იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[5] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[5] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

წმიდა მთა, 14 აგვისტო, 1933 წ.


ჩემო საყვარელო და ნამდვილო ქრისტესმიერო დაო ერგინა, იცოცხლეთ.
ჩვენ ჯანმრთელად ვართ. დღეს ეს-ესაა მივიღე შენი წერილი და გამიხარდა, რომ [თქვენც] ჯანმრთელად ხართ. ჩემო ჭეშმარიტო დაო, უკვე თხუთმეტ დღეზე მეტია, რაც ათონზე ვარ. სანამ თესალონიკიდან წამოვიდოდი, წერილი მოგწერე. ხატებიც გამოგიგზავნე და სავსე კალათიც, მაგრამ დამავიწყდა რა ჩავდე შიგ. მგონია, ჩაი იყო და თხილი ბავშვებისთვის. ვერონიკას გამოართვით მელეტიას მონასტერში (წმ. ირინეს სახელობის). იქნებ მალე მოგიტანონ კიდეც.
იმის გამო, რომ გვიან მომწერე, აღარ მოგწერე, მოდით-მეთქი, თანაც ვიცნობ მილტიადეს და ვიცი, რომ, თუ მოხვიდოდით, გეჯუჯღუნებოდა და ამიტომაც პირობა დავარღვიე. სხვა დროს, თუ ღმერთს უნდა, შეიძლება ან მე მოგინახულოთ, ან თქვენ ჩამოხვიდეთ – როგორც განაგებს წმიდა ღმერთი. ახლა კი იმას გთხოვდი, განსაცდელებში მოთმინება იქონიო. ხატების ფულს რაც შეეხება, ნუ ღელავ, როცა გექნება, მაშინ გამომიგზავნი მეორე, სამი მღვდელმთავრის ხატის ფულთან ერთად. ახლა ხატავენ, მალე მორჩებიან. ვინც ხატავს, ათონის მთის საუკეთესო ხატმწერია და თანაც ძალიან სათნოებიანი ადამიანი. მე ჩემი ეკლესიის ხატები მასთან დავხატე. ღმრთისმშობლის „მირტიდიოტისას“ ხატი სხვამ გააკეთა, მაგრამ ეს უკეთესია.
იმ ქალს თუ უნდა, გამომიგზავნოს ზომები და ფული, და შევუკვეთავ. ჩემთვის ეს ძნელი არ არის. მეც ვუწევ სამსახურს ასკეტ ბერებს და ისინიც მე მიწევენ სამსახურს, როცა მჭირდება. აქ არ არის ანგარება, არამედ უფლის მიერ მოცემულ სიყვარულის მცნებას აღვასრულებთ – გიყვარდეთ ერთმანეთიო.
ახლა ღვინოსა და კვერცხებს არავინ მოიხმარს. ამასაც გთხოვ: ის ქალი, ლუკია, თუ გაჭირვებულია, სხვა ფულს ნუ სთხოვ, იქნებ არ აქვს. რამეს მოვიფიქრებ და აქ შევაკოწიწებ. თუ ღმერთი ინებებს. ის მინდოდა მხოლოდ, რომ თავისი გარდაცვლილი მშობლების სახელები გამოაგზავნოს, რომ მოვიხსენოთ ხოლმე. მაგრამ თუ ეს შენთვის ადვილი არ არის, არა უშავს. მომწერე უბრალოდ და მე მივაწვდი მღვდელს. ვფიქრობ, ეგეც ახალს მისდევს.
მომწერე, მაგრამ შემდეგში ორმოცი წირვისთვის ნუ გამომიგზავნი იმათ სახელებს, რომლებიც ახლით არიან, რადგან ეს დამატებითი ჯაფაა ჩემთვის. აქ მათ არ იხსენიებენ. არიან სხვებიც, რომლებიც მათ იხსენიებენ, მაგრამ მათ ისე უყურებენ. თითქოს ისინიც ახლით იყვნენ. ჩვენ მათთან ერთად არ ვეზიარებით, ამიტომ ეს ჩემთვის მძიმე ტვირთია, თუმცა სხვა სულიერ საკითხებს რაც შეეხება, დღედაღამ ვირჯები და ვიტანჯები ღმერთის დიდებისა და სიყვარულისთვის.
