ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

განკითხვის შესახებ - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

განკითხვის შესახებ - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

დიდი ბოროტებაა ძვირისთქმა. ხომალდს პატარა საჭე სასურველ მიმართულებას აძლევს, ასევეა ენაც; იგი ადამიანს ან სიკეთისკენ მიმართავს, ან ბოროტებისკენ. წმინდა მამები სასტიკად კიცხავენ სხვისი ცოდვის, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.
როცა ძმას განვიკითხავთ, დიდ ცოდვაში ვიგდებთ თავს. ხოლო თუ ძმის ცოდვას დავფარავთ, მაშინ ღმერთი ჩვენც დაგვიფარავს დიდი დაცემისგან. როცა სხვის ცოდვას ვააშკარავებთ, ღვთის მადლს განვდევნით ჩვენგან და საკუთარ თავზე იმავე ცოდვას მოვიწევთ. ამით შევიცნობთ, რომ უძლურნი ვართ და ღვთის მადლი გვიფარავს. ვინც ენას დაიცავს, ის თავის სულს დაიცავს დიდი ცოდვებისა და დაცემისგან.
განკითხვისა და ძვირისთქმის ძირითადი მიზეზი ამპარტავნება და ეგოიზმია, რადგან ადამიანს საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია. ამიტომ ძალზე სასარგებლოა, თითოეულმა თავი ყველაზე უარესად ჩავთვალოთ და ძმა ჩვენზე უკეთესად მივიჩნიოთ, რომ ღვთის შეწევნით, შესაძლებელი გახდეს გათავისუფლება ამ ბოროტებისგან.

2. თუ ძმის საქციელი ან მონასტრის რაიმე საქმე განკითხვისკენ გიბიძგებს, შეეცადე ილოცო და შენებური ლოგიკით არ განსაჯო.
თუ ლოცვის, სიმდაბლისა და გლოვის მეშვეობით საკუთარ თავში ჩაიკეტები, სულიერ საგანძურს აღმოაჩენ, ოღონდ განეშორე ამპარტავნებას და განკითხვას.

3. ფრთხილად იყავი, შვილო, არავინ განიკითხო, რადგან ვინც მოყვასს განიკითხავს, ღმერთი მის დაცემას დაუშვებს და ამით უძლური ძმის თანაგრძნობას ასწავლის.
ჩვენ ყველას ღვთის მოწყალება განგვამტკიცებს. თუ ამპარტავნება მოგვეძალება, უფალი თავის მადლს განგვაშორებს და სხვებზე უარესები გავხდებით.
სხვაა განკითხვა და სხვაა განკითხვასთან ბრძოლა. განკითხვა საშინელი ვნებაა, ხოლო განკითხვასთან ბრძოლა და მასთან წინააღმდეგობა გვირგვინის მონიჭების საწინდარია.

4. ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ამით სახარებისეულ მცნებას არღვევთ და „ყოველმან სჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღოს სასჯელი კუალადგებისაი“ (ებრ. 2, 2). „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?“ (რომ. 14, 4) იცოდეთ, რომ ვინც განიკითხავს, მას ამპარტავნება აცდუნებს და „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 14, 11) უფლის მიერ, როცა განსაცდელში აღმოჩნდება.

5. ერთმანეთის უძლურებანი უნდა მოითმინოთ. ვინ არის სრულყოფილი? ვის შეუძლია დაიქადოს, რომ გული შეუბილწავად დაიცვა? მაშასადამე, ყველანი სნეულები ვართ და ვინც ძმას განიკითხავს, ვერ გრძნობს, რომ თვითონაც ავადაა, რადგან ავადმყოფი არასდროს განიკითხავს ავადმყოფს.
განკითხვა ისეთივე მნიშვნელოვანი ცოდვაა, როგორც მოყვასის უძლურებების მოუთმენლობა.
გიყვარდეთ, მოითმინეთ, სხვის შეცდომებზე თვალი დახუჭეთ, ნუ განრისხდებით, ნუ გაცეცხლდებით, შეუნდეთ ერთმანეთს, რომ ამით ქრისტეს მიემსგავსოთ და სასუფეველში მისი სიახლოვის ღირსნი გახდეთ.
შვილებო, განკითხვას მოერიდეთ. ის ძალიან დიდი ცოდვაა. როცა განვიკითხავთ და გვეზიზღება ადამიანები, ღმერთს ძალიან ვამწუხრებთ. მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვიზრუნოთ და ეს იყოს ჩვენი სატკივარი. თავი განვიკითხოთ და მაშინ ვპოვებთ ღვთის წყალობასა და მადლს.

