იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[33] წერილი ბარბარეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[33] წერილი ბარბარეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

წმიდა მთა, 27 თებერვალი, 1947 წ.


ჩემო ნამდვილო და საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, წმიდა სამკაულო, უტკბილესი იესოს პატარა სარძლოო, სამოთხის პაწაწინა ყვავილო და ჩვენი გვარის კეთილსურნელებავ – ჩემს დიდი ხნის საყვარელ ბარბარეს გისურვებ, რომ ჩემმა მდაბალმა ცრემლიანმა ლოცვებმა შენში ნაყოფი გამოიღოს.
დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც ჩემი ეკალბარდიდან მოკრეფილი ყვავილები გამოგიგზავნე – მეორე ეპისტოლე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მომსვლია იმის შესახებ, მიიღეთ თუ არა. ვფიქრობდი, იქნებ სადმე დაიკარგა-მეთქი. შემდეგ კი ძილში გიხილე: ჩემს წინ დაიჩოქე და ფეხები დამილბე ამბორით. გავიღვიძე და გავიფიქრე. ჩანს, მიიღო ეპისტოლე-მეთქი, და ასე დავწყნარდი.
ახლა ჩვენთან ღამის პირველი საათია ბიზანტიური დროით. მამა ათანასე მოვიდა და სხვების წერილებთან ერთად (შენთვის უცნობი, ჩემთვის კი ნაცნობი ჩემი შვილებისგან) შენიც მომიტანა. დაუყოვნებლივ გავხსენი, რათა გამეგო, კარგად ხართ თუ არა, და რომ უფლისგან თქვენი სულისთვის სასარგებლო გამომეთხოვა.
წერილი მცირე იყო, ხოლო რომ მწერ, მოგწერეო, ის, როგორც ჩანს, დაიკარგა. ამაში კი არ წერია, ჩემი მიიღეთ თუ არა.
ვკითხულობდი რა შენს ეპისტოლეს და მივაღწიე იმ ადგილს, რამაც ჩემი სული ანუგეშა, იმწუთას სიხარულისგან შეშლილივით წამოვხტი და მუხლი მოვიყარე, ხელები განვაპყრე და... გითხრა, რა სიტყვებს წარმოთქვამდა ენა, რას ჩურჩულებდა განუწყვეტლად ბაგე, რას ღმრთისმეტყველებდა გონება დაუცხრომლად, თვალები კი მოუკლებლად ცრემლებს ღვრიდნენ?! გმადლობ-მეთქი, ვამბობდი, ტკბილო ნიავო, ჩემი სულის ცხოვრებავ, ჩემი გონების ნათელო, ჩემი გულის ნუგეშო, ჩემო ტკბილო იესო. გმადლობ, ჩემო უტკბილესო სიყვარულო, საწადელო იესო, რომ არ უგულებელყავი ჩემი მდაბალი ვედრება, არამედ შეისმინე ჩემი ხმა და შეიწყალე ჩემი პატარა ბარბარე და აი, ორი დღის შემდეგ წმიდა სქემას შეიმოსავს, სახელს გამოიცვლის, ცოდვები შეენდობა, ქრისტეს სარძლო გახდება, ჩაიწერება ზეცაში, ანგელოზების წინაშე აღთქმებს დადებს, საქორწინე სამოსად მადლს შეიმოსავს და აღარ ეწოდება ბარბარუნა, აღარ ეყოლება ერში დედა და ძმა, არამედ ზეცისას განიზრახავს, ზეციერთ შეეჯიბრება, ზეცისაზე იფიქრებს, საკუთარი ნება-სურვილი აღარ ექნება, თავის გემოზე აღარ იცხოვრებს, თავის სხეულზე აღარ ექნება უფლება, არამედ ყველაფერს უარყოფს და იღუმენიას სიტყვაზე იქნება დამოკიდებული უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ისევე, როგორც სულიერ მოძღვარზე.
აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ მუდმივად მდუმარეა, გონებრივ საქმიანობაში, გონებისმიერ საუბარში, თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, თაფლმოუბარი ენით, უბიწო სხეულით, სუფთა და უფანტაზიო გონებით, გონებაგაუფანტავი ლოცვით, ზომიერი საუბრით, განუწყვეტელი მშვიდობით, სრული მორჩილებით, უტკბილესი იესოსადმი ცეცხლოვანი სიყვარულით, რომლის საღმრთო ალიც მუდმივად ანთებული აქვს და არასდროს უქრება, არამედ, იტყვის თუ არა: „იესო“, იმწუთას სული იხარებს, ბაგეები ტკბება და მთლიანად იღვიძებს გონებითნაშენი ადამიანი.
სიყვარულს ასეთი თვისება და საღმრთო პრივილეგია აქვს: როდესაც საყვარელის სახელი ესმის, გული აუძგერდეს – გინა ხორციელი იყოს, გინა სულიერი – და სიყვარულის სიტკბოებას აფრქვევდეს. როდესაც მადლი სულის საღმრთო ბრწყინვალების ნათელს გამოანათებს, ადამიანი „გიჟდება“ და როგორც წმიდა დავითი, რომელიც საღმრთო კიდობნის წინაშე მხიარულებდა და ცეკვავდა, ასევე ჩვენც გონებრივად ვიხარებთ საღმრთო ხატის წინაშე.
აი, წავიკითხე თუ არა შენი ეპისტოლე, იმწუთას ვილოცე და პასუხი მოგწერე, რომ დაწყნარდე და არ თქვა, რომ დამავიწყდი. ხოლო კვირას (ახლა პარასკევი თენდება), იმ დროს, როცა აღთქმებს დადებ და სულიერი მოძღვარი ლოცვებს წაგიკითხავს, მეც მანდ ვიქნები გონებრივად და მეც თქვენთან ერთად ვიგალობებ: „წიაღნი მამულნი”... და ა.შ. მთელი ღამისთევა ვილოცებ შენთვის და იმ დებისთვის, რომლებზეც მწერ, ასევე, ყველა ქრისტესმიერ დიდი და უმცროსი დედისა და დისთვის.
წმიდა მამის მარჯვენას ვემთხვევი.

მოგიკითხავთ ყველას,
უკანასკნელი მონ. იოსები


გაწყვეტილ სიმს ვაგრძელებ. მიიღებთ თუ არა ამ წერილს, მომწერეთ ახალი და მართლაც ზეციური სახელი, რათა „ბარბარე“ წავშალოთ და მის მაგივრად ახალი ჩავწეროთ. ისიც მომწერეთ, მიიღეთ თუ არა ჩემი ვრცელი წინა წელს დაწერილი ეპისტოლე. კონვერტს აეროფოსტის მარკა დააკარით, რომ მალე ჩამოვიდეს და მე, საწყალიც, დავწყნარდე.
ოღონდ ყველაფერი წმიდა მამისა და იღუმენიის ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს.

ისევ მოგიკითხავთ,
ისევ მე


იმავე ქაღალდზე დავწერე, რათა წამითაც არ დავაყოვნო.
ვინ არის დედა კირიაკია?
 
თემატური კითხვები
0