თუ უნდათ, რომ მე ვილოცო მათთვის, პარაკლისებს გადავუხდი, თანაც სიხარულით. დღეც და ღამეც წავუკითხავ. ჩვენ ღამე საერთოდ არ გვძინავს, ყოველ საღამოს ღამისთევა გვაქვს. მხოლოდ ერთი საათი თუ გვძინავს დილისკენ და ერთიც შუადღეს, მას მერე, რაც პურს ვჭამთ.
ასე რომ, მთელი მსოფლიოსთვის მთელი ღამე ვლოცულობთ. მე დღედაღამ ვწერ მათ, ვინც მეკითხება. სხვა საჭმელს ამზადებს, სხვას წერილები დააქვს, სხვა ხელ-საქმეს აკეთებს. ანგელოზებივით ვართ. ყოველთვის დღეში ერთხელ ვჭამთ, ცოტა ორცხობილა და ცოტა საჭმელი, გინდ შობა იყოს, გინდ აღდგომა – დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ დღეებში ცალ-ცალკე ვჭამთ, ხოლო კვირას და დიდ დღესასწაულებზე — ერთად. აჰ, რომ განახა, რომ განახა, რა კარგია! ასკეტური ცხოვრება, უდაბნო, ანგელოზებრივი ცხოვრება. აჰ, რომ შეგეძლოს ჩვენი დანახვა!
ლეონარდო იყო აქ. იმხანად დიდი გაწამაწია გვქონდა, ძმები დღე და ღამე მუშაობდნენ, [და ამიტომ] თავისუფლად ჭამდნენ. ერთი სიტყვით, ამ გაწამაწიის მეტი ვერაფერი შეამჩნია, ჩვენი ასკეტური ცხოვრება ვერ ნახა. ვუთხარი, რომელიმე მონასტერში წადი-მეთქი, მაგრამ სახლზე ზრუნვის გამო არსად წავიდა.
აქ, ჩემო დაიკო, ამქვეყნიური სამოთხეა. თუ კაცი თავიდანვე მკაცრ, ამაღლებულ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, წმიდანი ხდება, ხოლო თუ თავიდანვე ფართო გზა აირჩია, მოგვიანებით ეშმაკი წაიყვანს და საბოლოოდ, ერისკაცებზე უარესი ხდება, იმიტომ, რომ ჭინკა ძლიერად ებრძვის მონაზვნებს – მანამ, სანამ იმათაც ჭინკებად არ აქცევს. ეს კი იმიტომ, რომ უნდა ქრისტეზე შური იძიოს და უთხრას: „აი, ნაზარეველო, შეხედე შენს მეომრებს! შენ მათ მარადიულ სამეფოს აღუთქვამ, ესენი კი უარგყოფენ, ხოლო მე მცირეოდენ სასის სიტკბოებას ვაძლევ და კუდში მომდევენ“. ამით იკვეხნის დემონი.
ამიტომაც, თუ ვინმეს სურს, მონაზონი გახდეს, დიდი თავგანწირვა უნდა ჰქონდეს და თავის თავს უთხრას, რომ მეტს აღარ იცხოვრებს ამქვეყნად, არამედ ჯვარს უნდა აცვას საკუთარი თავი და ყველა განსაცდელი მოითმინოს: შიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, ჩაგვრა, შეურაცხყოფა და ყველა სხვა გასაჭირი თუ მწუხარება. ხოლო თუ ასე არ განეწყობა, არამედ დასასვენებლად ემზადება, სჯობს არ მოვიდეს და ერში იცხოვროს კარგ ქრისტიანად, გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, რამეთუ მონაზვნური ცხოვრება ძალიან მძიმეა და ბრძოლაც ძლიერია, შესაბამისად კი, მონაზვნობის მსურველს უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს და საკუთარი ბუნების მუდმივი იძულება. თანაც, სიკვდილამდე არ უნდა გათამამდეს და არ მოადუნოს ყურადღება, თუ არა და, იმწუთას დაეცემა და გაქრება, რამეთუ მზაკვარი და სისხლისმსმელი ეშმაკები ჩასაფრებულები არიან და შესაფერის დროს ელიან.
ღმერთმა გაგვინათლოს [გონება და სული] და დაგვიცვას. ამინ.
ვლოცულობ თქვენთვის მთელი სულითა და გულით, ყველაზე უარესი მამა იოსები
 
თემატური კითხვები
0