
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[25] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[25] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, 29 აგვისტო, 1945 წ.
ჩემო საყვარელო დაიკო, ჩემო ძვირფასო და წმიდა სამკაულო.
უფლის მადლი და წყალობა შენს კეთილ სულს. ჩემო საყვარელო დაიკო, ჩემო მრავალტანჯულო სულო, არ მავიწყდება შენი ბავშვობის წლები, როდესაც თვიდან თვემდე დიდი სითბოთი გვზრდიდი. არა ვარ უმადური ქველისმოქმედისა, რომელსაც, ფეხშიშველს, როგორც მერცხალს, ჩვენთვის მცირე საზრდო მოგქონდა.
აი, ის დროც დადგა, რომ გასამრჯელო მიიღო. იხარე და მხიარული იყავი ღმერთის ასეთი წყალობის გამო. ვინც უხვად თესს, უხვადაც მოიმკის. მაშინ ცრემლებით თესდი ოფლს, ახლა კი ნაყოფს შენი სული სიხარულითა და მხიარულებით იმკის. მაგრამ ნამდვილი მკის ჟამი კიდევ წინ გვაქვს, ის ნეტარი წუთი, როდესაც სააქაოს დავტოვებთ და გადავინაცვლებთ სხვა სამშობლოში, ნამდვილსა და ჭეშმარიტში, ნეტარ ცხოვრებაში, უტყუარ სიხარულში, რათა თითოეულმა ის მივიღოთ, რასაც გულუხვი და უტკბილესი იესო მოგვანიჭებს.
ო, სიხარული! ო, მადლიერება! ო, ზეციერი მამის სიყვარული! ცხონებისკენ გვიზიდავს, ყველანაირი მწიკვლისგან განგვწმედს, პატივს გვცემს, თავისი სიმდიდრით გვამდიდრებს. ო, სიხარული! ო, სიყვარული! ო, ჭეშმარიტება! იქ, ჩემო ოქროს ერგინა, არ არსებობს მჩაგვრელი, ბოროტმოქმედი. შური და ღვარძლი გაქრება. არანაირი ვნება აღარ არსებობს, იმას კი, რაც გვქონდა, ხიდზე გადასვლამდე დავტოვებთ. იქაურობასა და აქაურობას შორის დიდი უფსკრული დევს.
მაგრამ, ჰოი, ქრისტეს ტკბილო სიყვარულო! რა დაინახე კარგი ჩვენში, რომ შენს საღმრთო გზაზე დაგვაყენე? როდესაც ამაზე ვფიქრობ, ჩემო საყვარელო და მართლაც ოქროს დაიკო, სულიერ ჭვრეტაში გადავდივარ. უზომოდ მიკვირს და გაოცებული ვრჩები: როგორ გამხადა ღმერთმა ამის ღირსი მე, უძღები, ბოროტებით სავსე, ყველა ჩემს კარგ მეგობარზე უარესი? მათზე კი არ იჩინა სათნო ღმერთმა, არამედ ჩემზე, უბადრუკზე სათნო-იჩინა უფლის სახიერებამ და თავის ცხვრებთან დამაწესა, რათა მთელი ჩემი სახლეულობით მის მიერ ვიხარო და იგი ვადიდო!
ასე რომ, გაიხარე და იბედნიერე, ჩემო საყვარელო დაიკო, მადლობდე და ადიდებდე ღმერთს! დადგა დრო, როდესაც უკვე მალე მოვისმენთ კურთხეულ ხმას: „მოდით ჩემთან, დამაშვრალნო!“. როგორც კი დავხუჭავთ სხეულის თვალებს, გონების თვალები აგვეხილება და თითქოს ძილიდან გამოგვეღვიძება ამ ცხოვრებიდან იქაურში. მაშინ დაინახავ მშობლებს, და-ძმას, ნათესავებს. მაშინ დაინახავ ანგელოზებს, წმიდანებს. ყოველთა ნეტარ დედას, წმიდა ქალწულსა და ღმრთისმშობელს, რომელსაც ყოველწამს მოვუხმობთ და ვისი წყალობითაც გვაქვს ყველაფერი.
მაშინ ვის დაველაპარაკებით პირველ რიგში? პირველი ვინ გვაკოცებს და ვის ვაკოცებთ? ყველაფერი წმიდადაა, ყველაფერი უბიწოდ, ყველაფერი ტკბილად. ჰოი, სიხარული, ჰოი, სიხარული, ჰოი, ბედნიერება! ვინ ელის, საყვარელო ჩემო სულო, ასეთ სიკეთეებს და განა ამის ხათრით ყველა ამქვეყნიურ მწუხარებას არ ითმენს?!
