თემა: ცუდმედიდობა

13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმე ქალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორებულის გონებას, მრავალგვარი აზრითა და მოვლენით ავსებს მას და რყვნის მის ლოცვებს, რომელთა მიერაც ეს უკანასკნელი თავისი სულის წყლულთა მკურნალობას გულმოდგინეობს. ყველა მოუძლურებული ეშმაკი ერთობლივად ზრდის ამ გულისზრახვას და მის მიერ ყველა ისინი კვლავ პოულობენ შესასვლელს სულებში, რითაც ამ სულთა საბოლოო მდგომარეობას უფრო უარესს ხდიან, ვიდრე თავდაპირველად იყო (შდრ. მთ. 12.45; ლკ. 17.26). ხსენებული გულისზრახვისგან იშვება აგრეთვე გულისზრახვა ამპარტავნებისა, რომელმაც მსგავსების აღბეჭდილობა და მშვენიერების გვირგვინი ცათაგან მიწაზე ჩამოანარცხა (აქ იგულისხმება ანგელოზის დაცემა და არა ადამიანისა, რადგან ადამიანი დაცემამდე ცაში არ მკვიდრობდა, ის ანგელოზი კი, რომელიც დაეცა, სწორედ ცათა ბინადარი იყო. რაც შეეხება სიტყვებს "მსგავსების აღბეჭდილობა", ეს გამონათქვამი ანგელოზებისთვის შეუფერებელი არ არის, რადგან, ეკლესიის მამათა უმრავლესობის სწავლებით, ისინიც (ადამიანთან ერთად) ხატნი და მსგავსებანი არიან ღვთისა). ამიტომაც, განერიდე მას და ნუ დაახანებ, რათა არ მოხდეს ისე, რომ სხვა უწყალოთა მიმართ (სხვა ულმობელ ეშმაკთა ) გავცეთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ყოფა (შდრ. იგავ. 5.9). ხსენებულ ეშმაკს უკუმიაქცევს მოუკლებელი ლოცვა და იმგვარად ღვწა, რომ ნებსით არაფერს ვიქმოდეთ და ვამბობდეთ ისეთს, რაც შეეწევა წყეულ ცუდმედიდობას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები