
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[38] წერილი მონაზონ ბრიენას
[38] წერილი მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 1 ოქტომბერი, 1947 წ.
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა და მიმდევრობით ყველა ქრისტესმიერო დანო, ჩვენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა იყოს თქვენთან და ჩვენთან.
აი, ისევ, ჩემო საწადელო ბრიენა, შენდამი ორმაგი სიყვარულით ვიწყებ შენს ყურებთან გალობას, რომელთაც სურთ და სწადიათ [ჩემი] მოსმენა. ითხოვდეთო, ამბობს ტკბილი იესო, და მოგეცემათო, ეძებდით და იპოვითო, აკაკუნეთ და გაგიღებენო! პატივს ვცემ თქვენს განწყობას, ვაქებ მოშურნეობას, ვაფასებ სიყვარულს და გბაძავთ.
როგორც მწერ, ლოცულობ დასაწყისში და ეს ძალიან კარგია. ამგვარი აზრებით შეძლებ გონების შეკავებას, როდესაც ფიქრობ, რომ მოძღვრისა და იღუმენიას ლოცვები, რომლებიც გონებით ღმერთს ესაუბრებიან, ცეცხლის სვეტივით ადის ცაში. ასე რომ ფიქრობ და აზროვნებ, რაღაც მომენტში გონება ჩერდება და ლოცვა ტკბილი ხდება, ცრემლები გვდის და მადლი გვიახლოვდება, როგორც ამბობ, დამწყებთა მადლი, რომელიც დედას ჰგავს, ბავშვებს სიარულს რომ ასწავლის: ხელს უშვებს, შორდება, ჩვილი კი ეძებს, ტირის, ყვირის... ისევ მოდის და მალე ისევ მიდის. პატარა კვლავ ტირის, ყვირის. კვლავ ბრუნდება. მანამ, სანამ გაიზრდება, არ არსებობს, რომ ჩვენთან ერთად იყოს მუდმივად, რადგან ვნებები ხელს უშლის.
ვნებები უხეში მატერიაა, ურალის მთებია, 35 კილომეტრის სიმაღლე აქვთ?! მადლი არის მზე. კი ამოდის მზე, მაგრამ მთების ჩრდილი არ აძლევს შესაძლებლობას მთელი სულიერი ადამიანი დაფაროს, ერთი სხივი თუ შეეხება სადმე, და სიხარულით აღენთება, მაგრამ დანარჩენი ნაწილები ჯერ კიდევ ვნებების ჩრდილშია, შესაბამისად კი, ყოველ წამს ეშმაკებიც შეიძლება ამოქმედდნენ, როდესაც მადლი მიეფარება. ამგვარად, ხშირად ხელს უშლიან, როგორც ღრუბლები მზის ნათელს. რამეთუ ვნებების ჩრდილს ორთქლიც ამოსდის, რომელიც იმ მცირე სხივსაც კი აბნელებს. ესენია ის, რასაც მწერ: სასოწარკვეთის გულისსიტყვები, სიმხდალე, შიში, თავხედობა, მკრეხელობა და ა.შ. ეს ყველაფერი სულს აჭკნობს და [უფლის მიმართ] კადნიერებას აკარგვინებს.
ნებისმიერი გულისსიტყვა, რომელსაც სასოწარკვეთა ან უზომო სევდა მოაქვს, ეშმაკისგანაა; ვნებების ორთქლია, რომელიც იმწუთას უნდა განაგდო ღმერთისადმი იმედით, სულიერ დედასთან აღსარებით, უფროსი დების ლოცვებით – იფიქრე, რომ ისინი ლოცულობენ და ღმერთს გულს ულბობენ. ხოლო ცრემლებთან შერეული მცირე სევდა და სულის ნუგეში მადლის მოქმედებაა, რომელიც მთელი ცხოვრება სინანულისკენ გვიბიძგებს, რაც არ უნდა შევცოდოთ.
შეცდომა კადნიერებას გვაკარგვინებს, ხოლო სინანული იმწუთას გვიბრუნებს. ეშმაკის სიტყვები უმალ სასოწარკვეთის შეგრძნებას იწვევს, ისე აჭკნობს და თელავს ადამიანს, როგორც სეტყვა — ნორჩ ყლორტებს.
