იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[29] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[29] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

წმიდა მთა, 12 დეკემბერი, 1945 წ.


ჩემო საყვარელო დაიკო ერგინა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო. ჩემო სულო, ჩემო ერგინა, დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და მეტად გამახარე, რადგან მარიამზე ძალიან ვღელავდი.
ყველა თქვენგანისთვის ვლოცულობ და უველას გმადლობთ იმ მხურვალე მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი დაობლებული დის მიმართ იჩენთ. მეც აქედან შეძლებისდაგვარად ვიზრუნებ, ოღონდ ჯერ ცოტა ამინდი გამოვიდეს, რამეთუ ზამთრის გამო გამოვიკეტეთ. კარგი შესაძლებლობა იყო ახლა, კორნელი რომ მოდიოდა, მაგრამ ხელთ არაფერი მქონდა.
მამა ათანასე ახლა ზეთისხილებშია. როგორც კი მობრუნდება, რამეს ვიღონებ, რადგან ისაა ჩვენი გასაღები, ხაზინადარი. ჩვენ სახლის გარეთ არ გავდივართ. დაგვეხმარება ღმერთი, რადგან თქვენ ყველას ღმრთისმიერი სიყვარული გაერთიანებთ, თქვენ შორის ქრისტე იმყოფება. დიდება შენდა, წმიდაო ღმერთო! გულის სიღრმიდან გმადლობ, რომ ყველა ჩემს და-ძმას შემეცნებული აქვს ჭეშმარიტება. ყველა თქვენგანი გაანათლა უფალმა, არ უგულებელყოფს ჩემს – მდაბლის ვედრებას. უფალმა დაგიფაროთ ბოლომდე.
წერილი, რაზეც მწერ, დიონისესგან არ მიმიღია, რომ გამეგო პენსიაზე რას ფიქრობს. ცოტა უფრო სუფთად წეროს, ხომ იცის, რომ ანბანის ოდენმცოდნე ვარ და მთელი კვირა ვუნდები მისი ნაწერის მარცვალ-მარცვალ ძლივძლივობით წაკითხვას, ისიც ნაწილობრივ, თანაც, ბოლოში რომ ჩავდივარ, მავიწყდება რით დაიწყო.
მამა პართენიზე ნურაფერს დაიჯერებ იმას, რასაც ისმენ, რადგან მე გაუწყებ, რომ ყველაფერი ტყუილია. შეუძლებელია, რომ ასეთი სულიერი მოძღვარი, რომელსაც ასეთი რჩეული სულების კრებული ჰყავს, რომელთაგანაც თითქმის ყველას ვიცნობთ, მათ შორის იღუმენიასაც, და სამოთხესავით ყვავის და ყვავილებივით კეთილი სურნელი ასდის – გამორიცხულია-მეთქი, გეუბნები, რომ უქმ სიტყვებს ისმენდეს შენზე. მოკლედ, თავი დაიმდაბლე, მოინახულე ხოლმე და უდიდეს სარგებელს მიიღებ, რადგან, როგორც ვხედავ, შენც მანდ დაასრულებ გზას, იქ პოვებ მაცხოვნებელ ნავსაყუდელს, თუნდაც უკანასკნელი აღმოფშვინვის დროს.
ერთი წვეთი მორჩილება მაინც გამიწიე და ხშირად მიდი ხოლმე. ილაპარაკე თავმდაბლურად, აზროვნებაც მდაბალი გქონდეს, ტერფები დაუკოცნე, ემთხვიე მიწას, რომელზეც დადიან და მოათვინიერე ქედმაღლური აზროვნება. სწორედ მაშინ გამოიღებ ქრისტეს სიყვარულისა და შემუსვრილი სულის ნაყოფს.
მე რომ ვიყო შენს ადგილას, ჩემო სულო ერგინა, ძაღლივით ავულოკავდი ფეხებსა და მიწას, ხოლო ჩემი გონება გამოუთქმელ სიხარულს პოვებდა. გულმოდგინედ ისწრაფე და იჩქარე, დროს ნუ კარგავ, რამეთუ ახლაა რთველის, ახლაა მკის პერიოდი, როდესაც თითოეული მაქსიმალურად სუფთა საკვებს იმარაგებს მომავალი ცხოვრებისთვის.
ის კი არ გამოდის გამარჯვებული, ვინც ჭკვიანია, ვინც კეთილშობილური წარმომავლობისაა, ვინც მოქნილად ლაპარაკობს, ვინც მდიდარია, არამედ ის, ვისაც ლანძღავენ, ვინც მაგიდის გადასაწმენდი ღრუბლის მსგავსად შეკრებს ნარჩენებს — იმას, რაც ესმის, რასაც ეუბნებიან, როგორი სიტყვებიც არ უნდა იყოს. ასეთი ადამიანი მეტად სუფთავდება და გაბრწყინდება, აღწევს მაღალ სულიერ საზომს, ტკბება საიდუმლოთა ხედვით და ამავე ცხოვრებიდან სამოთხეში ხვდება, ხოლო როგორც კი ხილულ თვალებს დახუჭავს, გაეხსნება გონებისმიერი თვალები. და ჯერაც იქაურის განზრახვაშია, რომ აღმოჩნდება იქ, სადაც ეწადა, ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდება, როგორ. სიბნელიდან ნათელში გადადის, გაჭირვებიდან განსვენებაში, ომიდან განუწყვეტელ მშვიდობასა და აუღელვებელ ნავსაყუდელში.
ისწრაფე, სანამ თვალები და ფეხები გაქვს. გამიგონე მე, რომელსაც, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და უპირველეს ყოვლისა, შენთვის უმჯობესი მწადია, უცხო ხალხისა კი ნუ გჯერა, რამეთუ არც მაგათ და არც შენ არ იცით და არ ლაპარაკობთ ჭეშმარიტებას და თქვენი სულებისთვის სასარგებლოს.
დიონისეს საღმრთო ამბორით მოვიკითხავ. მარიამს წერილი გაუგზავნე.

მუდმივად ვლოცულობ შენთვის, ჩემო ოქროს დაო,
ცოდვილი იოსები

 
თემატური კითხვები
0