
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[1] წერილი დედას და სხვა ნათესავებს
[1] წერილი დედას და სხვა ნათესავებს
წმიდა მთა, 1 თებერვალი, 1929 წ.
ჩემო საყვარელო დედავ, და-ძმავ, ნათესავებო და მეგობრებო: მილტიადე, ერგინა, მიხალი, მანოლი, ლეონარდო, მარუსო და ნიკოლა, ჩემს საყვარელ მამიდა ალექსანდრასა და მის შვილებთან – დიმიტრის, ასპასიას, მარიას, ტასოს, კალიოპესთან ერთად, ასევე, ნათესავებო: ანთი და დიონისე, მარია და ბ., ჩვენს შინაურ იოანეს და მარიამსა და შვილებთან ერთად.
ყოველთა გიხაროდეთ უფლის მიერ.
მე კარგად და ჯანმრთელად ვარ ჩვენი მშობლებისა და ბებია-პაპის ლოცვებით. მიხარია და ვმადლობ ღმერთს, რომ ამ დიდი და ზეციური ნიჭის ღირსი გამხადა – შემემოსა დიდი და ანგელოზებრივი სქემა და მონაზვნად ვიწოდებოდე, მე, ასეთი ძღვნის უღირსი. დიდებული იყოს მოწყალე, სულგრძელი და კეთილი ღმერთის სახელი, რომელსაც არ შევეზიზღე, არამედ შემიწყალა, როგორც უძღები შვილი და ამდენი ხალხისგან გამომარჩია და ამგვარ პართენონში მომიყვანა, ამქვეყნიურ სამოთხეში, ასეთ წმიდა ადგილებში, სადაც მკვიდრობენ მამები – წმიდანი, უბოროტონი, უვერცხლონი და ყოველივე სათნოებით შემკულნი. ერთი სიტყვით, მე ამ ყველაფრით ვტკბები.
მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სულიერისა თუ ხორციელისა, მაგრამ მცნება – ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, ჩემი ღირსი არ არისო – მაიძულებს დავივიწყო არა მარტო მშობლები, და-ძმა და ნათესავები, არამედ საკუთარი სხეულიც კი, ხოლო სულის მთელი წადილი და სიყვარული ღმერთისკენ მივმართო; მზერა მისკენ გვქონდეს მიმართული და ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ და ვიღებდეთ შესაფერის წამლებს სულის განწმედისა და სულიერი ადამიანის განვითარებისთვის.
მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ, თუ რა უბედურება ეწია ეკლესიას და ვშიშობ, ღმერთის მიტოვების ამ გამოხატულებამ თქვენამდეც არ მოაღწიოს და არ დავკარგო საყვარელი ადამიანები, შედეგად კი – ამდენი ღამისთევები წყალში ჩამეყაროს, იძულებული გავხდი მიმემართა შეღავათისთვის: გასაჭირისას დაწესებულის გვერდის ავლა დასაშვებიაო. ვუთხარი ჩემს თავს: ჯობია ერთი მცნება დავარღვიო და საყვარელი ნათესავები შევიძინო-მეთქი.
|