იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[2] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[2] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

ათონის წმიდა მთა, 1 თებერვალი, 1929 წ.


საყვარელო ქრისტესმიერო დაო და ზეციერი ღმერთის შვილო ერგინა, გიხაროდენ უფლისა მიერ. ჩვენ ჯანმრთელად ვართ და თქვენი ჯანმრთელობაც გვწადია. დღეს მივიღე შენი წერილი და გამახარა შენმა მშვენიერმა და სულიერი ცოდნით სავსე სიტყვებმა.
არ ვწუხვარ, უტკბილესი იესოს შვილო, რომ სხეულით ავად ხარ, არამედ უდიდესი სიხარულით მიხარია ის, რომ განსაცდელების უდიდესი გამოცდილება შეიძინე და გაცნობიერებულად გწამს, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია სულის ხსნაცა და წარწყმედაც. მხოლოდ მას ავყავართ ზეცად და ჩავყავართ ჯოჯოხეთად. იგი გვაცოცხლებს და იგი მოგვაკვდინებს, და რაც კი შეიქმნა დასაბამიდან, მხოლოდ მისგან, მისით და მის მიერ შეიქმნა, ხოლო მის გარეშე არაფერი შექმნილა.
მაშასადამე, მისი გწამდეს ეჭვების გარეშე, ემსახურე გულწრფელად და გიყვარდეს მთელი სულითა და გონებით, და მთელი შენი იმედი მასზე დაამყარე და ისიც არ დაგტოვებს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა. იქაური ნეტარების მომავალ საუკუნეში კი ორივეს გვექნება მარადიული განსვენება, რასაც იგი თავის მოყვარეთ უბოძებს.
ასე რომ, უფლის შვილო, ყველა კეთილი საქმისადმი აიძულე საკუთარი თავი. თუკი სიკეთის ქმნა არ შეგვიძლია და ისევ ვეცემით, დაცემულები ნუ დავრჩებით, არამედ ავდგეთ ხოლმე და ჩვენი მაცხოვრისგან შენდობა ვითხოვოთ. ხოლო რომელმაც თავის მოწაფეს დამნაშავისთვის დღეში სამოცდაათჯერ შვიდგზის პატიება ასწავლა, თვითონ ის, ამ კანონის მომცემი, როგორ არ გვაპატიებს?
ასე რომ, ნუ გეშინია, არამედ რამდენჯერაც დაეცემი, წამოდექი და შესაბამისი პატიება ითხოვე, ხოლო კეთილი ღმერთი არასდროს არც გაძაგებს, არც უარგყოფს.
ორი სიტყვით ასე. უფალმა დაგიფაროთ მტრის მახეებისგან და ყველა ერთად შეგვყაროს მარადიულ ცხოვრებაში, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც არ არის არანაირი ურვა, არც სულთქმა, სადაც მარადიული ტკბობა და ნეტარებაა, რომელსაც ვერავინ შეწყვეტს, არამედ თითოეული თავისი სიწმიდის მიხედვით მიიღებს გასამრჯელოს.
რისი ღირსებიც, უფალო, ყველანი გაგვხადე – შენთან ერთობისა, შენი თაყვანისცემისა, შენი წმიდა სახელის დიდებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოიკითხე მილტიადე და თქვენი შვილები. მოიკითხე დედა და ყველა ჩემი და-ძმა. მოიკითხე მარუსო (დრო არ მქონდა მისთვის ცალკე წერილი მიმეწერა, რამეთუ ძმა წასვლას ჩქარობს, რომ შენი გამოგზავნილი ამანათი აიღოს. და უთხარი მარუსოს, რომ, რადგან ლოცვის შესახებ მწერს, გააკეთოს, და როგორც უნდა გააკეთოს - ღმერთი არ გაუბრაზდება, არამედ იმას უყურებს, თუ რა მიზნით აკეთებს.
შენ კი, დაო ერგინა, უფალმა მოგცეს შენი სათხოვარი და განწმიდოს სული შენი.

თქვენი მდაბალი მამა, სულიერი ძმა, მონაზონი იოსები


 
თემატური კითხვები
0