იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[36] წერილი მონაზონ ბრიენას

[36] წერილი მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 21 აგვისტო, 1947 წ.


ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გულისტკივილით ვლოცულობ, უამრავი ცრემლით, მუდმივი ლმობიერებით, რომ ჩვენმა უფალმა და ტკბილმა იესომ დაგიფაროს ყველანაირი ბოროტებისგან; რომ სწრაფად გაექცე და გადაახტე ხოლმე მახეებს, როგორც ირემი, და დათრგუნო, ასპიტი და ვასილისკო, რომ განუწყვეტლივ სიხარულით გიხაროდეს შენი სიძისა და მისი და ჩვენი ტკბილი დედის უკიდეგანო ნათელში.
ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიოთ სული! სხვა არაფერი გვინდა, ტკბილო დედაო, ოღონდ საღმრთო წადილის შენდამი ცეცხლოვანი სიყვარულის აღტკინების დროს გარდავიცვალოთ; როდესაც ჩვენს სულს ალი მოედება და გონება დაცხრება, და ანაზდად ნიავი მოჰბერს კეთილსურნელებას და საღმრთო წყვდიადით დაიფარება, სადაც საგრძნობლები ჩერდება და სუფევს საწადელი სიყვარული, სიყვარული და ცხოვრება – ჩვენი მარად ტკბილი იესო.
ისწრაფეთ, გამოიქეცით, იტირეთ, იხარეთ და სიყვარულის ცრემლები დაღვარეთ, თქვენი გონება იმაში ჩაძირეთ, ვინც სხეული მიწაში ჩაძირა – იესო ხომ ჩვენს საცხოვნებლად გარდამოხდა ზეციდან; მოკვდა, რათა ჩვენც იქ ავიდეთ; აღდგა, რათა ჩვენც აღგვადგინოს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ ღირსები გავხდით მისი შვილები ვიყოთ, ვიგემოთ მისი მარადიული სიკეთეები, და ამქვეყნიდანვე ვიხარებდეთ მის უზომო სიყვარულში.
აქამდე კმარა ამის შესახებ. ახლა დავწერ, რატომ გწერთ. პირველი ის არის, რომ ერთი ვრცელი, უდიდესი ღირებულების ეპისტოლე მოგწერეთ. არ ვუწყი, მიიღეთ თუ არა. ახლა გიგზავნით თქვენს კოვზებს, 40-ს, ყველას ევლოგიად, რათა ამით ჭამდეთ, მე კი გასამრჯელო მქონდეს. გიგზავნით 35 ორმხრივ ჯვარს და 35-ს – ცალმხრივს. ორმაგები თითო 5 ათასი ღირს, ხოლო ცალმხრივი – 2,5 (ორნახევარი). ჩემს ბრიენას, ერთ განსაკუთრებულს ვუგზავნი, რომ, თუ მოვკვდი (რადგან ვავადმყოფობ), ილოცოს ჩემთვის. ასევე, ყველასთვის ცოტა თხილს გიგზავნით. თითო-თითო ჭიქა წყალი დალიეთ ყველამ და პატარა ლოცვა თქვით: „აცხოვნე, ჩემო ქრისტე, ჩვენო ტკბილო სუნთქვავ, ცოდვილი იოსებ მონაზონი, რომელსაც უყვარხარ, და მისი საძმო“.
ამასაც გეტყვით: თუ წერილი, რომელიც დიდი ხნის წინ გამოვაგზავნე, არ მიგიღიათ, სხვა ეპისტოლეს ნუ დაელოდებით, რამეთუ ნამდვილად არ ყოფილა ღმერთის ნება. ამიტომაც ნურც ღელავ, ნურც იდარდებ, არამედ ადვილად გაუგონე მოძღვარსა და იღუმენიას, ხოლო განსაცდელებში მოთმინება იქონიე.
ფულს, რომელსაც ჯვრებიდან აიღებთ, აქ ნუ გამოაგზავნით, არამედ მხოლოდ შემატყობინეთ, რომ გაიყიდა და მაშინ მოგწერთ, სად უნდა გააგზავნოთ, რამეთუ ბევრი ვალი მაქვს. თუ ჩემს რძალს უკვე მიეცით, თქვენ დაიტოვეთ. 50 ათასი რომ გამოაგზავნეთ, მოვიდა.
მოძღვრის ხელს ვემთხვევი. ვლოცულობ ყველა თქვენგანისთვის.

მოგიკითხავ,
მდაბალი მ. იოსები

 
0