ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[15] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[15] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, 6 აგვისტო [1935 წ.]
დაო ჩემო, საყვარელო, ჩემი სულის სამკაულო, ჩემო დაიკო ერგინა, გაიხარე ჩვენი უტკბილესი უფალი იესოს მიერ. ჩემო შვილო, მივიღე შენი ეპისტოლე და მიხარია, რომ ჯანმრთელად ხართ. ვლოცულობ, რომ ტკბილმა იესომ მალე მიიყვანოს საქმე სასურველ და ბედნიერ დასასრულამდე.
ასე რომ, უფლის იმედით მხნედ იყავი და განძლიერდი მის სიყვარულში, მანამ, სანამ მისი საღმრთო ბრწყინვალება თავზე დაგადგება და სულს გაგინათლებს. მოთმინება და სულგრძელება გამოიჩინე ყველა უსიამოვნო შემთხვევაში. მე კი შენი შემწე ვიქნები, შუამდგომელი, წინამძღოლი ყველაფერში. ამიტომაც სირბილით წაიწიე წინ საღმრთო გზაზე, უკანმოუხედავად, მხოლოდ წინ გქონდეს მზერა საღმრთო ძალის დახმარებით. დიდება წმიდა და კეთილ უფალს, რომელმაც, ვხედავ, დიდად გამოაღვიძა შენი გონება და ისე ცხოვრობ, როგორც უფალს სურს.
ლეონარდოზე მწერ, მაგრამ ზამთარი დადგა და ვეღარ მოვალ, გადავიფიქრე, იქნებ – გაზაფხულზე.
საქორწინე გარიგებას რაც შეეხება, ყველაფერი მანოლიზეა დამოკიდებული. თუ გითხრა წადიო, წადი, თუ არა და, მოისვენე. გოგოს სახელს ნუ შევურცხვენთ, თორემ მერე მანოლი იჯუჯღუნებს, თუმც მის ჩხუბს აზრი არ ექნება. ნეტავ რამე გადაწყვეტილება მიიღონ და გაიჭრას გორდიას კვანძი. ერთი სიტყვით, ყოველთვის გონივრულად და რჩევის კითხვით იმოქმედე. ხალხმა არ იცის იმდენი, რამდენიც შენ. სიკეთე სიკეთე არ არის, თუ სიკეთით არ კეთდება.
ვლოცულობ აკაკიასა და ყველა ქრისტესმიერი დისთვის. სინკლიტიკიაზე არაფერი ვიცი. უფალმა გაანათლოს ყველა და ღმრთის გზაზე წარუძღვეს.
მოიკითხე მილტიადე, ჩემი ბარბარულა, უფალმა გაანათლოს და განწმიდოს, ოღონდ სხვა გოგოებს ნუ ემეგობრება, თუ სურს ღმერთს სათნო-ეყოს.
მარგარიტას ვუსურვებ, რომ კარგი გოგონა გახდეს.
(დიონისესთვის)
ჩემს დიონისეზე რა ვთქვა?
ჩემო შვილო, საწადელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო ბიჭო დიონისე. გაიხარე უფლის მიერ.
მივიღე შენი წერილი და სხვებზე მეტად შენით ვხარობ. მაგრამ შენი ორი ეპისტოლე არ მივეცი მ. ბართლომეს, არც დიაკვანს. გარდა იმისა, რომ ჯერ არც მოსულან, რომც მოსულიყვნენ, არ მივცემდი, რადგან პატარა ხარ და არ შეგეფერება, არც არის ორივე თქვენგანისთვის სასარგებლო. მე შენთვის საკმარისი მამა ვარ, დედა, ძმა, ბიძა, სულიერი მოძღვარი და ყველაფერი. სხვა მასწავლებელი და აღმზრდელი არ გჭირდება. ყურადღებით შეარჩიე ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობ. მოერიდე ძმაკაცებს და ძმაკაცობას, რათა არ დაიკარგო.
ბიძაშენი ნიკო ათანასე გახდა, ათონელი წმიდანის პატივსაცემად, რომელიც დიდი ლავრის წინამძღვარი იყო. მხნედ და ფრთხილად იყავი.
მე კი ყველა თქვენგანისთვის ვლოცულობ, რათა დაგიფაროთ და სულები გაგინათლოთ უფალმა.
შემდეგ ჯერზე ბევრს მოგწერ.
მდაბალი იოსები
|
|