
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[26] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[26] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, 3 ოქტომბერი, 1945 წ.
ჩემო საყვარელო და საწადელო შვილო დიონისე, ჩემი სულის ნაწილო, უფლის მადლი, მშვიდობა და კურთხევა შენს კეთილ სულს.
ჩემო ბიჭო, მივიღე შენი პატარა ეპისტოლე. მიხარია, რომ კარგად ხარ. მამა ანტონი ჯერ არ მინახავს, რომ შენი ამბები მისგანაც გავიგო.
საყვედურს იწერები: რადგან არ გწერ, არ მწერო. მე, უბადრუკი, იმათ ძლივს ვპასუხობ, რომლებიც მწერენ, ვინც არ მწერს, იმათ როგორღა მივწერ? არ იცი, შვილო, რომ შენი წერილი მიბიძგებს, რომ მოგწერო? არ იცი, რომ მე, როგორც მონაზონს, ბევრი სულიერი ვალდებულება მაკისრია, იმდენი, რომ წუთიც არ მაქვს მოსასვენებლად? მოვალე ვარ თქვენთვის ვილოცო და წერილის ვერმოწერას ლოცვით ვანაზღაურებ. მოსაუბრეს მანდაც ბევრს იპოვი, მსოფლიოსთვის მლოცველი კი თითქმის არ მოიპოვება, რაც აქ, დაყუდებაში, ჩვენთვის უფრო ადვილია.
ამიტომ, ნუ ჩივი, რამეთუ, მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს შეგნებულად და ღმერთის შიშით ვაკეთებ. თუ წერილი გინდა, ნუ დაიზარებ, მომწერე და ისევ დაგემორჩილები და გიპასუხებ. უფალი ამბობს, ვინც გთხოვს, იმას მიეცი, და არა იმას, ვინც არ გთხოვსო.
თუ წმიდა ღმერთი ინდომებს და აღდგომის მერე როგორმე ჩამოხვალ, დავილაპარაკებთ მშვენივრად და სულიერად, ბევრს ვისაუბრებთ. მაშინ ნახავ ჩვენს პატარა და ლამაზ ქოხებს, ნამდვილ სიხარულს განიცდი, ირემივით ინავარდებ, კრავივით იხტუნებ; გაიგებ, როგორ გამოიღვიძებს სული, როგორ გამოიზრდება რძით, როგორც ჩვილი; დროთა განმავლობაში როგორ იზრდება ღმერთის შემეცნებით და როგორ შეინარჩუნებს კარგ მდგომარეობას. აგრეთვე, როგორ შეიძლება წახდეს, დასნეულდეს და სრულიად მოკვდეს და სრულიად წარწყმდეს.
რომ ჩამოხვალ, შენს საყვარელ მამა ათანასესაც ნახავ, ყველგან მოგატარებს, ერთად ისეირნებთ, მშვენიერი ხეების ქვეშ წაუძინებთ ხოლმე, უამრავ ხილს შეჭამთ. რომლებიც ჩვენს ტყეებში თავისით იზრდება, ტოტებს ხრიან და თავიანთ ნაყოფებს გთავაზობენ, რათა მოურიდებლად მიირთვა და დანაყრდე, და ღმერთს მადლობა გადაუხადო, რამეთუ უხვად და უსასყიდლოდ გვანიჭებს ყველაფერს.
უფალი თავისი ქმნილებისგან მხოლოდ მადლიერებას ელის და იმის აღიარებას, რომ იგია ჩვენი კეთილისმყოფელი, ყოველივე სიკეთის უხვად მომნიჭებელი.
ამაზე იოცნებე კეთილი იმედით და დაელოდე გაზაფხულს, როცა ზაფხული წინ გვექნება. გონება იმისკენ აღამაღლე, რასაც გწერ და მაშინ დროც მალე გავა. თავს აიძულე, რომ შენი სულიერი ვალდებულებები შეასრულო, რათა საკუთარ თავზე უფლება ხელში არ ჩაუგდო მტერს, რომელიც მზაკვრულად არის ჩასაფრებული.
ამის თქმა მინდოდა ორიოდე სიტყვითა და შენდამი დიდი სიყვარულით.
გისურვებ, რომ კარგად იყო,
მდაბალი და უკანასკნელი მონ. იოსები
|