ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[9] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[9] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, 21/9/1934
საყვარელო შვილო და ჩემო დაო ერგინა, გაიხარე სრული სიხარულით, ჯანმრთელობითა და სულიერი სიხარულით უფლის, ჩვენი უტკბილესი მაცხოვრის, იესოს მიერ. ამინ.
ჩემო საყვარელო დაო, კიდევ გეტყვი: გიხაროდენ. ჩემო საყვარელო შვილო, რატომ დუმხარ? რა შეემთხვა ჩემს საყვარელ და მრავალტანჯულ ტარიგს? ცოტას ავადმყოფობს და ცოტა ხანში ჯანზეა, ცოტას ბრაზდება, ცოტას მშვიდდება, ცოტას გულისსიტყვებს თხზავს, ცოტას მათ განაბნევს, ცოტას კეთილს იქმს და ცოტას ნანობს, რატომ გააკეთა.
ო, ჩემო მდაბალო კრავო! რას აღარ განიცდი და წვალობ იმის გამო, რომ მოთმინება არ გაქვს. აჰ, ღმერთო ჩემო, დაეხმარე ჩემს დაიკოს და დაიფარე ყოველივე ბოროტისგან. აჰ, ჩემო დაო, იქნებ ისევ გეწყინა, რომ მრავალი დღე ისევ ვერ დავრჩი შენთან, როცა ჩამოვედი?
აჰ, რა ვქნა მე, საწყალმა, რომ სულ შარში ვარ გახვეული! აჰ, რა გითხრა... რომ არ მეჩხუბა და მეყვირა, ეგენი ჯერ კიდევ ქუჩაში მაწრიალებდნენ. ქალებს, ჩემო შვილო, ტვინი არ აქვთ. თავიანთ ნებაზე რომ მიუშვა, უნდათ, რომ გვერდში გიგულონ და ქუჩა-ქუჩა გატარონ. აჰ, რა უშნო, რა ცუდი რამაა, ახალგაზრდა ბერი ორ ახალგაზრდა მონაზონ ქალთან ერთად დაიარებოდეს ქუჩებში! ამაზე უარესი არაფერია.
ასე რომ, როცა დამინახე, რომ ვყვიროდი, შეწუხებული ვიყავი. ამ დღეში ვიყავი, როცა მეჩხუბე. რა მომივიდა, როგორ ჩავვარდი ამ დღეში?! ასე ვიყავი. საერო ქალები რომ ყოფილიყვნენ, ასეთი ულამაზო არ იქნებოდა, მაგრამ მონაზონი დედები — ძალიან უშნოა! ამიტომაც გითხარი, მოჰკიდე ამათ ხელი და შენთან წაიყვანე, ხოლო მე ჰოდონიფტიში' დავრჩები-მეთქი. აჰ, ჩემო შვილო, არ იცოდი, რა ხდებოდა და ამიტომაც იქნებ დაბრკოლდი იმ დღეს.
აჰ, ჩემო შვილო! არ იცი, რომ მონაზონმა ერის ადამიანებს მაგალითი უნდა მისცეს, კი არ უნდა დააბრკოლოს? ხოლო თვითონ ანგელოზებისგან აიღოს მაგალითი. ამიტომ უნდა იყოს ფრთხილი, რათა სატანამ არ მიიტაცოს.
[იგი] იძულებულია გავიდეს [ათონის] გარეთ, რადგან ამ ამბავშიც გაეხვია და ზოგადი სავალალო მდგომარეობის გამოც. მიუხედავად ამისა, ვალდებულია მთლიანად თვალი იყოს, მთლიანად ნათელი, თვალყური ადევნოს, რათა სხვების სარგებლის მოტანით საკუთარი თავი არ დაიზარალოს. ამას შენი სარგებლისთვის გწერ, რომ არ გეგონოს, შეცდომა მომივიდა. არა! შემდეგში რომ მოვალ, ერის ადამიანებს უფრო შევხვდები. რიგით ხალხს ნაკლებად სწყინს. იქ მოხუცი და ახალგაზრდა ქალები ერთად არიან და მოხუცები სხვათა ნალაპარაკევს აბათილებენ.
ორი სიტყვით, ასეთი ამბებია. მომწერე, როგორ არის მელანია, ირინე. მოკითხვა გადაეცი, ელენესაც, სხვებთან ერთად, და ყველა დას.
მამა მოსემ გამოიარა და მითხრა, რომ ავად იყავი და ამიტომაც გწერ. არაფერი მქონდა, რომ გამომეგზავნა. ოყა თხილში 25 დრაქმას ითხოვენ, ამიტომაც – კარგად შეინახონ, [არ მინდა]. თანაც ახლა მიჭირს, რადგან ნიკოლას კალივას ვუშენებ. წაბლი გვაქვს, მაგრამ როცა მამა მოსე მოვიდა, ჯერ კიდევ არ იყო მწიფე. სხვა ვინმეს რომ გამოევლო, გამოვატანდი საჩუქრად – ამას არ ვყიდულობთ, ტყე თავისუფალია!
დიონისე რას შვრება? ბარბარე? აჰ, როგორ ველი, რომ დიონისე დიაკვანი გავხადო – ჩემი ოცნებაა ეს, ბარბარე კი – ქრისტეს სარძლო.
თქვენთვის ლოცულობს მამა ნიკოლოზი, ხოლო როცა იგი მონაზონი გახდება, მოდი, დიონისე, მოინახულე შენს ბიძა მანოლისთან ერთად. ყველანი მოდით კოშკში, რომ ლუკუმადები მიირთვათ.
მამები ლოცულობენ თქვენზე, მეც, ცოდვილი.
მოვიკითხავ მილტიადეს.
მ. იოსები
|
|