოდებული ხალისი რომ ვნახოთ, ვერც კი ვიცნობთ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ ვიცნობთ: ავიღებთ და იმასაც ლაფში გავსვრით, - იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს, რადგანაც სინათლეს ისე გადაჩვეულა, რომ სინათლე თვალებსა სტკენს, და ამის გამო რაც ნათელია, ბრწყინვალე, იმას თვალების აფარებით აბნელებს.