ილია II
ავტორი: ილია II
თემა: აღდგომა

რა არის აღდგომის საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

რა არის აღდგომის საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

- ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც ადამიანებისთვის, ისე მათდამი, ღვთის განგებით, დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსათვის, შედეგად მოიტანა ხრწნადობა, რადგან შემოხდა სოფლად ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი.

ცოდვაც და სიკვდილიც ბოროტების გამოვლინებაა და დაცემის შედეგი. მათი ბატონობა ათასწლეულთა მანძილზე გაგრძელდა, ვიდრე ამქვეყნად არ მოევლინა ძე ღვთისა, რომელმაც თავის ადამიანურ ბუნებაში დაამარცხა კაცთა ყველა ნაკლოვანება, ყველა ცოდვის მიზეზი და პიროვნული სრულყოფილებით მოკლა სიკვდილი;

მან მთელი ქვეყნიერება სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა და თითოეულ ჩვენგანს გამოუწოდა ხელი დახმარებისა, რომ ჩვენც შევძლოთ ჩვენი პიროვნულ ცოდვათა დაძლევა, საღვთო მადლის შეძენა და სიკვდილზე გამარჯვების მოპოვება.

მაცხოვარმა ჩვენს ყოფას სხვა აზრი მისცა. მანამდე ნებისმიერი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა, მათ შორის, ძველი აღთქმის წმინდანნიც. აღდგომის დღემ კი გამორჩეული ბრწყინვალება შესძინა ჩვენს ყოველ სათნო სიტყვასა და აზრს, ყოველ კეთილ საქმესა და მოქმედებას, სხვა სიმაღლეზე ავიდა სათნოებანი და ყოველივე ეს ჩვენს საგზლად იქცა ღვთის წინაშე.

რა არის აღდგომის საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

2