
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[31] წერილი ბარბარეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[31] წერილი ბარბარეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[1946 წლის დასაწყისი]
[...]
დავჯექი და ცოტა სული მოვითქვი, და მოვიხსენე რა [...], ისევ აღვადგენ გაწყვეტილ სიმს. ავიღე ლირა და თაფლივით ტკბილად ვღუღუნებ ეკალმღერას, რომელსაც უდაბნოში შევკრებ.
კვალად მოვედ, ჩემო კარგო მერცხალო, ჩემს ჩრდილში გაგრილდი, მე კი ეკალ-ბარდიდან მასტიკას შეგიგროვებ და როცა მწუხარება გეწევა, გადახედე და თაფლზე უფრო ტკბილად მოგეჩვენება.
მყარი საფუძველი ჩაუყარე შენს ცხოვრებას, ლამაზი სასახლე აიშენე ზეცაში. სასმისი შიგნიდან გაასუფთავე, როგორც უფალი გვასწავლის, რათა გარეთაც სუფთა გახდეს. რამეთუ დანარჩენი ყველაფერი, რაც ფორმალურ მხარეს ეხება – ტიპიკონი, გალობა, საეკლესიო მსახურება, პირადი კანონი და სხვა ყველაფერი, რაც სხეულით აღესრულება, არის ფოთლები, რომლებიც გარე კაცს ამშვენებენ – ესეც კარგი და მშვენიერია.
ხოლო ისინი, რომლებიც ზემოთ ვახსენე, შინაგან ადამიანს ასუფთავებენ, ისინი აღგიხელენ სულის თვალს, ისინი გაგიწმენდენ გულს და იმ დღეს ღმერთს იხილავ. რამეთუ გონებრივი საქმიანობის გარეშე, გარეგნულისგან დიდი ხეირი არ გვაქვს. თუკი ღმერთის ყოველ გახსენებაზე ცრემლებს არ ღვრი, უმეცრებით ხარ დაავადებული, რაც ამპარტავნებას შობს და გულს გიუხეშებს.
ამიტომაც, ყველა შენი ქმედება სიმდაბლით შემოსე, მაგიდის გადასაწმენდი ღრუბელი გახდი კრებულისთვის, შენს სულს ქება-დიდებით კი ნუ მორწყავ, არამედ [სხვათაგან] შეურცხყოფითა და ყვედრებით, ოღონდ ისე, რომ [ობიექტურად] დამნაშავე არ იყო.
ნურასდროს შეეცდები შენი სიმართლე სხვას დაუმტკიცო, რადგან სწორედ მაშინ გამოდგები მტყუანი. არამედ მხნედ მოითმინე განსაცდელები, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბევრი თავის მართლების გარეშე თქვი ხოლმე „მაპატიე“ და, თუმცა არ შეგშლია, ისეთი სინანული გქონდეს, რომ თითქოს შეგშლოდეს, ოღონდ გააკეთე ეს შეგნებულად. თანაც, ნუ იტყვი, შემეშალაო, მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხმა შეგაქოს, შენ კი გულში განიკითხო. მწუხარების დროს ადამიანებისგან ნუგეშს ნუ ეძებ, რათა ღმერთმა განუგეშოს.
ხიდი, რომლითაც ყველანი გაღმა უნდა გადავიდეთ, არის დამნაშავეთათვის პატიება. როდესაც დამნაშავეს არ შეუნდობ, ამ გადასასვლელ ხიდს ანგრევ. სხვებს კეთილი და უფლისთვის სათნო საქმეებით კარგი მაგალითი მიეცი. ნუ გსურს ენით აჯობო ყველას. ამ ყველაფერს, რასაც გწერ, ჩემო გვრიტო, თუ დაიცავ, მართლაც სათნო გახდები უფლისთვის, სიძის უბიწო სარძლო, უმწიკვლო ქალწული. ასე, ჩემო ნამდვილო ნათესავო, გამგონე შვილო.
მე კი, თქვენი თხოვნა-მუდარით დაჯერებული, შევეცდები ჩემი მორჩილება აღვასრულო. შევეცდები, როცა შენს საქმეს მოაგვარებ, დაჟინებით ვთხოვო შენს კეთილ დედიკოს, რომ სახლი გაყიდოს და მანდ მოვიდეს, რადგან ყველანი კარგები ხართ მანდ შეკრებილები.
არ მავიწყდება ანესტის დედა. ის თქვენგან ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან დედაჩემს ჰგავს და მუდმივად გონებაში მიტრიალებს. მივიღე მოსახსენებლები და მოვიხსენებ ხოლმე.
დიონისეზე ღმერთის ნებისაებრ ვიზრუნებთ.
აი, მორჩილება გავწიე და მოგწერეთ, მაგრამ კმარა, რამეთუ გყავთ მოძღვარი. მეშინია, არ მოვისმინო სიტყვები: ექიმო, თავი განიკურნეო. ილოცეთ, რომ არა მარტო ვილაპარაკო, არამედ გავაკეთო კიდეც.
მოგიკითხავთ ყველას,
უკანასკნელი და ცოდვილი, მდაბალი იოსები
|