ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მწუხარების, ტკივილისა და შრომის შესახებ

მწუხარების, ტკივილისა და შრომის შესახებ

დაე, თქვენს სულებში ზეციერი მამის სიყვარული სუფევდეს, რომ მისგან შთაგონებულებმა ღვთის მიერ მოცემული მაცხონებელი მცნებების მორჩილების ნაყოფი გამოიღოთ. „ყოველთავე, რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებად ქრისტე იესოს მიერ, იდევნენ“ (2 ტიმ 3, 12). რაკი ქრისტე მაცხოვარს ანგელოზებრივი მოქალაქეობის ერთგულებით შეუდექით, უდიდეს მოვალეობად გეკისრებათ მწუხარებათა დათმენა, განურჩევლად მიზეზისა – ბუნება იქნება თუ მცონარობა, ცოდვები თუ ადამიანები. თუ ქრისტესმიერი ცხოვრება გვსურს, ღვთის ნების მორჩილება გვმართებს, რადგან ყველაფერი ღვთისგან გვეძლევა. ღვთისგანაა? მაშასადამე, ღვთის ნებაა, – ასე გვიბრძანებს ზეციერი მამა. არ დავემორჩილოთ? „ვითარცა უნდა [უფალსა], ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ“ (იობ. 1, 21) – არ ვთქვათ ნეტარი იობივით?
ასე რომ, მოთმინებით და ღვთისადმი მადლიერებით უფლის ნების მორჩილებას გამოვხატავთ. ღვთის ნებას დამორჩილებული კი საკუთარ თავში საუკუნო ცხოვრებას განა აქვე არ მოიპოვებს? დიახ, ის მარადიულად იცოცხლებს!
მაშ, ვიღვაწოთ. ღვთისთვის სათნო საქმეების აღსასრულებლად ჩვენი სულები მოთმინების სალესზე ავლესოთ. ჭირი, სნეულება, მწუხარება, განსაცდელი – ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, რადგან წინასწარ გვასწავლეს და ვიცით, რომ ვიწრო და ჭირით აღსავსეა გზა, რომელსაც მასზე მავალნი უჭირველი ცხოვრებისკენ მიჰყავს. ამ გზაზე ეკლები და კუროსთავები გვხვდება და ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს.
ამ ჭირით აღსავსე გზაზე სნეულების ან სხვა განსაცდელის დროს მცირედმორწმუნეობის, მოუთმენლობის, სიმხდალის ეკალი სულის სამოსლის დაფლეთას ცდილობს. ამიტომ იგი რწმენით, სასოებითა და მოთმინებით უნდა ამოიძირკვოს. ჩვენი მაგალითი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მრავალი მწუხარება დაითმინა, მისი ყოვლადწმიდა სული ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა; ამიტომ ღაღადებს: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19).
ღმერთი, როგორც მამა, სნეულებითა და სხვადასხვა მწუხარებით გვასაჩუქრებს, რადგან ეძებს გზას თავისი სიწმინდის გადმოსაცემად. „ვინმე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა... მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი“ (ებრ. 12, 7-8). როცა გასაჭირს ვითმენთ, ცხადად ჩანს, რომ ღვთის შვილები ვართ. შესაბამისად, თუ ღვთისშვილობა გსურს, უფლის მიერ მოვლენილი მწუხარება და განსაცდელი მადლობით, რწმენით და სასოებით დაითმინე.
ადამიანების მიზეზით მოსული განსაცდელიც ღვთისგანაა, რომ შემწყნარებლობა, სულგრძელობა, თანაგრძნობა და მოთმინება ვისწავლოთ. ეს ღვთიური თვისებებია. როგორც უფალი გვეუბნება: „მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა” (მათ. 5, 45), ამიტომ სიყვარული ყველა ადამიანის მიმართ გვმართებს. სიძულვილის ან ბოროტების კვალიც არ უნდა არსებობდეს ჩვენს სულებში, თუ გვინდა, რომ ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ.
მთელი ცხოვრების ჭირთათმენა ვერ შეედრება იმ მიუწვდომელ სიკეთეს, რაც ღმერთმა განუმზადა მათ, ვინც ვნებიანი ბუნების, ადამიანებისა თუ ეშმაკებისგან მოვლენილი განსაცდელების ჯვარს იტვირთავს. როცა რაიმე ვნება ან უძლურება გვებრძვის და ვეწინააღმდეგებით, სწორედ ის გვექცევა მიზეზად, რომ ნეტარების ღირსნი გავხდეთ: „ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისა“ (იაკ. 1, 12).
ამიტომ, შვილო, ყველაფერი მოითმინე, რადგან თითოეულისთვის გვირგვინი უხილავად იწვნება. ზამთარი მკაცრია, სამოთხე კი – ტკბილი. დაითმინეთ განსაცდელების ყინვა, რომ ზეცაში იმხიარულოთ.

2. შვილო, ბევრი რამ გვაჭირვებს, მაგრამ ნეტარია ის, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებას მოთმინებით და მადლობით იტანს. დიახ, მოვალენი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს, რომელიც მწუხარების მეშვეობით ჩვენს უკვდავ სულს საუკუნოდ ცათა სასუფევლის მემკვიდრედ ამზადებს!
უფალი განსწავლის „უმჯობესისათვის, რაითა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა“ (ებრ. 12, 10). მრავალი ჭირით მზადდება ჩვენთვის საუკუნო დიდება!
ამიტომ არ არის საჭირო და არც გვარგებს, რომ უფლისმიერი სწავლების დროს გულისწყრომამ მოგვიცვას. ადამიანის სულისთვის სასარგებლოა სულთა და ხორცთა მკურნალის მორჩილება. ღმერთი სხვადასხვა მწუხარების დროს ჩვენი სულების დაფარულ ჭრილობებს წმინდა მიზნით უტარებს ქირურგიულ მკურნალობას, რათა ჯანმრთელობა, ანუ სამარცხვინო ვნებებისგან გულის განწმენდა მოგვანიჭოს.
ჩვენ ვალდებულნი ვართ განუწყვეტლივ საქმით ვმადლობდეთ ამ ყოვლადბრძენ სულიერ მკურნალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაიმე ცოდვით არ დავამწუხროთ ის.
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემულებს, ცხოვრება უჭირველად, ტანჯვის გარეშე რომ განვვლოთ? სწორედ ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ცოდვებისთვის. შესაბამისად, უფლის მაცხონებელი განსწავლის მათრახი გვჭირდება, რომ კაცთმოყვარე ღვთის მოწყალების მადლით ცათა სასუფეველში ბედნიერი დამკვიდრების ღირსნი გავხდეთ.
ვიცი, შვილო, როგორ უყვარხარ ღმერთს, რასაც შენი ხშირი მოხილვითაც გიჩვენებს. ასევე ვიცი შენი მხნე მოთმინებისა და განუწყვეტელი მადლიერების შესახებ ღვთის – დიდი მკურნალის – მიმართ.

3. რატომ ხარ დამწუხრებული, რატომ მიუყვები ღვთის გზას დაღონებული? ისინი უნდა დაღონდნენ, ვისაც ღმერთი დავიწყებიათ, ვისაც ღვთის მაცოცხლებელი და დაუშრეტელი წყაროს იმედი არ აქვთ. ჩვენ კი, ვისაც ცოცხალი ღმერთი გვწამს და სასოებას მასზე ვამყარებთ, უნდა გვიხაროდეს, რადგან ზეცაში გვყავს მამა, რომელსაც ყველა მამასა და დედაზე მეტად ვუყვარვართ და უსაზღვროდ ზრუნავს, რომ მისი ღირსნი გავხდეთ!
თუმცა ყოველ წამს ვცდებით! დიახ, არ უარვყოფ ამას, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 21). ჩვენ შიგნით ვხედავთ სჯულს, რომელიც ჩვენი თავისუფალი ნების დამორჩილებას ცდილობს, რათა ცოდვის მონად აქციოს იგი (რომ. 7, 23).
თუმცა კეთილი ნება ყოველივე ამას ამარცხებს. ღვთის მიერ მოცემული იარაღით - ჯვრისადმი სასოების სახელოვანი დროშით, ცოცხალი რწმენით მისდამი, ვინც თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5), ქრისტეს იმედით, რომელიც ჯვარს ეცვა, სატანის ყველა თავდასხმას ვიგერიებთ. ქრისტეს შემყურე და მსასოებელი კი არასოდეს შერცხვება.
ყოვლადუხრწნელმა სისხლმა, რომელიც ჯვარზე დაიღვარა, კაცობრიობას ცოდვები შეუნდო და ცხოვრება აღმოგვიცენა. „ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას“ (ფსალმ. 33, 8).
გამხნევდი, შვილო. შენი მწუხარება სიხარულად იქცევა და დიდ სიკეთეს მოგიტანს. სევდა რკინის აბჯარივით გიცავს მიწიერზე მიჯაჭვულობის ბოროტი ისრებისგან, რომ შენი გონება ზეციურ სიკეთეებსა და უკვდავ სულზე ზრუნვას არ განეშოროს. სიხარულს მწუხარება მოჰყვება და მწუხარებას სიხარული, როგორც დღეს ღამე. ასე განსაზღვრა ზეციერმა მამამ ცხონებულთა გზა. ოღონდ მოთმინება და იმედი დაიმარხე გულის სიღრმეში და მათი საშუალებით ყველა წინაღობას გაუმკლავდები.
ხელი ჩასჭიდე ტკბილ იესოს. მწუხარებაში მყოფმა მას უხმე. შენს მწუხარებაზე ზრუნვა მას მიანდე და ის ყველაფერს ისევე კეთილად მოაწყობს, როგორც წინასწარმეტყველი სამუელის დედის, ანას შემთხვევაში, ბერწობით დამწუხრებული ღმერთს რომ შეუვრდა, შეშლილივით გადაუშალა სული და თხოვნის შესრულებასაც მიაღწია.
ღმერთის მსასოებელი ვინ დარჩენილა შერცხვენილი? რა თქმა უნდა, საუბარია არა განქიქების ღირს იმედზე, არამედ ქმედით სასოებაზე, რომელიც შეძლებისდაგვარად სულიერ მოღვაწეობასთან არის შეზავებული. სხვაგვარად ეს იმედი კი არა, დაცინვაა. ასეთი მზაკვრული იმედისგან გვიხსენი, ღმერთო.