პრაქტიკული სულიერი ცხოვრების ეს პატარა გაკვეთილი კარგად დაისწავლე. როდესაც ხედავ, რომ მადლი მოქმედებს და შენი სული იხარებს და ცრემლებს უშრომელად ღვრი იმის გამო, რომ ღმერთმა ამდენი წყალობა მოიღო შენზე, დარჩი როგორც ხარ თუ ფეხზე მდგომი ლოცულობ, ნუ გაინძრევი, ხოლო თუ ზიხარ, იჯექი; თუ ლოცულობ, ილოცე. ჩვილური აზრის გარეშე შეიწყნარე სული წმიდის ცვარი მანამ, სანამ იღვრება, რამეთუ, თუ საქმიანობის დროს მოვიდა და ლოცვაზე დადგები, იმწუთას შეწყდება. სურს, რომ სადაც „წაგასწრებს“, იქ დარჩე, შენ კი არ გახდე მისი „ოსტატი“. მას სურს, შენს გულისსიტყვას ასწავლოს, რომ არასდროს ენდო საკუთარ თავს, სანამ პირში სული გიდგას. ერთი დღის წვიმა საკმარისია, რომ სულის აღმონაცენები მთელი ის დრო შეინახოს, როდესაც მადლი განგვეშორება.
სხვა არის მღვდლობის მადლი, სხვა – სქემისა, სხვა – [საეკლესიო] საიდუმლოებათა, სხვა – ასკეზის მადლის მოქმედება. ყველა ერთი წყაროდან გამოედინება, მაგრამ ერთი მეორისგან აღმატებულებითა და დიდებით განსხვავდება. სინანულის მიერ ამოქმედებული მადლი – მათთვის, ვინც ცხონებისთვის ირჯება – მამათაგან გადმოცემული მემკვიდრეობაა; ის გაცვლა და გადაცვლაა, როდესაც მიწას გავიღებთ და ზეცას მივიღებთ, გავიღებთ მატერიას და მივიღებთ სულს. ღმერთის გულისთვის გაღებული ოფლის თითოეული წვეთი, თითოეული შრომა, თითოეული ღვაწლი ხდება ამ „ვაჭრობის“ ობიექტი; სისხლის ჩამორთმევა და სულის შემოღვრა. ნივთიერს, მატერიალურს ცვლი წმიდა სულზე. ეს მადლი იმისდა მიხედვით იზრდება, რამდენიც ადამიანს შეუძლია დაიტიოს, გააჩნია, მის ჭურჭელს რამდენის დატევა შეუძლია. ამიტომაც ჰქვია განმწმედელი მადლი.
საქმეს [საღმრთო] განათლება ენაცვლება – მეორე ეტაპი განმანათლებელი მადლია. მას მერე, რაც მოღვაწეობითი მადლის მიერ კარგად გაიწვრთნება, უამრავჯერ დაეცემა და ადგება, [პირველ მადლს] შემეცნების განათლება ენაცვლება, გამჭვირვალე გონება, რომელიც ჭეშმარიტებას ხედავს. საგნებს თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში ხედავს, ადამიანური ოსტატობის მეთოდებისა თუ მსჯელობების გარეშე. ყოველი საგანი ბუნებრივად თავის რეალურ ჭეშმარიტებაში იმყოფება, როგორც წინა წერილში მოგწერეთ. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანი აქამდე მოაღწევს, ჯერ სხვადასხვა მცდელობები, მტკივნეული [შინაგანი] ცვლილებები უნდა გამოიაროს. მაგრამ აქ პოულობს გულისსიტყვებისგან შვებას და განსაცდელებისგან ამოისუნთქავს.
განათლებას მოსდევს ლოცვის შეწყვეტა და ხშირი სულიერი ჭვრეტები, გონების ატაცება, საგრძნობელთა დაცხრომა, სხეულის ნაწილთა [ვნებების მიმართ] უძრაობა და დაწყნარება, ღმერთისა და ადამიანის შეერთება, ერთად გახდომა.
ესაა საღმრთო ვაჭრობა, რომელიც, თუ კაცი განსაცდელებს მოითმენს და სულიერი მოღვაწეობის გზაზე წინსვლას არ შეწყვეტს, ცვლის მატერიალურს არამატერიალურზე. ოღონდ აგიხსნით, რას ვგულისხმობ, თუ ქაღალდი მეყო.
მეკითხები, რა ერთობა გვაკავშირებსო? მაშ, ისმინეთ ჩემი, ყურად იღეთ ჩემი სიტყვები, რამეთუ უნდა გითხრათ საღმრთო განგებულების საშინელი და დაფარული დიდი საიდუმლო. სხვისი სარგებლის არ მშურს, არ ვმალავ იმას, რაც ვიხილე, როგორც ის, ვინც ტალანტი დაფლა, არ მაშინებს ეშმაკების მუქარა, რომლებიც მძვინვარებენ ჩემ წინააღმდეგ, როდესაც ამგვარ საიდუმლოებს გამოვაცხადებ – არამედ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს.
ასე რომ, მოდით ყოველნი, ერთიმეორის მიყოლებით. განიწმიდეთ ბაგეები ჭეშმარიტებით, სხეულები მარხვით უბიწოდ დაიმარხეთ, სულები ლოცვით წმიდაჰყავით. გახდით ჩვილი სხეულები და ხელმწიფე სულები. ჭიებმა ფრთები შეისხით და პეპლები გახდით. გონებაში არაფერი მიწიერი არ შემოუშვათ. მოფრინდით ჩემთან და მე წინ გაგიძღვებით. ეთერი უნდა გავიაროთ. ნუ შეგეშინდებათ, ბევრჯერ ვარ ასული და ვიცი გზა. მაშ, გამომყევით, ჩემი იესოს ძვლებო, ერთი მეორის მერე. აცალეთ გონებას ზეციური თავისუფლად განიზრახოს და აი, სამოთხის კარიბჭე გაგვეხსნება.
აქეთ-იქით ანგელოზები დგანან, ქერუბიმები და სერაფიმები, ექვსფრთიანები დაფრინავენ. მარჯვნივ და მარცხნივ ბრილიანტის კედლებია. ოქროსავით ბრწყინვალე კემთილსურნელოვანი ყვავილები იქაურობას ატკბობენ. უამრავი ფრინველია, უთვალავი ფერის, სხვადასხვა გალობას ჭიკჭიკებენ, რომლებსაც ჩვენი გონება ერთი ჭვრეტიდან მეორეში აჰყავთ. იატაკი თოვლივით სპეტაკია, ხოლო მის შუაში ჩვენი დედოფლისა და უხრწნელი დედის დიდი სასახლე დგას.
გამოიქეცით, რადგან ჩვენი ტკბილი დედიკო გველოდება. ანგელოზებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რამეთუ წერია: „ანგელოზებიც ვერ განგვაშორებენ იესოს სიყვარულს“,
და აი, კეთილი მეკარე – ცეცხლოვანი ანგელოზი კარიბჭეს გვიხსნის, ხოლო ჩვენი ტკბილი დედიკო, თოვლივით ქათქათა, წამოდგება და შემოგვეგებება.
ჰოი, ჩვენო ტკბილო დედიკო! ჰოი, ჩვენი სულის ნათელო! ჰოი, სიყვარულო შეუორგულებელო! ჰოი, ჩვენი სულის ცხოვრებაო! ნეტავ ბაგეებზე შენი სახელით აღმოგვხდებოდეს სული! ნეტავ უტკბილესი ამბორით დაგვხვდე და შენს წიაღში შეგვიწყნარო! ჰოი, დედაო, თაფლსა და ნექტარზე უტკბესო! ჰოი, კეთილსურნელო და მირონსურნელოვანო არომატო!
მაშ, დაეცით ძირს და ემთხვიეთ ჩვენს უტკბილეს დედიკოს – ფეხებსა და ხელებზე - და მიიღეთ გამოუთქმელი კეთილსურნელება წმიდა ქალწულისგან. ნუ ყოყმანობთ, მან თვითონ მასწავლა ეს გზა. მაჩვენა და მიბოძა თავისი თავის მიმართ კადნიერება და სიყვარული.
განგვიმარტე, ჩვენო ტკბილო დედიკო, შენი განგების და შენთან ჩვენი ნათესაობის გამოუთქმელი საიდუმლო. შენ, ჩვენო უტკბილესო დედიკო, რომელსაც წიაღში მუდმივად გიპყრია უტკბილესი ჩვილი – ის, ვისაც ყოველივე უპყრია; რომელიც პაწაწინა გახდა ჩვენთვის, დროს დაექვემდებარა, თუმცა იმავდროულად არის უდროო და „ძველი დღეთა“ – გვითხარი შენი მირონმდინარე ბაგეებით ის, რაც „ანგელოზთა გული უთქუამს ხილვად“, ხოლო ჩვენ რისიც ღირსნი გავხდით.
კიდევ მომისმინეთ, ჩემო საყვარელო დებო. როდესაც წმიდა წირვა აღესრულება, ჩვენი ტკბილი დედიკო თავის ჩვილს გვაძლევს და ის ჩვენთვის შეიწირება. და რამდენჯერაც ჩვენ ღირსად ვეზიარებით, წინასწარ ნამარხულებნი, ნებაყოფლობითი ღამისთევითა და ლმობიერი ლოცვით მომზადებულები, იესოს ხორცსა და სისხლს ვჭამთ, იმას, რომელიც ღმრთისმშობლის უხრწნელი სისხლიდან მიიღო. აგრეთვე, როდესაც უფლის ხორცს ვჭამთ, გამუდმებით ღმრთისმშობლის რძეს ვწოვთ. შესაბამისად, რა მოგვდის? ვხდებით ღმრთისმშობლის ნამდვილი შვილები და ქრისტეს ძმები და მადლით ღმრთის შვილები. ხოლო რადგან ქრისტე გვყავს გამოუთქმელად ჩვენს სულსა და სხეულში, მაშასადამე – რადგან იგი განუყრელია მამისგან – ჩვენში მამაც არის და სული წმიდაც.
ესაა ის ზებუნებრივი ნათესაობა, რომელიც ჩვენი ყოვლადწმიდა დედიკოსგან მივიღეთ. ხედავთ, რა ძღვენის ღირსნი გაგვხადა ჩვენმა ტკბილმა დედიკომ? ხედავთ, რამდენად ვალდებულები ვართ გვიყვარდეს იგი? ამიტომაც განუწყვეტლივ, როგორც ჩვილები, უნდა მივუახლოვდეთ და ხშირად მოვწოვოთ მისი საღმრთო რძე, როგორც მისმა უბოროტო შვილებმა. როდესაც საზიარებლად მივდივართ, გონებით მისი ძუძუ მოვწოვოთ, ხოლო პაწაწინა ტკბილი იესო, რომელიც მის წიაღშია, უკან იწევს და ამის უფლებას გვაძლევს. არ შურს, რომ მისი დედიკო უხვად გვირიგებს, არამედ უხარია და გვიწვევს კიდეც.
როგორც ჩვილები, გაეხვიეთ ჩვენი დედიკოს კაბაში და მისი ქალწულებრივი საღმრთო სხეულიდან უბიწოებით აღივსეთ, კეთილსურნელებით აივსეთ. ვერაფერი ვნახე ისეთი, რაც ღმრთისმშობელს ქალწულებაზე მეტად მოსწონდეს. და რომელ ჩვენგანსაც სურს შეიძინოს მისი დიდი სიყვარული, იზრუნოს იმაზე, რომ თავი განიწმიდოს და ყოვლადწმიდაც მას მუდამ გულში ჩაიკრავს და ყოველივე ზეციურს მიანიჭებს.
ახლა კი აგიხსნით, რას ნიშნავს ლოცვის შეწყვეტა ადამიანში მადლის გამრავლების დროს.
პრაქტიკული ღვაწლის მადლი ვარსკვლავების ბრწყინვალებას ჰგავს, განათლებისა – სავსე მთვარის ნათებას (წმიდა მამებმა სულიერი მოღვაწეობა სამად დაყვეს), მესამე, თეორიული, ჭვრეტითი, სრულმყოფელი მოღვაწეობა კი შუადღის მზის სინათლეს ჰგავს, რომელიც მთელ ჰორიზონტს სწვდება. ამგვარად, როდესაც ადამიანში მადლი მრავლდება, მაშინ ყველაფერს, რაზეც ზემოთ დავწერე, სცნობს და გონება დიდ უბრალოებას, სიმარტივეს იძენს, თანაც განივრცობა და ფართო მოცულობისა ხდება.
და როგორც შენ იხილე მადლის წვეთის გემო და წერ, რომ დიდი სიხარული იგრძენი, ასევე აქაც, ზოგჯერ ლოცვაზე დგახარ და მადლი მოდის, თანაც ბევრი, როგორც „წულილი ნიავი“, როგორც კეთილსურნელოვანი „სასტიკი ქარი“, მთელ სხეულში განეფინება ისე, რომ ლოცვა წყდება, სხეულის ნაწილები ჩერდება და მხოლოდ გონება ჭვრეტს უკიდეგანო ნათელს. ადამიანი ღმერთს უერთდება. როგორც რკინა: სანამ ცეცხლში შეაგდებენ, რკინა ეწოდება, ხოლო როდესაც გაღვივდება და გაწითლდება, ცეცხლს უერთდება, ერთი ხდება ცეცხლთან. ანდა ცვილი ავიღოთ: როცა ცეცხლს უახლოვდება, დნება, თავის ბუნებას ვერ ინარჩუნებს. [ადამიანიც] მხოლოდ, როდესაც ჩაივლის [ღმერთის] ხედვა, უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. მთლიანი მთლიანად ღმერთს უერთდება. ჰგონია, რომ აღარ აქვს სხეული, არც ქოხი. მთლიანად აღიტაცება, ცაში სხეულის გარეშე ადის. მართლაც, დიდია ეს საიდუმლო, რამეთუ ისეთ რამეებს ხედავს, რისი გადმოცემაც ენას არ ძალუძს. ხოლო როდესაც ეს ჭვრეტა ჩაივლის, ისეთ სიმდაბლეს იძენს, რომ პატარა ბავშვივით ტირის იმის გაცნობიერებით, რომ ასეთ რამეებს უბოძებს უფალი იმ დროს როდესაც თვითონ არაფერს აკეთებს. თანაც, ისეთ შემეცნებაში მოდის [საკუთარი თავისა], რომ, ვინმემ რომ ჰკითხოს, უღატაკესი ადამიანია; იმის ღირსიც კი არ არის, რომ დედამიწაზე არსებობდეს.
და რაც მეტად ფიქრობს ასე, უფალი უფრო მეტს აძლევს: „კმარა!" - ეძახის ღმერთს. და უფრო მრავლდება. ხდება მეფის შვილი.
რომ ჰკითხო: „ის, რაც შეგიმოსავს, ვისია?“, მოგიგებს: „ჩემი უფლისა“.
– ვის პურს ჭამ?
– ჩემი უფლის.
– ვისი სამოსი გაცვია?
– ჩემი უფლის.
– ვისი ფული გაქვს?
– ჩემი უფლის.
– საკუთარი რაღა გაქვს?
– არაფერი. მიწა ვარ, ტალახი და მტვერი. ამაყენებ, ავდგები; დამაგდებ, დავეცემი; ამიყვან, დავფრინავ, მომისვრი, ვიმსხვრევი. ბუნებით არარაობა ვარ.
თანაც ვერ ძღება იმის თქმით, რომ არაფერია. და რას ნიშნავს ეს „არაფერი“? იმას, რომ სანამ ღმერთი ცასა და ქვეყანას შექმნიდა, იყო არაფერი, არარაობა, არარსი.
ესაა ჩვენი არსების დასაბამი. ჩვენი წარმომავლობა და „საშენი მასალა“ არის თიხა, ხოლო მაცოცხლებელი ძალა — ღმრთის სუნთქვა, ღმრთის შთაბერვა.
მაშ, დაიბრუნე, ღმერთო, მოყვარულთა მოყვარულო და ყოველივე სიკეთის შემოქმედო, საღმრთო შთაბერვა, რომელიც სახეში შემოგვბერე და ცხოვრების სული მოგვეცი, და ისევ თიხად დავიშლებით.
ასე რომ, რა გაქვს ისეთი, ამპარტავანო ადამიანო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რატომღა იქადი, თითქოს არ მიგეღოს [და მუდამ შენი ყოფილიყოს?] შეიცანი, ჩემო მდაბალო სულო, შენი კეთილისმოქმედი და ფრთხილად იყავი, რომ სხვისი რამ არ მიითვისო – ღმრთისა საკუთარ მიღწევად არ ჩათვალო. შეიცანი, უბადრუკო, შენი არსება და წარმომავლობა. ნუ გავიწყდება, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერიც უცხოა. ხოლო თუ ტკბილმა კეთილისმოქმედმა რამე მოგცა, სუფთა სინდისით დაუბრუნე „შენნი შენთაგან“.
თუკი ზეცად ახვალ და ანგელოზების ბუნებას იხილავ, საღმრთო ძალების ხმებს მოისმენ, თუკი ღმრთისმეტყველებ და ასწავლი, თუკი ეშმაკების ხრიკებს სძლიე, თუკი წერ და ამბობ – რასაც არ უნდა აკეთებდე ღმერთისთვის, უთხარი ხოლმე უფალს: „მიიღე, ჩემო ტკბილო სუნთქვავ, ჩემო იესო, შენნი შენთაგან“.
და მაშინ, მაშინ... აჰ! ჩემო სულო, იცი რას ნახავ? როცა ღმერთის საუნჯეები გაიხსნება და გეტყვის: „მიიღე, ჩემო შვილო, ყველაფერი, რამეთუ სანდო და კეთილად გამგებელი აღმოჩნდი!".
ვლოცულობ თქვენთვის მთელი ჩემი სულით, მდაბალი იოსები
და ჩემი მეტანია გადაეცი მოძღვარს.
|