6. გიყვარდეთ ერთმანეთი და ქედმაღლობის გამო თავს ნუ გაიმწარებთ. სიმდაბლე საიმედო მეგზურია. იგი საშუალებას არ აძლევს თავმდაბალ ადამიანს, დაუდევრობის წყალქვეშა კლდეებზე დაიმსხვრეს, არამედ კარგი მეგზურივით უსაფრთხო გზას უჩვენებს მას.
ქედმაღლობა ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ის ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით ყველა ჩვენი შეცდომის გამომწვევი მიზეზი ხდება. გეშინოდეთ ქედმაღლობის და ეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან რაც უფრო დიდხანს დარჩება ჩვენში ნებაზე მიშვებული ქედმაღლობა, მით უფრო მტკივნეულ ჭრილობებს მოგვაყენებს.
გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ეს ქედმაღლობაა. ერთი ძმის მიერ მეორის გამართლება თავმდაბლობისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, ვინც ასე იქცევა, ღვთის წინაშე დიდ მადლს პოვებს. ხოლო ვინც განიკითხავს და ეჩხუბება მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ მადლის მიღების ნაცვლად, რაც გააჩნია, იმასაც დაკარგავს, რომ ტანჯვით მიიღოს სიმდაბლის გაკვეთილი.
ყველაზე მეტად შინაგანი განკითხვის, გულისსიტყვებით განკითხვისა გეშინოდეთ, რადგან ეს სხვისგან დაფარულია, ხმამაღლა არ ითქმება, რომ მსმენელმა შეძლოს მისი გამოსწორება. გიმეორებთ, ეკრძალეთ შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად საბედისწეროდ დაგვადანაშაულებს, ღვთაებრივი მადლით ცხოვრებას განგვაშორებს და უმწარეს სასმელს – სულიერ სიკვდილს – გვაგემებს.
განკითხვის შესახებ წმინდა სახარება და მამები ბევრს გვასწავლიან. ენით დაცემას სიმაღლიდან დაცემა სჯობია.
ვლოცულობ, რათა სიყვარული და განუკითხველობა სუფევდეს თქვენ შორის, სულიწმიდამ რომ დაივანოს თქვენს სულებში.

7. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სანამ ბრალდებული თავს არ იმართლებს, მისი დადანაშაულება უსამართლობაა. წმინდა სახარებაც ამას ამბობს: „ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?“ (იოან. 7, 51)
თუ ყურადღებით არ ვიქნებით, განკითხვის ცოდვა დაგვიგროვდება და მაშინ სინანულია საჭირო. რამდენჯერ უნანია ადამიანს თავისი ნათქვამის გამო? გავიხსენოთ აბბა არსენის სიტყვები: „ლაპარაკის გამო ბევრჯერ მინანია, დუმილისთვის კი არასდროს“.
თუკი ხშირად შეხებითაც კი არასწორად აღვიქვამთ საგანს, მით უფრო შეიძლება მოვტყუვდეთ ადამიანების ნათქვამი სიტყვით. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ეშმაკი ღრიალებს და ჩვენს შთანთქმას ცდილობს. ქრისტიანი მოვალეა მრავალთვალა ქერუბიმს მიემსგავსოს. ბოროტება ძალიან გამრავლდა, განსაკუთრებით – განკითხვის ცოდვა, რომელიც ისეთი ჩვეულებრივი გახდა, როგორც პური და ყველი. ღმერთმა განგვასპეტაკოს და განგვწმინდოს მის სადიდებლად.
„მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა“ (ეფეს. 4, 26) ძმაზედ, ანუ მზის ჩასვლამდე არავინ დარჩეს გამწყრალი და განრისხებული ძმაზე.
ხედავთ იმ ძმას, რომელიც უდები და მცონარე იყო, ეკლესიაში ღამისთევის ლოცვებზე არ დადიოდა და არც მონაზვნურ მოვალეობებს ასრულებდა? მას ძმები ზარმაცად თვლიდნენ. როცა ის დასნეულდა და სიკვდილი მოუახლოვდა, მომაკვდავთან ძმები შეიკრიბნენ, რომ სულისთვის სასარგებლო რამ მოესმინათ, ან ენუგეშებინათ, ანდა იქნებ რაიმეს თქმა სურდა მათთვის. მაგრამ ნახეს, რომ იგი მხიარული და გაბრწყინებული იყო. ერთი ძმა შეცბუნდა და უთხრა: „ამას რას ვხედავთ, ძმაო? სიკვდილი გიახლოვდება და შენ მხიარულობ? გულისსიტყვა გვეუბნება, რომ არ იყავი თავის მაიძულებელი ადამიანი. მაშ, საიდან გაქვს ასეთი მხნეობა და მხიარული სახე? რით ახსნი ამას?“ – „დიახ, ძმებო, – მიუგო მომაკვდავმა, – მართლაც უდები ვიყავი და არც ჩემს მოვალეობებს ვასრულებდი, მაგრამ, ღვთის მადლით, ერთ სიკეთეს მივაღწიე – არავინ განმიკითხავს და არავისთან მიჩხუბია. მზის ჩასვლამდე გულში არასოდეს დამიტოვებია ხინჯი მონასტრის რომელიმე ძმაზე. და რაკი ძმებს არ განვიკითხავდი, მჯერა – მეც არ განმიკითხავს ღმერთი, რადგან თქვა: „ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ“ (მათ. 7, 1), და ვინაიდან არ განვიკითხავდი, არც განვიკითხები“. განცვიფრდნენ ძმები და თქვეს: „ძმაო, ცხონების გზა ძალიან ადვილად გიპოვია". ის ძმა დიდი სიხარულით გარდაიცვალა.
ხედავთ, როგორ იბრძოდნენ მამები, როგორ პოულობდნენ ცხონების გზას?
 
თემატური კითხვები
0