4. რამდენს კარგავს ადამიანი, რომელიც ღვთისშვილობას ივიწყებს და არ ფიქრობს, რომ განისწავლება, როგორც ღვთის შვილი! სიყვარული ხორციელ მშობლებს საკუთარი შვილების აღზრდის აუცილებელ მოვალეობას აკისრებს. ღმერთი კი ჩვენი მამაა და საკუთარ შვილებს განგვსწავლის, რომ განგვანათლოს და თავის სიწმინდეს გვაზიაროს.
„შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰხსნდები მის მიერ მხილებასა" (იგავ. 3, 11). ქრისტიანების მიერ საკუთარი მამის – ღმერთის დავიწყება დიდი ბოროტებაა, რადგან მამობრივი კვერთხის (ტკივილი, მწუხარება, განსაცდელი და სხვ.) მოხვედრისას იმედს კარგავენ, ათასი გულისსიტყვა ეუფლებათ, რაც სწავლას ძალიან აძნელებს და უნუგეშოს ხდის.
რა მშვენივრად ამბობს პავლე მოციქული: „მოჰმედგრდეთ ნუგეშინისცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყვის თქუენ“ (ებრ. 12, 5). დავივიწყეთ, – ამბობს, – ნუგეშისმომცემი რჩევა, რომლითაც ღმერთი, როგორც შვილებს, ისე მოგვმართავს.
ღვთის მიერ განსწავლა საკუთარი შვილებისა, რომელთაც ის იცნობს, გარდაუვალია. ღმერთი დათმობაზე არ მიდის. არაჯანსაღი სიყვარული, რომელსაც ბევრი უგუნური მშობელი შვილებისადმი ავლენს, მათ საყვარელ შვილებს დაღუპვასა და საუკუნო სატანჯველს უმზადებს. ღვთისთვის, როგორც უვნებოსა და წმინდისთვის, უცხოა ასეთი სიყვარული, ამიტომ საყვარელი შვილებისთვის მწუხარების ასარიდებლად მათ შეცდომებსა და სიმახინჯეზე თვალს არ ხუჭავს. არა, ათიათასჯერ არა! ის ღმერთია, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს თავისი შვილები, აღზრდის მათ, დაარიგებს, თავისუფლებას შეუზღუდავს, სხვადასხვანაირად დატუქსავს, რათა მათი ბოროტი თვისებები თავის წმინდა თვისებებად გარდაქმნას იესო ქრისტეს სახელის დიდებისა და ქებისთვის.
ქრისტეც, მამის საყვარელი ძე, თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე უფლის წვრთნას ემორჩილებოდა არა იმიტომ, რომ უცოდველ ღმერთს ეს სჭირდებოდა, არამედ ადამიანის საცხონებლად, ჩვენს დასამოძღვრად და სამაგალითოდ, რათა მის კვალს გავყოლოდით. „უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ... იყავნ ნება შენი" (მათ. 26, 39-42).

5. სულის გონიერი თვალი ყოველთვის ზეცისკენ გქონდეს მიპყრობილი, საიდანაც შეწევნა მოვა.
რაც უნდა მოხდეს, უიმედობას ნუ მიეცემი. განსაცდელს გამოსავალიც მოსდევს. ღმერთი არასდროს უშვებს, უფრო სწორად, არ ტვირთავს ადამიანს იმაზე მეტით, რისი ატანაც შეუძლია. თუკი ადამიანები განსაზღვრავენ ტვირთის სიმძიმეს, მით უფრო სახიერი ღმერთი, რომელმაც კაცთათვის თავისი ყოვლადწმიდა სისხლი ჯვარზე დაღვარა!
ჭეშმარიტებაა, რომ წარმავალი მწუხარების დათმენით ქრისტიანები მომავალ საუკუნო სიხარულსა და განსვენებას შეიძენენ.
არასოდეს, არასოდეს შევნატროთ ადამიანებს, რომლებსაც აქვე, დედამიწაზე მუდმივად აქვთ სიხარული და სიმშვიდე. ისინი უფრო უნდა გვეცოდებოდნენ, რადგან წარმავალი სიხარული მათ მომავალ ცხოვრებაში დაბრკოლებად ექცევათ.
ღმერთი მოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც; ამ ცხოვრებაში მოწყალეა, სიკვდილის შემდეგ კი – მართლმსაჯული. მას არ შეუძლია მწუხარე ქრისტიანებს – ჭეშმარიტ და არა მხოლოდ სახელით ქრისტიანებს – საუკუნო მწუხარება განუწესოს, არამედ იქ მიანიჭებს სიხარულს, რომლის წართმევასაც ვერავინ შეძლებს. შეუძლებელია, ღმერთმა სატანჯველიდან სატანჯველში შეიყვანოს ადამიანი. მაშ, შენც არ დამწუხრდე, გამხიარულდი, რადგან ღმერთმა აქ დროებითი ტანჯვის ღირსი გაგხადა, საუკუნოდ რომ განგისვენოს.
საუკუნო სიხარული მხოლოდ მწუხარე ქრისტიანების ხვედრია. უფალი წმინდა სახარებაში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ ამბობს: „აბრაჰამ ჰრქუა [მდიდარს]: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები" (ლუკ. 16, 25).
ღვთისთვის უცხოა მიკერძოება, იგი სამართლიანად განაგებს. თუ წმინდანების ცხოვრებას გადაავლებ თვალს, მხოლოდ განსაცდელს, ჭირს და მწუხარებას ნახავ. ცხოვრება მათ ასე გაატარეს. ერთი ტკბობისმოყვარეც ვერ შევა გამოუთქმელი სიხარულით აღსავსე საუკუნო სამკვიდრებელში, რომელიც მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ღვთის გამო, მისი მცნებების დასაცავად ჭირი დაითმინა.
უფალი ამბობს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16, 33). დედამიწაზე მოსულმა ღმერთმა ცხოვრება შრომასა და ტკივილში გაატარა. და როგორი იყო მისი აღსასრული? დაწყევლილივით ჯვარს ეცვა, წყევის ზღუდე რომ დაერღვია.
ღმერთკაცს საშინელი ტანჯვისგან გული შეეკუმშა და აღმოხდა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე?“ (მარკ. 15, 34) მიწა შეირყა და ტაძრის კრეტსაბმელი ხილულად გაიპო შუაზე, ხოლო ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული წყევის მიუდგომელი ზღუდე უხილავად ბოლომდე დაირღვა. იესოს სულის ამოსვლით შეერთდა ის, რაც უწინ გამიჯნული იყო და ადამიანი არა მხოლოდ ღვთის მეგობრად, არამედ ნათესავადაც იქცა, ძეობის მადლი მიიღო. გახდა „მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17), რადგან კაცთა მოდგმამ ღვთის ძეს დედად ყოვლადწმიდა ქალწული მისცა. ქრისტემ მისი წმინდა სისხლისგან შეისხა ხორცი და ეს ხორცშესხმული ღმერთი ღვთისა და მამის მარჯვენით დაჯდა. მას შემდეგ უფალი ზეცაში იხილვება და თაყვანისცემულია ანგელოზთა მიერ თავისი ადამიანური ბუნებითაც.
ხედავ, სად ამაღლდა ადამიანის მოდგმა? ადამიანები მადლის მიერ განიღმრთნენ! მწუხარების გარეშე განა ვინმე შეძლებს იქამდე მიღწევას? მწუხარებასა და გასაჭირში ვიქნებით, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდება და დავიწყებას მიეცემა. მაშინ კი საუკუნო სიხარული ფართოდ გაშლილი ხელებით ნაზად მოგვეხვევა და დაგვიძახებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი [ჭირით], და მე განგისუენო თქუენ“ (მათ 11, 28).
ყოველი შენი საქმისა და ქმედებისას, სიტყვიერი იქნება თუ გონებისმიერი, იფიქრე, რომ ღმერთი ჩვენ გვერდითაა, ყველაფერს ხედავს და ერთ მშვენიერ დღეს განგვსჯის. ამ მაცხონებელი აზრისგან იბადება ღვთის შიში, რომელსაც დიდი სარგებლობა მოაქვს. „წინასწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა“ (ფსალმ. 15, 8), – ამბობდა წინასწარმეტყველი დავითი. „სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ – ალაგთა ჩემთა" (ფსალმ. 118, 105). ამასვე მოაქვს სიმდაბლეც. ასე რომ, სიმდაბლეს მხოლოდ განსაცდელი და გამოცდილება კი არა, სულიერი აზროვნება და საკუთარი უძლურების შეცნობაც წარმოშობს.
კაცი იფიქრებს, რამდენად უძლურია ადამიანი, რომ სიკეთის კეთება – რაც მისთვის ბუნებრივია – არ შეუძლია. ბოროტებას კი, რომელიც შემოპარულია მასში, ძალიან იოლად სჩადის. ადამიანს სურს სათნოეყოს ღმერთს, მაგრამ თუ ღვთის მადლი არ შეეწია, მისი გაკეთებული სიკეთე სიკეთე არაა, ამაოა მისი სურვილიცა და შრომაც.
ადამიანი ფიქრობს თავის წარსულზე – როგორ სცოდავდა, როცა ღმერთს არ იცნობდა, წუხს, მდაბლდება, ტირის, შენდობას ითხოვს და ამბობს: „ღვთის მადლმა ახლაც რომ მიმატოვოს, შეიძლება უარესი ჩავიდინო“. მაშინ შიშნარევი სიმდაბლე მოიცავს მის სულს. ასეთ განსჯას ეწოდება ადამიანის უძლურების შემეცნება, რომელსაც შრომისა და მწუხარებების გარეშე გამოაქვს სიმდაბლის სასარგებლო ნაყოფი.
დიახ, განსაცდელი მოდის. უმეტესად ამპარტავნებაა ამის მიზეზი. თავმდაბალ კაცს განსაცდელიც უფრო ნაკლები და მსუბუქი ხვდება. ადამიანი მზადყოფნაში უნდა იყოს ისევე, როგორც გემის კაპიტანი, რომელიც სიწყნარის შემდეგ ქარიშხლის მოლოდინშია. როცა კაცი რაიმეს ელის და მოსალოდნელი მოვა, უცნაურად აღარ ეჩვენება, რადგან ამას მოელოდა. ამიტომ, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს, რომ განსაცდელის მოსვლით არ დამწუხრდეს. შვილო, განა შესაძლებელია არ გამოვცადოთ მწუხარება, მისი მეშვეობით ხომ საუკუნო, უსასრულო სიკეთე უნდა დავიმკვიდროთ, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორ. 2, 9).