ასე რომ, გამხნევდი და გაძლიერდი უფლის მიერ. სული მყარად გეპყრას. გამძლეობა და მოთმინება იქონიე, გახსოვდეს, რომ [სულიერად] კოჭლები და კეთროვნები ამ სიკეთეებს ვერ ეწევიან. ამიტომაც უშვებს ქრისტე განსაცდელებს, რომ ცოდვილი მოგონებებისგან გავიწმინდოთ. ესაა ჩვენი საპონი და წკეპლა, რომლითაც სამოსს გვიწმენდს. თუ ტანსაცმელი მთლიანი და მყარია, ზეციური სიძისთვის გამოგვადგება, ხოლო თუ წკეპლას ვერ უძლებს, ნაგავში გადაიყრება.
დამავიწყდა ერთი თაფლმდინარი ამბავი მომეთხრო. ერთხელ, ლოცვით დაღლილმა, დაჩოქილმა ასეთი საოცარი რამ ვიხილე: ვინმე ცეცხლოვანმა ახალგაზრდამ ორი პატარა გოგონა მოიყვანა – ერთი ჩვენი მარუსო იყო, ხოლო მეორე ერგინა, რომლებიც პატარები გარდაიცვალნენ – ის ჭაბუკი ეკითხება: „ეს თქვენი ძმაა, იცნობთ?“. მარუსომ, უფროსმა, უპასუხა: „ვიცნობ, მაგრამ უკვე მრავალმა წელმა ჩაიარა“, მეორემ კი მიუგო: „მე ის არ მინახავს, ჩემს დროს არ იყო“. ჭაბუკმა უთხრა: „ეამბორეთ და წავიდეთ“. პაწაწინებმა ტკბილად, დიდი სიყვარულით მაკოცეს, აჰ, როგორც კეთილსურნელოვანმა ყვავილებმა, და გამშორდნენ. ცრემლით სავსე თვალებით გამეღვიძა, რამეთუ ვიხსენებდი იმ სიხარულს, რომელიც ზეცაში ერთი ცოდვილის მოქცევის გამოც კი რომ ხდება. ამიტომ ჩვენც მცირედ ვაიძულოთ თავს წუთისოფელში, რამეთუ დრო ახლოვდება.
წერილები, რომლებსაც გიგზავნი, შეინახე, რათა განსაცდელისა და მწუხარების დროს გადაიკითხო, რადგან მგონია, რომ მალე დაგტოვებთ. რაც დრო გადის, უფრო მძიმედ ვსნეულდები, პარალიზებულივით გავხდი.
დიონისე ნუღარ წამოვა, რადგან ზამთარი მოდის. მომავალ წელს, თუ ჯანმრთელად ვიქენით, აღდგომას დავილაპარაკებთ. სახლს ნუ გაყიდი. დიონისე მღვდელმთავარს მიანდე, როგორც უფალი გაუნათლებს გონებას, ისე მოიქცნენ.
შენ კი ხშირად მოინახულე ხოლმე ბარბარე, სიყვარული გქონდეს მათ მიმართ. გულისსიტყვებს ნუ აჰყვები, გამიგონე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. მხოლოდ ის მადარდებს, რომ მეუფეს განუდგნენ, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველანი ცდებიან. როგორც უფალმა გამომიცხადა. ამის გარდა, განხეთქილებას წარმოშობენ, რითაც სულს იმძიმებენ. ამიტომაც შევინანე, რომ უმეცრებით აქაურმა მოძღვრებმა ამიყოლიეს, მაგრამ ტკბილმა იესომ არ დამტოვა.
მათე და კომპანია, სამწუხაროდ, ვარიკოპულოსი და ყველა მათგანი ასცდნენ გზას, მაგრამ უფალი შეეწიოს. ამიტომაც, როდესაც მათთან მიხვალ ხოლმე, ელაპარაკე იღუმენიასა და მოძღვარს, იქნებ უფალმა გაანათლოს.
თვითონ ეშმაკმა მითხრა: „მე ვარ, ის, ვინც წააქეზა, თავიანთ მეუფეს განდგომოდნენ“. ამიტომაც მტკივა გული და ვწუხვარ ყველაზე, განსაკუთრებით კი, მამა პართენიზე, რადგან ბარბარე მათთან არის. ბევრს ვლოცულობ ამ საკითხზე.
შენ კი ჯერჯერობით ნურც ეკლესიას წამოიწყებ, ნურც სხვა რამეს, ხოლო როცა დრო მოვა, გეტყვი, რა გააკეთო.
ჩემი საყვარელი დიონისეს აქ მოსვლა იმიტომ მინდა, რომ მის სულში ღრმად ამოვტვიფრო ის, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს შინაგანი დიონისე და არა მხოლოდ ფოთლებით გამშვენდეს გარედან. ამის დროც მოვა, თუ ცოცხლები ვიქენით, დავილაპარაკებთ, როცა აქ ჩამოვა.
ახლა კი ზამთარში დაისვენეთ. დიონისე ამჯერად ოდენ მოკითხვას დასჯერდეს.
მთელი სულით შენთვის მლოცველი,
შენი მდაბალი ძმა იოსები
|