იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[24] წერილი ბარბარეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[24] წერილი ბარბარეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

წმიდა მთა, 30 ივლისი, 1945 წ.


ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო პატარა კრავო, უფრო სწორად კი, ჩემი ქრისტეს ბატკანო, რომელიც დიდ ცხვრებთან ერთ საღმრთო სამწყსოში ხარ, სადაც სულიერი რძით იკვებები, იზრდები, ყალიბდები ღმერთის მადლით, ღმერთის მშვიდობით, სულიერი სიმშვიდით, რითაც იდიდება მამა, იხარებს ძე და განისვენებს ყოვლადწმიდა სული. უფლის მადლი და წყალობა შენს კეთილ სულს.
ჩემო საყვარელო გოგონა, ჩემი დის სისხლო და საღმრთო სულის ნაშობო. მიხარია, თუ გიხარია; უხარიათ მთავრობათ და ხელმწიფებათ, ქერუბიმებს და სერაფიმებს, ანგელოზთა რაზმებს, მოწამეთა, წინასწარმეტყველთა, მართალთა და წმიდათა დასებს. ჩვენს ყოვლადუბიწო დედას, ყოველთა დედოფალს.
დღეს ჩემი სული გაახარე იმით, რაც მელნითა და ქაღალდით მითხარი. უკანას არ მივტირი, წინა მახარებს. უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება – ცოდვაც. დიდი იქნება თუ მცირე, ჭეშმარიტი სინანულის მიერ ქრება.
ასე რომ, უკან კი ნუ იყურები, არამედ წინ წაიწიე. ძალიან გამიხარდება, თუ ბოლომდე საქმით აღასრულებ იმას, რასაც მწერ, რამეთუ მტერი ბრძოლას [მონასტერში მისვლიდან] სამი-ოთხი წლის მერე გვიწყებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მადლი გვშორდება, რათა გამოგვცადოს, ლამპარი ქრება და ის, რასაც ახლა ლამაზად მივიჩნევთ (და სინამდვილეშიც ლამაზი და მშვენიერია), უშნოდ, შავად და ბნელად გვეჩვენება. ამიტომ, მათ, რაც ახლა შეგემთხვევა, განსაცდელებად ნუ მიიჩნევ, რადგან ახლა სხვა ვინმე გიფარავს.
თუ რჩევას მთხოვ, ჩემო საყვარელო შვილო, მე, მდაბალს, გეტყვი: მხოლოდ ფოთლებს ნუ გამოისხამ, არამედ ფესვები გაუშვი ღრმად, იპოვე წყარო, როგორც ჭადარმა, რათა განუწყვეტლად ირწყვებოდე და ყვაოდე, ხოლო როდესაც გვალვა დადგება, არანაირი უარყოფითი ცვლილება არ გემუქრება, რამეთუ საკუთარი წყარო გაქვს ნაპოვნი; ანუ, როდესაც ის ლამპარი, რომელიც ახლა გინთია, ჩაქრება, შენ უკვე სხვა გექნება ანთებული შენი საქმეების წყალობით და ამგვარად, სიბნელეში არ მოხვდები.
ეს კი შემდეგნაირად მოიპოვება: პირველად საჭიროა სრული და განურჩეველი შორჩილება ყველასადმი, რაც სიმდაბლეს შობს. სიმდაბლის უტყუარი ნიშანი კი უზომო ცრემლებია, რომლებიც სამი-ოთხი წელიწადი წყაროსავით იდენს, რისგანაც, თავის მხრივ, განუწყვეტელი, ეგრეთ წოდებული გონებისმიერი ლოცვა იშვება – იტყვი თუ არა: „იესო ჩემო უტკბილესო“, ცრემლები წამოვა; იტყვი თუ არა: „სიყვარულო ჩემო იესო“, თავის შეკავებას ვერ შეძლებ; იტყვი თუ არა: „ტკბილო ღმრთისმშობელო“, საკუთარ თავს ვერ შეიკავებ. ეს ყოველივე აწყნარებს მთელ სხეულს და სრულ მშვიდობას განიჭებს.
ერთ ძმას ერთხელ სურდა თავი შეეკავებინა, რადგან ცრემლები მოსდიოდა, ხოლო კარზე ვიღაც აკაკუნებდა, მაგრამ ვერ შეძლო მანამ, სანამ ცრემლები თავისით არ შეჩერდა. ასეთი ძალა აქვს! თუ ამ ყველაფერს შეიძენ, შინაგანი უსიამოვნო ცვლილებებისა აღარ შეგეშინდება, რადგან სხვა ბუნების ადამიანი ხდები.
გალობა თავმდაბლობით უნდა სრულდებოდეს, გონება ტროპარის აზრზე უნდა ნადირობდეს. აზროვნება გონების მიერ გააზრებულით უნდა ტკბებოდეს და მის ჭვრეტაში ადიოდეს. სულიერი კითხვაც ასე უნდა ხდებოდეს. ამ ყველაფრის მეშვეობით სული იზრდება და ძლიერდება, ხოლო ძველი კაცი კვდება, ახალი კი – განახლდება და იმატებს ქრისტეს სიყვარული. ამის მერე ადამიანს არაფერი ამქვეყნიური აღარ აკმაყოფილებს.
აგრეთვე, სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა იღვაწო, რათა მუდამ სულს დამონებული იყოს. საერთოდ არ შეგეცოდოს. ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რამეთუ, შენ თვითონ თუ არ გესმის, რას ამბობ, ღმერთს როგორ შეუთანხმდები, როგორ მოგცეს, რასაც სთხოვ?
ეს იყოს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მეტს რჩევას ნუ მთხოვ, რადგან „მეთაურის თანდასწრებით სხვა აღარავინ მეთაურობს“. გყავს მოძღვარი და იღუმენია, მე ზედმეტი ვარ. ჩემი სული ვერ მოისვენებს.
დედაზე ნუ ღელავ. მე ნელ-ნელა, ზოგჯერ „ჰო“-თი, ზოგჯერ „არა“-თი, დავაწყნარებ და დაგაახლოვებთ. დიონისესაც რამეს მოვუფიქრებ. ღმერთის მადლით, ესაა ჩემი სამსახური. მაგრამ თქვენთვის წერა არ შემიძლია. რაც მოგწერე, იმას თუ დაიცავ, შენთვისვე იქნება სასიკეთო – მარადიულად ცხონდები და მეც გამახარებ, ხოლო თუ არ დაიცავ, მე პასუხს აღარ ვაგებ.

მოიკითხე ყველა და.
მოძღვარს წმიდა ამბორისყოფით ვცემ თაყვანს.
მოიკითხე კეთილი დედა იღუმენია.
უკანასკნელი იოსები

 
თემატური კითხვები
0