6. ნუ დავივიწყებთ, შვილო, რომ ყველა წმინდანმა საკუთარი მოწოდების შესაბამისად სხვადასხვა მწუხარების სახმილი გაიარა.
თუ თვალს გადავავლებთ წმინდა დედოფალ თეოფანიას სახელოვან ცხოვრებასა და მოქალაქეობას, დავინახავთ, რომ მთელი მისი მრავალტანჯული ცხოვრება ერთმანეთზე მიყოლებულ მწუხარებათა ჯაჭვია. ძალიან იტანჯებოდა, ყოველნაირად ცდილობდა დარიგების, ლოცვის, ცრემლისა და მაგალითების მეშვეობით მოექცია თავისი ცოდვილი კანონიერი მეუღლე, იმპერატორი ლეონ ბრძენი. მთელი ცხოვრების მანძილზე მისი წმინდა სულისთვის ეს ნამდვილი ჯვარი იყო. კეთილ საქმეებთან შეზავებულმა ტანჯვამ ის წმინდანად აქცია.
მაშ, ილოცე, მოითმინე უფლის იმედით და შეაგონე საკუთარ თავს: „ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას" (ფსალმ. 33, 8).
ასეა განსაზღვრული ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე. იგი ახლა ურჩობით შობილ ნაყოფს იმკის, რადგან უკვდავებას განეშორა.
მწუხარების გარეშე ცხოვრებას კაცი, სურვილის, მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შეძლებს, რადგან გამომცდელი, რომელიც ცისქვეშეთსა და მთელ ქვეყანაზე დადის, ყველას განცდის და სჯულის წყევის მწუხარებათა შხამს ასმევს. საითაც უნდა გაიხედო, ვისაც უნდა ჰკითხო, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რაღაც ეკალი ჩხვლეტს და სტკივა.
მწუხარებაც განსხვავებულია. ზოგი წუხს, რომ ურჯულო საქმეებით დატკბობა არ შეუძლია. ეს დანაშაულებრივი წუხილია. სხვების მწუხარება კი მართებულია, ვინაიდან სათანადო მიზეზი აქვთ; ასეთ შემთხვევაში, მწუხარება ამ მიზეზიდან გამომდინარე, ბუნებრივი შედეგია. როცა არსებობს სულიერი ცოდნა და ადამიანი მწუხარებას ითმენს, ის მის განწმენდას უწყობს ხელს.
წმინდა თეოფანიას შემთხვევაშიც ასე მოხდა; მართებულად იტანჯებოდა, რადგან მეუღლე ატყუებდა, ის კი სულიერი ცოდნით, რჩევა-დარიგებებით და თავისი ქრისტიანული ცხოვრების მაგალითით ცდილობდა მის მოქცევას – ითმენდა, ტიროდა, ლოცულობდა და ყოველთვის ღმერთს სასოებდა. ყოველივე ამის გამო მართებულ მწუხარებაზე მისი სიწმინდე დაინერგა.
ამიტომ, შვილო, ყველაფერი მოითმინე, მწუხარებით განიწმინდე. მადლობა შესწირე ღმერთს, რომ ხანმოკლე დროით განგსწავლის, რათა საუკუნოდ განგისვენოს!
თუ ვხედავ ან მესმის, რომ მავანი უჭირველად, კეთილდღეობით ცხოვრობს და ყველა თავის სურვილს ისრულებს, მას ღვთისგან მიტოვებულად ვთვლი!
დაე, ღმერთმა ტანჯულთა შორის შეგვრაცხოს, რათა ჩვენი სახელი ცხოვრების წიგნში ჩაიწეროს და ქრისტეს სასძლოს გარეთ არ დავრჩეთ. როგორც უნდა გვიჭირდეს, ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდება და დავიწყებას მიეცემა. მხოლოდ ბოროტება ან სიკეთე დარჩება და საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება სულს, სადაც დიდ განაჩენს მოისმენს. ხშირად სხვანაირი ვხდები, როცა ამაზე ვფიქრობ და ვტირი, სამსჯავროზე ქრისტეს რა პასუხს გავცემ მე, უღირსი მღვდელი! ილოცე ჩემთვის, რომ არ დავისაჯო.

7. ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო... ჩვენი დედოფლის, ღვთისმშობლის მადლმა დაგიცვას ყველაფრისგან, რაც სულს შეგიბღალავს. ამინ.
„ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა“ (ფსალმ. 118, 143).
სხვადასხვაგვარი მწუხარება ერთმანეთს ენაცვლება. მოთმინება გვესაჭიროება. საღვთო სჯულით გამოძიებისას ვიგებთ, როგორ მოვითმინოთ მწუხარება, რატომ და რა მიზნით მოდის ის.
გასაჭირი მოდის, რათა ტკივილის ამტანი, გამოცდილი მებრძოლები გავხდეთ, ჩვენთვის ჯვარცმულის მიმდევრები, იმ წმინდანთა ძმები, რომელთაც ჯვრის ეკლიანი გზა განვლეს, მოწამეებმა – მოწამეობით, ღირსებმა – მოღვაწეობით, მართლმორწმუნეებმა – წმინდა მცნებათა დაცვით და იმ განსაცდელთა დათმენით, რომელთაც სოფელი, ეშმაკი და ხორცი შობს.
შვებით, განსაცდელის გარეშე არავინ ცხონებულა. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენც განსაცდელით ვიგვემებით, უნდა გვიხაროდეს, რადგან ამ გზით იარეს მათ, ვინც ცხონდა. და რაკი მარადიული ცხოვრება ჩვენც გვსურს, მწუხარების გარდა სხვა გზა არ არსებობს!
მწუხარება მოდის, რომ ღმერთს დაგვაახლოოს, რადგან სევდით შეჭირვებული და დამწუხრებული გული რბილდება და მდაბლდება. დამდაბლებულ გულს კი ღმერთი მოხედავს. „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“ (ფსალმ. 50, 17). „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (ეს. 66, 2)
მწუხარება ცოდვებისა და მათი ეპიტიმიისგან ათავისუფლებს იმ ადამიანს, რომელიც სიხარულითა და შეგნებით ითმენს. სულიერი ხასიათიც ყალიბდება: ადამიანი მოწყალე, თავმდაბალი და მშვიდი ხდება.
ის, ვისაც არ აქვს ჭეშმარიტი ცოდნა განსაცდელის შესახებ, წუხს და დაღონებულია მაშინ, როცა უნდა უხაროდეს, რადგან წმინდა გოლგოთისა და წმინდანების გზაზე მიაბიჯებს.
უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი საღვთო მადლი შეგვეწიოს, რომ ყველაფერი დავითმინოთ და ღვთის სასუფევლის ღირსნი გავხდეთ. ამინ.

8. მრავალი ჭირით ვცხონდებით, შვილო. რომელი წმინდანი განწმენდილა და რომელი ადამიანი ცხონებულა სხვადასხვა სიმწრის სახმილის გაუვლელად? თუ აქ სიმწარეს მოვითმენთ, იქ, სხვა სოფელში, ქრისტე თავისი მშვენიერი სასუფევლით დაგვატკბობს.
როცა მწუხარება გეწვევა, ინუგეშე თავი, რომ ამის შემდეგ სიხარული და მშვიდობა გელის. მუდამ გახსოვდეს სიკვდილი, რომლის ხსენებაც ამ ამაო ცხოვრების მწუხარებაში დიდ ძალას შეგმატებს და სულს ნუგეშით აგივსებს.
შვილო, ცხოვრებისეული სატანჯველი ერთ დღეს დასრულდება, რადგან ეს სოფელი წარმავალია. მხოლოდ ის დარჩება საუკუნოდ, რასაც კაცი თავისი საწყალი სულისთვის მოიმოქმედებს; ეს საქმე წაჰყვება მას ზეცაში ან წარსაწყმედელში.

9. არ იცი, შვილო, რომ ღმერთი ადამიანს უსასყიდლოდ აცხონებს? ცხადია, შრომა ადამიანის განზრახვის მაჩვენებელია, მაგრამ კაცის ვნებებისგან გათავისუფლება შრომას თავისთავად როდი შეუძლია. იმისთვის, რომ ვისწავლოთ იმედის დამყარება ღმერთზე და არა ჩვენს შრომაზე, უფალი უშვებს, რომ შრომის მიუხედავად ისევ განგვცადოს ბოროტმა. ასე რომ, უნდა ვიშრომოთ და თან ვთქვათ, რომ თუ ღმერთი არ დაგვიცავს, ყველა საქმე ფუჭია და ქარს მიაქვს.

10. როცა დავფიქრდებით, რომ ქრისტემ მრავალი სატანჯველი დაითმინა ისე, რომ ცოდვა არ ჩაუდენია, როგორ გავიმართლებთ თავს? იმით, რომ ის ღმერთი იყო? დაფიქრდი, ღვთის რა უსაზღვრო მოწყალებაა – განკაცდა და ჩვენ, ცოდვილთა, დამნაშავეთა და დასჯილთა გამო ამდენი სამარცხვინო ვნება დაითმინა: ყვრიმლისცემა, გაშოლტვა, შეურაცხყოფა, ჯვარცმა – ყველაზე დამამცირებელი სიკვდილი; „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (გალ. 3, 13).
ქრისტემ, თვით ღმერთმა, ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ამდენი რამ იტვირთა. რა პასუხს გავცემთ ჩვენ, თუ მისი სიყვარულისთვის ან თუნდაც ჩვენი ცოდვების გამო განსაცდელს არ მოვითმენთ?
მრავალი მწუხარებით გადარჩება ადამიანი. უჭირველად არავინ ცხონებულა. ღვთისკენ მიმავალი გზა ვიწრო და ეკლიანია და ვისაც ამ გზით სიარული სურს, მწუხარებს, სისხლი და ოფლი სდის. ჩვენც ამ გზით ვიაროთ, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროთ.

11. ნუ შეშინდები, ნუ დაფრთხება შენი გული. ქრისტე ფარული ხელით უხილავად შეგეწევა; გცდის, რათა თავისი მადლი მოგანიჭოს.
რაც უფრო კარგად მუშავდება გულის ნიადაგი, რაც უფრო ღრმად გაატარებს გუთანს მიწათმოქმედი, ყანა თავის დროზე მეტ მოსავალს მოგვცემს. ჩვენს სულსაც ასე ეპყრობა დიდი მიწათმოქმედი – ღმერთი. განსაცდელი, ჭირი, ტკივილი, მწუხარება, ღვთის დაშვებით, ღრმად იჭრება ჩვენს გულში, ამის გამო ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ადამიანი იტანჯება, დარდობს, როგორ გაუმკლავდეს ამა თუ იმ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი ღვთისმოყვარეებს შეეწევა, სწორი გამოსავალი მოძებნონ.

12. ვევედრები ღმერთს, მოთმინება და ზნეობრივი ძალა მოგვმადლოს იმ განსაცდელის გადასატანად, რომელიც მან ჩვენი სარგებლისთვის მოგვივლინა. ასე უშვებს ღმერთი თავის შვილებზე განსაცდელსა და მწუხარებას. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულყოფილებას აღწევს სული. ტკივილი განწმენდს მას და სიმდაბლით, თანაგრძნობით, სიკეთით აღავსებს. ასე მზადდება ნიადაგი ჩვენში ღვთის დასამკვიდრებლად.
ნუ დაიღლებით განსაცდელში, რადგან განსაცდელთა მეშვეობით მივიწევთ წინ ღვთაებრივის მოსაპოვებლად. განსაცდელი ცხადყოფს, რომ ღვთის შვილები ვართ და გვსურს, ვიყოთ მისი მემკვიდრეები.

13. განაგდე, შვილო, ბოროტი გულისსიტყვები, რადგან ეშმაკს ადამიანისთვის სიკეთე არასოდეს უნდა. იგი მას სხვადასხვა სიძნელით არწმუნებს, რომ მონაზვნობისთვის გამოუსადეგარია. და ეს იმიტომ, რომ ეშმაკს წვავს შავი ანაფორა, რომლითაც ქრისტეს მხედარს შეიცნობს.
დაე, გვქონდეს განსაცდელი და ჭირი. ქრისტესაც ჰქონდა მწუხარება და ჯვარზე გაკრულმა საშინელი ტკივილით შეავედრა მამას თავისი ღვთაებრივი სული. ქრისტემ – ჯვარზე მიმსჭვალულმა, შიშველმა, მიტოვებულმა, ათასობით ადამიანისგან შეურაცხყოფილმა – სიხარულით რამდენი დაითმინა ჩვენთვის, უმადურთათვის. ჩვენ კი, შვილო, მცირეოდენი ჭირი და ტკივილი ვერ მოგვითმენია?!
მეორედ მოსვლის დროს ქრისტე ჩვენდამი სიყვარულის ნიშანს – თავის ხორციელ წყლულებს – გვიჩვენებს. მაშინ ჩვენც, შვილო, მისი სიყვარულისთვის მწუხარებით ნატკენი და დასისხლიანებული გული ვუჩვენოთ.
ყველა წმინდანმა დაითმინა დიდი ჭირი. მოწამეებმა რა აღარ გადაიტანეს. ამიტომ მოთმინება იქონიე, ილოცე და ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენს ძალებზე აღმატებული ტკივილი შეგვხვდეს.

14. დიდი ნუგეშია, შვილო, რომ თითოეულს ქრისტეს სიყვარულისთვის გაწეული შრომის მიხედვით მიეცემა სასყიდელი. ძალიან ბევრს შრომობს ის, ვინც ტვირთულობს თანამედროვე ეპოქის ადამიანებს, რომელთაც ეგოიზმი და საკუთარი ნება მართავს.
ნუ დავკარგავთ მხნეობას, რადგან ჩვენ გვერდით უხილავად ქრისტეა, რომელიც შერისხავს განსაცდელთა აბობოქრებულ ზღვას და მადლის სიმშვიდეს მოგვიტანს.
იბრძოლე აქაფებულ ტალღებთან; უხმე ერთ ყოვლისშემძლე ღმერთს: „უფალო, უფალო, გარდამოიხილე ზეცით, იხილე ჩემი განსაცდელი და ჩემი სული შენი ნების აღსასრულებლად წარმართე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი“.

15. ვლოცულობ, ჩვენმა ტკბილმა ღვთისმშობელმა სულიერი და ხორციელი სიჯანსაღე მოგანიჭოს, მწუხარება შეგიმსუბუქოს და სულიწმიდის მადლით, ნუგეშით შეგიცვალოს ის.
ეჭვგარეშეა, რომ ყველა მწუხარება ჩვენი სნეული სულის საკურნებლად გვეძლევა, რათა გემოთმოყვარებისა და ყოველგვარი ვნების შხამი მათი საშუალებით დაითხიოს. ზეციერი მამის სიყვარული თავისი შვილებისადმი ძირითადად მწუხარებაში წრთობით ვლინდება, მის სიწმინდეს რომ ეზიარონ და საუკუნო, განუზომელი დიდება შეემატოთ!
როგორც უნდა გვიჭირდეს ამ წუთისოფელში, ერთ დღეს ჩვენი ტკივილი შეწყდება. ქრისტემ და ღვთისმშობელმა გვიხსნან, რომ სიკვდილის შემდეგ მწუხარება და სატანჯველი არ ვიხილოთ. თუკი ჯოჯოხეთზე ფიქრიც კი შემზარავია, მით უმეტეს საზარელია, როცა ვინმე იქ ყოფნით საუკუნოდ დაისჯება!
ვევედროთ ღმერთს, შეგვიწყალოს, სიმდაბლით ვთხოვოთ წყალობისა და შენდობის ღირსნი გაგვხადოს; რადგან ღვთის სიტყვამ ბრძანა: „ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ“ (მათ. 21, 22) და „ითხოვდით, და მოგეცეს“ (მათ. 7, 7). დიახ, ყოველდღე და ყოველ წამს ვითხოვოთ ცნობით და უმეცრებით ჩადენილი ცოდვების შენდობა და შეწყალება; მისი ღვთაებრივი სიტყვების იმედი გვქონდეს, რომ ჩვენს სიმდაბლეს წყალობით მოხედავს. ამინ.

16. დიდება ყოვლადბრძენ უფალს, რომელიც სიმწრიდან სიტკბოს გამოიღებს და ჩვენს ცოდნას მისი უსაზღვრო სიყვარულის შესახებ ასე ამდიდრებს. იგი ჭირითა და განსაცდელით გვამათრახებს, რომ მიგვიზიდოს, რადგან იცის – ამ ცხოვრებაში მწუხარებით ადამიანი მის სიახლოვეს დარჩება და ცხონდება.
უზრუნველი ცხოვრება დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ხსნას. წმინდა მამათა აზრით, განცხრომით მცხოვრები ადამიანის სულში ღვთის სანაცვლოდ ეშმაკის სული მკვიდრობს.
ამიტომ ამქვეყნიურ მწუხარებაში მოთმინება და მადლიერება გვმართებს, რადგან ღმერთს ეს ორივე სათნოება ძლიერ აამებს. ვისურვოთ, უფალმა ამსოფლიურ მწუხარებაში დიდი მოთმინება მოგვცეს, რომ კეთილისმომნიჭებელ მზრუნველს ყველაფრისთვის მადლობა შევწიროთ.

17. ბევრჯერ მითქვამს, მწუხარება, რომელიც გტანჯავს, შენი ჯვარია; ის ჩვენმა იესომ მოგცა, რომ მისი მიმბაძველი გახდე და უფლის სიყვარული შენთვის უცხო არ იყოს (ქრისტესთვის ჯვარცმით მჟღავნდება ჩვენი მისდამი სიყვარული). ვისაც ის გულწრფელად უყვარს, მხოლოდ თაბორის მთაზე როდი მიჰყვება, სადაც ღვთაებრივი დიდება გამოჩნდა და სადაც ის ტკბილი მადლითა და სიხარულით მოგვიხილავს; არამედ წმინდა გოლგოთის აღმართზეც მასთანაა, ჯვარცმამდე მის გვერდითაა, ანუ მადლის მოკლებისა და მწუხარების დროსაც, რასაც შეჭირვება, ტკივილი, უიმედობა, დაეჭვება, შრომა და ოფლი მოსდევს. სწორედ მაშინ გამჟღავნდება, თუ როგორია შინაგანი ადამიანი – ყალბი თუ მართალი, გამოცდილი თუ გამოუცდელი, კაპიტანი თუ მეზღვაური. სწორედ მაშინ გამოიცდება თითოეულის მისწრაფება; მხნე და დამთმენი შინაგან ჯილდოს იღებს – მას ღმერთი მოიხილავს მადლის გამრავლებით. ამგვარად იწვრთნება ქრისტიანი სულიერ ბრძოლაში, სანამ აღესრულება და განისვენებს.
სიბრძნით იბრძოლე. სიხარულით და მოთმინებით ატარე შენი ჯვარი, სანამ თხემის ადგილზე, საფლავთან მიიტან, რომ ჩვენმა იესომ აღდგომა მოგმადლოს! ვინც თავის ჯვარს ქრისტეს სიყვარულისთვის ატარებს, უკანასკნელ დღეს უფლის მიერ აღდგება. რამდენ ხანს გასტანს ჩვენი ცხოვრება? სიკვდილის დრო დაფარულია, მოთმინება კი საუკუნოდ დაჯილდოვდება.
მწუხარების ამ ჯვარმა ამდენი მოგმადლა და კიდევ ბევრს მოგმადლებს! მაგრამ შენ ვერ ხედავ, რადგან ღმერთი შენს სასიკეთოდ თავისი განგებულებით ფარავს ამას. ევედრე ღმერთს, მოთმინება მოგცეს; სრული შეგნებით მადლობდე მას და მაშინ შეძლებ სიხარულით აიტანო ყველაფერი, რადგან მწუხარების გზით გადარჩენას ელოდები.

18. ადამიანის ცხოვრება მოწამეობად იქცა იმ წუთიდან, როცა ჭეშმარიტ ბედნიერებას მოვწყდით. ახლა ურჩობის ნაყოფს ვიმკით: „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ [მიწა]" (დაბ. 3, 18). იმავეს აღმოაცენებს ჩვენი გულიც. ჭირი და ტანჯვა რომ არა, როგორ მივხვდებოდით, რომ სამოთხიდან ვართ განდევნილები?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაიმე გასაჭირი არ ჰქონდეს. კეთილმორწმუნე ქრისტიანებიც იტანჯებიან, მაგრამ სულის სიღრმეში იმედი აქვთ, რომ დადგება დღე, როცა მრავალი მწუხარება ნეტარ განსვენებას მოუტანს მათ.
მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ნურავინ მოელის საიქიო ცხოვრებაში განსვენებას, რადგან ის ცხოვრება მათ ეკუთვნით, ვინც ამქვეყნიური ცხოვრებით დამაშვრალი და ტვირთმძიმეა.
ერთი წმინდა მამა ხშირად ავადმყოფობდა. როცა გამოკეთდებოდა და სნეულება დიდი ხნით ტოვებდა, ღმერთს მიმართავდა: „ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე, რატომ ვცხოვრობ ასე ბედნიერად? არ ვარ შენი სიყვარულის ღირსი, არ ვარ ღირსი, რომ მცირედ მაინც ვიტანჯო შენი სიყვარულისთვის?“
ცხადია, წმინდანებს დიდი მადლი და სულიერი ძალა ჰქონდათ და ჭირში მყოფებს უხაროდათ; ჩვენ, უპირველესად კი მე, ჭირში ვიტანჯებით, ზოგჯერ მოთმინებას ვკარგავთ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გონებას გვინათებს, ვინანიებთ და გარდავიქმნებით. „სული გულსმოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ“ (მათ. 26, 41).

19. წუხილი შენი ცოდვების გამო კარგი და სასარგებლოა, ოღონდ თუ უიმედობას იწვევს, მაშინ აშკარად ეშმაკისგანაა. მაშინვე იმედისკენ მობრუნდი და თქვი: „რადგან ყველაფერს ვინანიებ, ვსასოებ, რომ ყველაფერი მომეტევება. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. რაც უნდა დიდი იყოს ცოდვა, სინანულის გზით განქარდება. ჰოი, სიღრმე უფლის სიმდაბლისა, ძვირუხსენებლობისა და მოწყალებისა!"
დაე, გამხნევდნენ მძიმე დანაშაულის მქონენი, რადგან არსებობს ღმერთი, რომელიც მის მიმართ ჩადენილ ბოროტებას, სიმძიმის მიუხედავად, არაფრად აგდებს; თუკი გულწრფელად მოვინანიებთ, ყოველგვარ ცოდვას შეგვინდობს. შვილო, მოითმინე განსაცდელი და სიკეთეს ეწევი. მოთმინება, დიახ, მოთმინება გაგვიხსნის სამოთხის ბჭეს.

20. მწუხარებაში ქრისტეა, განსვენებაში კი – ეშმაკის სული. როგორ გრძნობდა ქრისტეს სიახლოვეს ჩემი მოძღვარი იოსები მძიმე გამოცდის ჟამს! სხვებში სიკვდილის მოახლოება შიშსა და ძრწოლას იწვევს, ის კი ამ დროს ქრისტეს სიყვარულში რჩებოდა. რა სასწაულია! „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13, 8).

21. მწუხარება ხელსაწყოა, იარაღია ღვთის ხელში. უფალი მას თავისი უსაზღვრო სიბრძნის კარნახით, თითოეული ადამიანისთვის საჭიროების მიხედვით, ინდივიდუალურად იყენებს.
სხვადასხვაგვარი მწუხარება განბანს და განწმენდს იმ ადამიანს, ვინც მას სიბრძნითა და შეგნებით იღებს, რადგან ქრისტიანის ყოველი მწუხარება ღვთისგან მოხილვაა სულის გადასარჩენად. მართალია, მწუხარებას ზეციერი მამის ტკბილი მარჯვენა გვიგზავნის, მაგრამ ჩვენს ბუნებას, როგორც ავადმყოფს, მწარე წამლები არ მოსწონს.
მწუხარების გადატანა რომ არ გვიხდებოდეს, ლუციფერის ბედს გავიზიარებდით; რადგან დიდებისა და განსვენების სიმაღლეზე ყოფნისას მან დაივიწყა ღვთის დიდებულება, საკუთარი თავის უმნიშვნელობა და უძლურება. „დავდგა საყდარი ჩემი... ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა" (ეს. 14, 13-14) – ამ ფიქრში გართული ღმერთმა ძირს დასცა. ბრწყინვალე ნათლის ანგელოზი დემონად, სატანად, ეშმაკად იქცა, ღვთის ქმნილებათა შორის უსაძაგლესი გახდა. არა ბუნებით, რადგან უფლის მიერ შექმნილი ყველაფერი ძალიან კარგი იყო, არამედ თავისი არჩევანით – ყოფილიყო მზაკვარი და მეამბოხე!
ოჯახებში ეშმაკი ბედით უკმაყოფილებას, უსიამოვნებას, შურს, სიჯიუტეს თესავს. ამიტომ მრავალ ოჯახში არის ადამიანი, რომელიც სიმშვიდეს, მყუდროებასა და სიხარულს არღვევს.
ეს ბოროტი თესლი უფლის წმინდა ოჯახსაც არ ასცდა, რომელიც მან დედამიწაზე მომავალი ხსნისთვის შექმნა, ანუ უფლის წმინდა მოწაფეებს შორის ღვთის მკვლელის თესლი – იუდა ისკარიოტელი დაითესა!
ეშმაკი თავის თესლს ხორბალშიც ურევს. ასეთი ადამიანი მონაზონთა კრებულშიც არსებობს. ის ცუდი როდია, მაგრამ თავისი უძლურებით, ბედზე განაწყენებით, შურით და ასე შემდეგ, იმ იარაღად იქცევა, რომელიც სხვათა სიმშვიდესა და მშვიდობას არღვევს.
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჭეშმარიტი სამშობლოდან ვართ განდევნილები და ვიმყოფებით გამოსასწორებელ ადგილას, სადაც უფლის სწავლება სრულდება. ვინც ამ სწავლებას მიიღებს, ისევ ზეციურ, მამისეულ მემკვიდრეობას უბრუნდება და დაკარგულ ძეობას აღიდგენს, როგორც ღირსი უფლის მემკვიდრეობისა. ხოლო მას, ვინც ჩემსავით უცოდინარი დარჩება, სწავლებას არ აღიარებს და საქმით უკანონო შვილი აღმოჩნდება, განდევნიან და დასჯიან, როგორც ღვთისშვილობის უღირსს. სწორედ ძეობის აღდგენას ისახავს მიზნად უფლის სწავლება. დაე, ჩვენმა სახიერმა ღმერთმა და მამამ მათ შორის შეგვრაცხოს, ვისაც მისი შვილობის პატივი ერგო. ამინ.

22. შვილო, ყველაფერი მოითმინე, რადგან დიდია სასყიდელი. ჭირთა სიმძიმეს ყურადღებას ნუ მიაქცევ, არამედ საზღაური აწონე. მცირე მწუხარება უზარმაზარ საუკუნო დიდებას გიგროვებს ზეცაში, ამიტომ სიხარული გმართებს და არა წუხილი. ჩვენს სახიერ ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა შესწირე და მტერს მოუთმენლობას ნუ დაანახვებ, რადგან მაშინ უფრო მეტად შემოგიტევს, შენი მოთმინების ზღუდე მიწასთან რომ გაასწოროს.

23. შენი შინაგანი მწუხარებისა და გლოვის შესახებ – სასარგებლოა თუ არა? – გეუბნები: ძალიან სასარგებლოა, რადგან ცოდვისგან გიცავს, განსაკუთრებით კი სოფლის სიყვარულისა და ტკბობისგან, რაც ღვთისთვის უცხოა.
მაგრამ აქაც გულისხმისყოფაა საჭირო, რომ მწუხარება ზღვარს არ გადავიდეს და საზიანო არ გახდეს. აი, ერთი ნიშანი: როცა შენს ძველ ცოდვებზე ფიქრისას წუხილი დაწესებულ ზღვარს სცილდება და სასოწარკვეთამდე მიდიხარ, მაშინ ღმერთს ულმობელ დამსჯელად მიიჩნევ, რაც უმეცრებაა. ღმერთი მამასავით გვზრდის და ეს ამგვარად ესმის ქრისტიანს, როცა მისი მწუხარება ზომიერია.
ამიტომ ყველაზე მაღლა გულისხმისყოფა დგას, რომელიც როგორც ზედმეტობის, ისე ნაკლულევანებისგან გვათავისუფლებს.
როცა უიმედობა მოგიცავს, განიშორე და იფიქრე: „თუ ღმერთმა ადამიანებს მოყვასისთვის დღეში სამოცდაათგზის შვიდჯერ ცოდვათა მიტევება უბრძანა, უსაზღვროდ მოწყალე უფალი განა მეტად არ შეუნდობს? ვინ მოინანია და არ ცხონდა? ვინ თქვა „შევცოდე“ და არ მიეტევა? ვინ დაეცა, შეწევნა ითხოვა და არ წამოდგა? ვინ იტირა და ღვთისგან ნუგეში არ მიიღო? „უკუეთუ თქუენ უკეთურთა, – ამბობს უფალი, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროისღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!" (მათ. 7, 11).
ჩვენი ზეციერი მამა იმიტომ კი არ გვწვრთნის, რომ უიმედობას მივეცეთ, არამედ სურს, მოვინანიოთ და გამოვსწორდეთ.
როცა სწავლების აზრი არასწორად გვესმის, უიმედობა გვიპყრობს და ზეციერ მამას უმოწყალო დამსჯელად მივიჩნევთ, რაც უაზრობაა. ამ ბოროტი ზემოქმედებით შეუძლებელია სულმა ინუგეშოს. თუ სწორად გავიგებთ, რას ნიშნავს მწუხარებით განსწავლა, ღვთისგან დიდ ნუგეშს მივიღებთ. ასე რომ, შვილო, აი, რა შემთხვევაში მოაქვს გლოვასა და მწუხარებას სარგებელი.

24. შვილო, ამქვეყნად ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არიან კეთილები და ბოროტები, მდიდრები და ღარიბები, განათლებულები და გაუნათლებლები, დიდგვაროვნები და მდაბიოები, გონიერები და უგუნურები, თუმცა საერთო ყველას ერთი აქვს – ტკივილი. ყველა ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, ცხოვრებაში ტკივილს განიცდის. როგორც ამბობენ: „საოცრებაა, თუ ვინმეს ბედნიერად უცხოვრია“. შესაბამისად, ყველანი ტკივილის სამფლობელოში ვცხოვრობთ.
ვიცით, რომ ტკივილი თითოეული ადამიანისთვის პირადულია და მარტო უნდა გაუმკლავდეს მას. ეს მისი ჯვარია და თვითონ უნდა იტვირთოს სოფლის მხსნელი იესოს მსგავსად, რომელმაც თავისი ჯვარი ჩვენთვის იტვირთა.
მაშ, დამშვიდდი და მიენდე, შვილო, მამობრივ ხელს, რომელიც ოპერაციას ტკივილით გიკეთებს. მიიღე ეს ტკივილი, როგორც ღვთისგან გამოგზავნილი და შეურიგდი, რომ შეძლო მასთან გამკლავება.
ვიცი, ეს რა ძნელია, მაგრამ ამავე დროს – მაცხონებელი. თუ წმინდანები მწუხარების დროს ხარობდნენ, ჩვენ მოთმინებით მაინც მივიღოთ ის და ღმერთი არ დაივიწყებს მისი ნებისადმი, ანუ ტკივილისადმი ნებაყოფლობით ჩვენს უმნიშვნელო მოთმინებასაც კი.
როცა გტკივა, შვილო, სულიერი ძალები მოიკრიბე და ეცადე, ტკივილის მიზანი გაიაზრო – ღმერთი ხომ ამ გზით ზეცას გიხსნის.
ნუთუ გგონია, რომ უფალმა, რომელსაც თმის ყოველი ღერი დათვლილი აქვს, შენი ტკივილის საზომი არ იცის? დიახ, იცის. ასე რომ, მიენდე ჩვენს ზეციერ მამას.
ნუ დაყრი ფარხმალს. ქრისტესთან ერთად ყველაფერს გადაიტან და ღმერთის, ჩვენი საერთო მამის, უსაზღვრო სიმდიდრის მემკვიდრეც გახდები. ამინ.

25. შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილის ცოდვამ დედის სიყვარულს სძლიოს? თუ დედას ასე უყვარს შვილი, როგორ უსაზღვროდ ვუყვარვართ ღმერთს, რომელმაც სიყვარული საქმით გვიჩვენა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის? პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და სინანულმა აღადგინა იგი. ქრისტიანთა დიდი მდევნელი, პავლე მოციქული, სინანულის გზით მოციქულთა თავი გახდა. მეძავები, ავაზაკები, მეზვერეები და ათასი სხვა დამნაშავე სინანულით განიწმინდა. ამიტომ სევდა და სინდისის გადამეტებული ქენჯნა მოიცილე, იმედით აღივსე, გამხნევდი და სასოწარკვეთის ყოველი გულისსიტყვა განაგდე.

26. როგორც უნდა ვიტანჯებოდეთ, მოვა დრო, როცა ყველაფერი დასრულდება და თითოეული თავისი შრომის შესაბამის განსვენებას მიიღებს. გიჭირს? გტკივა? მწუხარების სიმძიმისგან ტირი? დაიღალე? გამხნევდი, ღვთის სასუფეველი ასე მოიპოვება. მაგრამ თუ სავსებით მოსვენებული ხარ და ღმერთი აღარ გახსოვს, მაშინ იდარდე, რადგან ღვთისკენ მიმავალ გზას ასცდენიხარ.
ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. მწუხარებით, სნეულებით, ტანჯვით განუწყვეტლივ ვიღლებით, ეს ქვეყანა რომ შევიძულოთ და ის სოფელი ვისურვოთ, სადაც ღმერთს ქერუბიმნი და სერაფიმნი ადიდებენ, სადაც ნამდვილი განსვენება, ნეტარი ნათელი და დაუღამებელი დღეა. ყველაფერი აქაური მარადიულთან შედარებით წყვდიადი და საძაგლობაა. ნეტავ, ღმერთმა სულიერი სიბრძნე მოგვმადლოს, რომ ყოველთვის მარადიული, უსაზღვრო სიკეთე – ტკბილი ღმერთი – ავირჩიოთ.

27. ღმერთი ტკივილის მეშვეობით თავისი შვილის – ადამიანის ყოფაში ისე ერევა, როგორც კეთილისმყოფელი მამა! კაცმა რომ იცოდეს, რა სულიერი სარგებელი მოაქვს ტკივილს, ილოცებდა, მთელი ცხოვრება სხვადასხვა ტკივილი დაეთმინა, რომ ამით ზეციურ ქალაქში, ღვთის სალაროში სულიერი თანხა, ტკივილის ფული გადაერიცხა და ნეტარების ფული მიეღო მაშინ, როცა ყოველი სული თავისი შრომის, ტკივილისა და მწუხარების საზღაურს მიიღებს.

28. შვილო, მოთმინება იქონიე განსაცდელში, რომელსაც ღვთის სახიერება შენს სულს უგზავნის, უფრო მეტი სარგებელი რომ მიიღო. უნდა გიხაროდეს, რადგან ჩანს, რომ უფალს შენი სულიერი წინსვლა სურს, უმთავრესად სიმდაბლეში. ხშირად ადამიანის ამპარტავნება ღვთისგან მამობრივი სილის გაწვნის მიზეზი ხდება, უფრო მყარად რომ ვიაროთ სიმდაბლის გზით. ეს თვალსაჩინო ნიმუშია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისთვის ჩვენი სულები.
ასე რომ, მოთმინება, შვილო! ესეც ჯვარია; იტვირთე იგი უფლის სიყვარულისთვის. მიჰბაძე მას, რომ თავისი სიყვარული მოგანიჭოს, რადგან ამბობს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე“ (იოან. 14, 21). მისი ერთ-ერთი მცნებაა მორჩილებით და ჯვრის ტვირთვით გოლგოთაზე ასვლა. ნეტარია, ვინც დაითმენს განსაცდელს, რადგან გამოცდილებას შეიძენს და საუკუნო ცხოვრების გვირგვინს მიიღებს (იაკ. 1, 12).

29. შვილო, როგორი ეკლიანიც უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების გზა, ქრისტე მოგვიწოდებს და გველოდება, გავიაროთ ის, რადგან ეს გზა პირველმა თვითონ განვლო.
მწუხარებაში ღმერთი განისვენებს, შვებაში კი – ეშმაკი – ყველა ბოროტების მიზეზი. რაც უნდა დიდ ბრძოლაში ვიყოთ, ერთ დღეს ყველაფერი დასრულდება და თითოეული თავისი შრომის საზღაურს მიიღებს.
„სოფელსა ამას ჭირი გაქუს“ (იოან. 16, 33), – გვეუბნება უფალი, მაგრამ ყოფილა ვინმე, ვინც გოლგოთის აღმართზე ასვლა ისურვა და არ დაშვრა, ოფლი არ დაღვარა, ბევრჯერ არ ჩაიმუხლა ღვთის მიერ მიცემული ჯვრის სიმძიმისგან? – არავინ. ყველამ, ვინც წმინდანი გახდა, ყველა ცხონებულმა მწუხარების სახმილი განვლო, ზოგმა სნეულება, ზოგმაც ვნებების წინააღმდეგ ბრძოლა და ა. შ. ანუ ღვთისმიერი მწუხარების ჯაჭვი, რომ საუკუნო განსვენების უფლება მოეპოვებინათ.
ამიტომ უშვებს ღმერთი ჩვენზე სხვადასხვა ტკივილს, ზოგჯერ უიმედობამდეც კი, ჩვენც რომ გვქონდეს წილი საუკუნო განსვენებაში.
ნეტარია, ვინც საუკუნო განსვენებას ეღირსება! ამქვეყნიური ტანჯვისგან დაისვენებს. „ფიცხელ არს ნეფხუა', არამედ ტკბილ არს სასუფეველი“?.

30. განვისწავლებით, რომ ზეცის ღირსნი გავხდეთ. ზეციერი მამა ყოველგვარი საშუალებით გვწვრთნის, რათა სულიერი ხასიათი ჩამოგვიყალიბოს და შვილებივით დავემსგავსოთ მას; ჩვენში ისეთი თვისებები აღვზარდოთ, რომლებიც ღვთის კანონიერ შვილებად გამოგვაჩენს. მოთმინებით, სიმშვიდით, სიყვარულით, ძმათმოყვარებით და ღვთის შვილებისთვის დამახასიათებელი სხვა თვისებებით უნდა გამოვირჩეოდეთ, რადგან ქრისტესთან ერთად სწორედ ღვთის შვილები მიიღებენ მემკვიდრეობით ზეციერი მამის უსაზღვრო სულიერ სიმდიდრეს.
გამხნევდი ბრძოლაში, შვილო. მრავალი ჭირით ავალთ ზეცაში. ხსნის გზა ეკლიანია და გვტკივა, სისხლი გვდის. მაგრამ მოვითმინოთ და მოვა კურთხეული ჟამი, როცა ტკივილი და სისხლი ჩვენს სახელებს ცხოვრების წიგნში ჩაწერს! მაშინ ვაკურთხებთ ღმერთს, რომელმაც უსაზღვრო სიბრძნით დიდებული ცხონების საშუალებად ტკივილი და მწუხარება გამოძებნა.
ნუ დაიღლები ქრისტეს სახელის მოხმობით, თუ ბაგეების განწმენდა გსურს. ნუ იფიქრებ განსაცდელებზე, რომლებსაც სიზმარში ხედავ, არამედ უგულებელყავი ისინი, რადგან არსი არ გააჩნიათ. როცა მათ არაფრად ჩააგდებ, აღარ მოვლენ და თავს აღარ მოგაბეზრებენ.

31. ჩემო კურთხეულო შვილო... სიხარული და მშვიდობა შენს სულს.
განსაცდელს, როცა მას მოთმინებით ვიტანთ, მუდამ სარგებელი მოაქვს. როცა ის ადამიანს განეშორება, ისეთ გამოცდილებას და ნაყოფს უტოვებს, როგორი მოთმინება და მოხერხებულობაც გამოიჩინა ბრძოლაში. თუკი განსაცდელის გარდა სხვა მაცხონებელი გზა არ არსებობს, მაშ რა უნდა ვქნათ? მოთმინება სისხლის დათხევამდე – ასე იღვაწეს ჩვენმა მამებმა და განიწმინდნენ.
განსაცდელი ჩვენც გვჭირდება დასამდაბლებლად, თუმცა კი ბუნებით მდაბალნი, მიწისგან შექმნილნი ვართ და ჩვენი საქმეებიც ნაგევი და ბზეა“.
ნუ ივიწყებ, შვილო, რას ამბობდნენ იესოს კეთილსურნელოვანი ბაგეები: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16, 33). მაშასადამე, ვისთანაც ქრისტეა, იგი სძლევს თავისი ვნებების სამყაროს.
განსაცდელთა სიმრავლე ნუ გაშინებს, არამედ გაფრთხილდი, რომ მტერმა გულისსიტყვებით ისე მზაკვრულად არ გაგძარცვოს, რომ ვერც კი მიხვდე; არ დაუთმო იქ, სადაც ბოროტი გულისსიტყვები გაიძულებენ.
თუმცა ჭეშმარიტება ერთია: წმინდა სიმდაბლე საუკეთესო წამალია ხსნისთვის. ყველაფერში დამდაბლდი და ვნებებისგან სრულ ან საკმარის თავისუფლებას უეჭველად მიაღწევ.

32. რაც უნდა შეგემთხვეს, ყველაფერი მოითმინე, იმეორე ლოცვა და აიძულე თავი, რომ სულიერი მოვალეობები შეასრულო. ჭირით ვცხონდებით; უშრომლად სიკეთეს ვერ მოიპოვებ. ჩვენი ტანჯვა, მისი სიმძიმის მიუხედავად, არაფერია იმ საუკუნო ნეტარებასთან შედარებით, რაც ღმერთს ჩვენთვის აქვს გამზადებული.
გამოუსწორებლადაც რომ მიგაჩნდეს საკუთარი თავი, იმედს ნურასოდეს დაკარგავ. თუკი იარების მიუხედავად დამდაბლება მაინც გვიჭირს, რამდენად უფრო ძნელია ეს, როცა რაიმეს წარმოადგენ.

33. ამქვეყნიური სიამოვნების მოკლებით გამოწვეული მცირე მწუხარება, შვილო, დიდ საუკუნო დიდებას გვიმზადებს!
მკაცრია ცოდვის გულისსიტყვის ზამთარი, მაგრამ ტკბილია ღვთის სასუფეველი. აღმართია გოლგოთაზე მიმავალი გზა, მაგრამ როცა ცხოვრებისმომნიჭებელ საფლავს მივადგებით და ჩვენი სულის აღდგომის მაუწყებელ ანგელოზს ვიხილავთ, მხიარულნი ავალთ ზეცაში, ზეციურ იერუსალიმში, სადაც წმინდა სულებთან ერთად მოზეიმე საუკუნო პასექში მივიღებთ მონაწილეობას და მაშინ მოვიმკით დღევანდელი შრომის უკვდავ ნაყოფს.

34. შვილო, ორმხრივ მშვიდობას გისურვებ; განა არის რაიმე სულიერ სიმშვიდესა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უფრო მშვენიერი?! ადამიანის ცხოვრებას ორივე სასიამოვნოს ხდის. მათი უქონლობა კი ძლიერ ქარიშხალს ჰგავს, როცა გემს აქაფებული ტალღები არყევს. რამდენი ლოცვა აღევლინება მაშინ! ამქვეყნიური ცხოვრებისას მსგავსი გრიგალი უფალსაც კი შეხვდა: „შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და... იქმნა დაყუდება დიდ“ (მარკ. 4, 39). ამ მშვიდობისმყოფელ უფალსა და მეუფეს მოვუხმოთ, შვილო, როცა სულის ქარიშხალი მოგვიცავს. მწამს, თუკი რწმენით მივმართავთ, ჩვენს დასახმარებლად მეყსეულად მოსული გვეტყვის: „აი, მე აქ ვარ“.

35. ჩემო კურთხეულო გოგონა... უფალი შენთანა.
მივიღე შენი წერილი. ასე ძლიერ ნუ დარდობ, შვილო. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, რადგან ბევრი ტირილისგან უარესად გახდები. ნერვები კი დიდ მწუხარებას და დარდს ვერ უძლებს.
ეცადე, თავმდაბალი და ყურადღებიანი იყო და არ დაამწუხრო დედა იღუმენია; რასაც გეტყვის, რწმენით გააკეთე, რომ სასწაულებრივად ნახო, როგორ მოგეალერსება ღვთის ხელი!
სწორი გზიდან ნუ გადაუხვევ, სინდისის მხილებამ რომ არ დაგტანჯოს.
ეცადე, ჩემო კარგო შვილო, ცოტა გამოსწორდე, მოიკვეთე ნება და ფრთხილად იყავი, კურთხევის გარეშე არაფერი აკეთო. იღუმენიას დაეკითხე, როცა რაიმეს გაკეთება გინდა და თუ ზოგჯერ ნებას არ მოგცემს, მოითმინე, რადგან ქრისტეს მიმართ შენი ნამდვილი სიყვარული ამ დროს გამოჩნდება. თუ წინამძღვრებმა ყველა სურვილი შეგვისრულეს, ნების მოკვეთა რაღა იქნება?
ჰო, შვილო, თავს ძალა დაატანე. ვიცი, რისგან და როგორ იტანჯები, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. რადგან ქრისტეც ითმენს, როცა მის წინაშე ვცოდავთ და ჩვენს სინანულს ელოდება.
ვლოცულობ, ღვთისმშობელმა მუდამ განუგეშოს და გამოაცოცხლოს შენი სული. ამინ.

36. ჩემო კურთხეულო შვილო... სიყვარულის ღმერთი იყოს შენთან.
ყველაფერი დაითმინე, რადგან ამით სარგებელს მიიღებ.
ჩვენს იესოს უყვარხარ, ამიტომ ასე ხშირხშირად მოდის შენთან. რომ არ უყვარდე, მიგატოვებდა და დაიღუპებოდი. ახლა კი ცოცხლობ და იბრძვი. მიუხედავად იმისა, რომ დროებით იტანჯები, მარადიულზე იფიქრე და იმსჯელე. ეს ტკივილს დაგიამებს და სასტიკი განსაცდელის სიცხეს გაგიგრილებს.
იმ სახმილს გადიხარ, რომელიც ღვთისთვის მიძღვნილ სულებს განაბრწყინებს. მაშ, გამხნევდი და გიხაროდეს, რადგან ის განწმენდს შენს სულს ყოვლადწმიდა უფლის მისაღებად. დამდაბლდი, ქრისტეს სიყვარულისთვის ყველა გიყვარდეს და ასე ცხონდები.
ღვთის მშვიდობასა და სიყვარულს ვაბარებ შენს თავს. მამობრივი სიყვარულით, შენი მოძღვარი.

37. ჩემო ტანჯულო შვილო... ჩვენმა ღვთისმშობელმა მშვიდობა და მყუდროება მიჰმადლოს შენს სულს.
მივიღე შენი წერილი. შენი ტკივილის თანაზიარი ვარ. მოითმინე, შვილო, ღმერთი არ დაგტოვებს; შეცვლის შენს მდგომარეობას. ეს ცვალებადია. ასე აქვს ღმერთს განსაზღვრული თითოეული ადამიანის ცხოვრება: ამქვეყნად იტანჯოს, რომ იმ ნეტარ ქვეყანაში განსვენება და სიხარული პოვოს.
აქ, შვილო, მოთმინებით და სიმტკიცით გადავიხადოთ ჩვენი ცოდვების საზღაური, რომ სიკვდილის შემდეგ თავისუფლების ღირსნი გავხდეთ.
დარდით სულს ნუ დაიმძიმებ. ამ ცვლილებებს შენი ნერვები იწვევს და ტყუვდები, რომ არ გაქვს სიყვარული და ა. შ. ყველაფერი გაივლის და მაშინ ცრემლით აღიარებ, რომ მცდარად მსჯელობდი. ვლოცულობ, ღმერთმა მოთმინება ბოლომდე მოგმადლოს.

38. ჩემო კურთხეულო შვილო, გისურვებ, ზეციერმა მამამ გულისხმისყოფა მოგმადლოს, ჭეშმარიტება ეშმაკის სიცრუისგან რომ განასხვაო.
პირველი გულისსიტყვის შესახებ, რომელზეც მწერ, გპასუხობ: განა იობი უმწიკვლო არ იყო? განა ეს ღმერთმა არ აღიარა? მაშინ რატომ დაუშვა ისეთი განსაცდელი, რომ მძიმე მდგომარეობამდე მისულმა თავისი გაჩენის დღე დაწყევლა? ამით, რა თქმა უნდა, ისიც ასწავლა, რომ ასე სჩვევია უფალს – ჯერ გამოცდა და შემდეგ სიყვარულის ჩვენება. ღვთის სიყვარული მხოლოდ მოფერებით კი არ გამოიხატება, არამედ სილის გაწვნითაც. თუ ზეციერი მამის ხელი გვხვდება, ამით ჩანს, რომ ვუყვარვართ.
მწუხარებაში ღვთის სული მკვიდრობს, განსვენებაში – ეშმაკის.
უფალი დროდადრო გვწვრთნის, რათა სამუდამოდ განგვისვენოს და ამით ჩვენი საუკუნო დიდება ერთიათად აქციოს!
ღმერთი თავის შვილებად რომ არ გვთვლიდეს, განსაცდელს არ გამოგვიგზავნიდა, არც იზრუნებდა ჩვენზე და სულიერად გაუნათლებლებს დაგვტოვებდა. იმქვეყნად უფალი სულიერად განათლებულებსა და ბრძოლაში დაბრძენებულებს თავის მახლობლად, განსაკუთრებულ ადგილზე დაამკვიდრებს. რადგან მას ჩვენც, საწყალობლებიც ვუყვარვართ და სურს პატივი მოგვაგოს, ამიტომ სულიერად გვანათლებს აქ, მონაზვნობის უნივერსიტეტში. ჩვენ კი ვუბრაზდებით განსაცდელის გამოგზავნისთვის და რადგან არ გვესმის ღვთის განგებულება, უგუნურებით ჩვენს საუკუნო ბედნიერებას სათუოს ვხდით.
სულიერი განათლება ვნებებისგან და კერძოდ, ეგოიზმისგან გათავისუფლებაა.
ასე რომ, შვილო, ვიბრძოლოთ, რომ არ განვიკითხოთ. ვთქვათ: „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ“. ჭეშმარიტი სიყვარული უნდა გვქონდეს. და როდის გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული? როცა სხვას კი არ განვიკითხავთ, არამედ ვამართლებთ.

39. ნუ დაკარგავ სიმხნევეს, შვილო. ნაკლულევანება, რომელსაც ვითმენთ, ზეცაში საუკუნო განსვენებას გვიმზადებს!
ქრისტეს სიყვარულისთვის ჩვენ შეგნებულად ვიკლებთ ამქვეყნიურ სიამეებს. თუ მოვინდომებთ, თავისუფლად შეგვიძლია განცხრომას მივეცეთ, მაგრამ ნებაყოფლობით ვამბობთ უარს, რათა ჩვენი უტკბესი იესოს სანატრელი სიყვარული მოგვეცეს.
ჩვენ, ჩემო საყვარელო გოგონა, უკვდავი და მარადიული სიძე გვყავს, რომელიც უკვდავად ინახავს ქალწულების დიდებას. მოწოდებულნი ვართ ანგელოზები გავხდეთ. არ მოვიკლოთ ამისთვის ცოდვილი სიამოვნება? არ არის ღირსი ჩვენი იესო მისი ღვთაებრივი სიყვარულის გამო ყოველგვარ სისაძაგლეს მოვაკლდეთ?
მაშ ასე, ამ მოწოდების შესაფერისი სიმხნევით იბრძოლე. მოწამეებმა ქრისტეს სიყვარულისთვის სისხლი დაღვარეს, ჩვენ კი ერთ საზიზღარ, ყალბ სიამოვნებას ვერ უნდა შევეწინააღმდეგოთ?
ადიდე ღმერთი შენს ხორცსა და სულში.
იბრძოლე ბოლომდე!
გემშვიდობები, შვილო.
შენი მამა.

40. ნეტარია, შვილო, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებებს მოთმინებითა და ღვთისადმი მადლიერებით იღებს. უფალი ამგვარი მწუხარებით უკვდავ სულს თავისი სასუფევლის საუკუნო სიკეთის მისაღებად ამზადებს.
ღმერთი ჩვენს სასარგებლოდ გვწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ვეზიაროთ. უფალი თავის მოყვარულ ერთგულ მონებს სხვადასხვაგვარი მწუხარებით საუკუნო დიდებას უმზადებს.
ამიტომ არ შეიძლება და არც შეგვშვენის, რომ უფლის სწავლების დროს გულისწყრომამ მოგვიცვას. ყველაფერი სიმდაბლით და მორჩილებით უნდა დავითმინოთ, რადგან უფლის სწავლების მიზანია სულის უძვირფასესი ჯანმრთელობა მოგვანიჭოს.
როგორც ექიმი აჭირვებს ავადმყოფს ოპერაციებით, მწარე წამლებით, სხეულის ასოების მოკვეთით და ა. შ. – რა თქმა უნდა, მისი განკურნების მიზნით და არა ბოროტების გამო – ასევე ღმერთიც, ჩვენი სულისა და ხორცის მკურნალი, ყოველგვარი წამლით, მწუხარებითა და ტკივილით გვმკურნალობს, რომ ყველაზე დიდი სიკეთე სულიერი ჯანმრთელობა – მოგვანიჭოს. მაგრამ ის, ვინც დრტვინავს და არ ითმენს, როგორც მე, სულიერ სარგებელს კარგავს და მხოლოდ ტკივილი რჩება.
ამრიგად, რადგან ღმერთი ასეთი საოცარი გზით გვაცხონებს, ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა განუწყვეტლივ ვმადლობდეთ და ვაკურთხევდეთ მის ყოვლადწმიდა სახელს. ეს არა მარტო სიტყვით უნდა ვაკეთოთ, არამედ უმთავრესად საქმით, რომ ჩვენმა საქციელმა მისი ღვთიური დიდებულება არ შეურაცხყოს. რადგან თუ ბაგით ვაკურთხევთ, ხოლო საქმით შეურაცხვყოფთ, ეს მისი დაცინვაა.
ვეცადოთ, არ დავამწუხროთ ჩვენი იესო რაიმე ცოდვით, რათა სულიწმიდამ ჩვენს სულებში დაივანოს. ამინ.

41. აქ, ამ ამაო სოფელში, შვილო, მწუხარება, სიმწარე და ტკივილი გვექნება. მაგრამ ყველაფერი მცირე ხანს გასტანს, დროებითია. მთავარია, საუკუნოდ არ მიგვატოვოს ღმერთმა, რისი მოთმენაც შეუძლებელი იქნება.
როცა გტკივა და გიჭირს, ჯვარცმული მაცხოვარი გაიხსენე და ტკივილი დაგიამდება. ჯვარცმულის ცქერითა და იმ ვნებებზე ფიქრით, რაც მან ჩვენთვის დაითმინა, ვინ არ პოვებს სულიერი თუ ფიზიკური ჭრილობების სალბუნს?
შენც, შვილო, იქით, ზემოთ, გოლგოთისკენ იყურე, სადაც წმინდა კრავმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა, რომ თავისი სისხლით ცოდვებისა და ვნებების წყლულები ჩამოებანა ჩვენთვის.
დიდია მისი მოწყალება. არასოდეს დაკარგო იმის იმედი, ვინც შენთვის ჯვარს ეცვა. გისურვებ, დიდი მარხვა სულიერი და ხორციელი სიჯანსაღით განვლო. ამინ.

42. „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა" (რომ. 8, 18), რომელიც გველის. გიხაროდეს, შვილო, დიდი სიხარულით, რადგან სახიერი ღმერთი, რომელზეც ჩვენი ცხონების იმედს ვამყარებთ, ღირსგვყოფს ყველა ერთად ვიყოთ მის სასუფეველში და ქრისტესთვის სალოსი წმინდა ანდრიას სიტყვებით ვთქვათ: „ჰოი, რა ნეტარია ხელი, რომელმაც ეს შექმნა“. ზეციური იერუსალიმი, ხელთუქმნელი მხიარული ქალაქი ღვთის შვილებს ელის, მათზე რომ იზრუნოს და დიდი შვებით განუსვენოს. ეს შვილები ამ ცხოვრებაში მრავალტანჯულ სხეულს ატარებენ, ევნებიან და იტანჯებიან.
ჩვენი ხსნისთვის დაკლული კრავი თავისი ყოვლადწმიდა სისხლით ჩვენც განგვბანს, ცოდვის ჭუჭყს ჩამოგვრეცხს და საუკუნოდ განგვისვენებს!
მტკიცედ გეჭიროს, შვილო, შენი ჯვარი და ასე ადი მაცხონებელ გოლგოთაზე, რომელიც ცხოვრებაშემოსილ აღდგომამდე მიგიყვანს, როცა უკანასკნელ დღეს დაჰბერავენ საყვირს და ადამიანთა დაფარული [საქმეები] გამჟღავნდება. რა დიდი და წმინდა დღე იქნება ცხონებული სულებისთვის! მაშინ გაიხსნება უსასრულო ღვთაებრიობის სულიერი საუნჯე მარადიული განცხრომისთვის უკუნითი უკუნისამდე!
 
თემატური კითხვები
0