ილია II - ბედნიერება
ილია II
ავტორი: ილია II

თემა: ბედნიერება

თავისი ბუნებით ადამიანი მიილტვის ბედნიერებისაკენ. ესაა როგორც მთელი საზოგადოების, ისე თითოეული ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი ყველა დროსა და ეპოქაში. თუმც საკითხავია, შეუძლია კი პიროვნებას მოიპოვოს ჭეშმარიტი სიხარული, ანდა სწორედ ესმის მას ბედნიერების არსი?
    იმედგაცრუებულს ეჩვენება, რომ ბედნიერება არ არსებობს, რომ ყოველივე ეს მოჩვენებითია; ღარიბს მატერიალურად უზრუნველყოფილი შეძლებული ცხოვრების მიღწევა მიაჩნია უმთავრეს მიზნად; ამიტომაც ყოვლის ღონით ცდილობს, დააგროვოს სიმდიდრე, არ ერიდება სულიერ ღირებულებათა დათრგუნვასა და უგულებელყოფას... მაგრამ, როცა ხანგრძლივი შრომის შემდეგ, და ხშირად ქონების არაკანონიერი მოხვეჭით, სურვილს აისრულებს, მიხვდება, რომ ბედნიერება ამაში არ ყოფილა. იქნებ იგი ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაშია? პასუხი აქაც უარყოფითია, რადგანაც ვნებებს აყოლილი კაცი სულ უფრო ცარიელდება და იფიტება შინაგანად. არც მხოლოდ ცოდნა და განათლებაა სიკეთის წყარო. "ცოდნათა განმრავლებითა განმრავლდებიან საწუხარნიცა", - ბრძანა ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ ბრძენმა სოლომონმა. ვერც მარტო მაღალი თანამდებობა და მდგომარეობა შესძენს სიხარულს კაცს.
    მაშ, სად ვეძიოთ იგი? არის კი ვინმე ბედნიერი ამ ქვეყნად?
    ბედნიერნი არიან რწმენითა და სიყვარულით გამთბარნი, ისინი, ვინც მოყვასისათვის ცხოვრობენ და მათზე ზრუნვით დაილევიან, ვინც ჭეშმარიტებისათვის ათასგვარ შეურაცხყოფასა და განსაცდელს უდრტვინველად გადაიტანენ... ბედნიერნი ხართ, თუ აღასრულებთ ვალს ღვთისა და ქვეყნის წინაშე, თუ შეუდგებით უსასრულო გზას განწმედისას და იქნებით "სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მათე V,48). აი, მაშინ მოიპოვებთ ნამდვილ სიხარულს, რომელსაც ქვეყნად ვერაფერი შეედრება და რომლის ხელყოფასაც ვერავინ შეძლებს.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები