ილია II
ავტორი: ილია II

ქალისა და მამაკაცის გათანაბრების ტენდენცია

ქალისა და მამაკაცის გათანაბრების ტენდენცია

კარგახანია გაჩნდა ქალისა და მამაკაცის გათანაბრების ტენდენცია. ეს თეორია ქალისთვის მაცდუნებელ ძალად იქცა. ქალის წინაშე წამოიჭრა უამრავი პრობლემა: ვინ არის იგი, რისთვის არის მოწოდებული, რა როლი აკისრია ოჯახში, საზოგადოებაში, რა გავლენას ახდენს ცხოვრებისეული და საზოგადოებრივი ცვლილებანი მის სულიერ სამყაროზე, გარეგნულ იერზე???

ქალმა დაიწყო თავისი ადგილის ძებნა ოჯახის გარეთ. ცივილიზაციამ, ცივმა განსჯამ, პრაქტიციზმმა გამოიწვია მისი ფაქიზი ქალური ბუნების რღვევა. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. ქალები მიილტვიან ოჯახიდან, რადგან იგი მათთვის მძიმე ტვირთად იქცა. გამოვიდა რა ოჯახიდან, ქალმა დაკარგა შინაგანი სიმშვიდე, კდემამოსილება. შეიცვალა მისი მზერა, მიმოხვრა, მისი იერი.

ვუყურებთ ძველ ფოტოსურათებს და ვხედავთ მაღალ შუბლს, რომლის იქით იგრძნობა დაფარული აზრი; ფართო, ბავშვისებრ შუქჩამდგარ თვალებს, საიდანაც შინაგანი სისპეტაკე იმზირება. მორცხვ ღიმილს, რომლისაგან გული გინათლდება. ამ სახის გამომეტყველებაში არის რაღაც განუმეორებელი, თვითმყოფადი, ერთადერთი, რასაც სახელი არა აქვს. ამ სახეზე აღბეჭდილია საკუთარი ღირსების შეგრძნების ნიჭი. აბა, შეხედეთ მათ ჩაცმულობას, როგორი სადა, დახვეწილი, დარბაისლური. სამოსიც კი აიძულებდა მამაკაცს, თაყვანი ეცა ქალისათვის.

სისადავე, შინაგანი სიღრმე, გაუმჟღავნებელი განცდა, იდუმალების კვალი ნელ-ნელა ქრება თანამედროვე ქალის სახიდან. ამავე დროს ქრება ის მომხიბლაობა, ის მიმზიდველი ძალა, რომელიც ყოველთვის იყო მისი კუთვნილება. დროსტარების სურვილი, მოდის აყოლა, ხვალინდელი დღის შიში, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, ყოველდღიური უარყოფითი განცდები, თანდათან განდევნიან მის სილამაზეს.

მამაკაცთან გათანაბრების სურვილი ქალისათვის შეჯიბრად იქცა და ძალიან საეჭვოა, რომ ეს შეჯიბრი მისი გამარჯვებით დამთავრდეს.

თანასწორია ორი კვიპაროსი ერთმანეთის გვერდით რომ ხარობს, ორივე ცალკეა, ორივე გვერდიგვერდ ერთადაა და ორივ მშვენიერია.

ძველმა პატრიარქალურმა ოჯახებმა შექმნეს ბიბლიური წყვილები: აბრაამი - სარა; ისააკი - რებეკა; იაკობი - რაქილი... მათი თანასწორობის პრინციპი იყო თანაბარი პასუხისმგებლობა ოჯახის, შვილებისა და შთამომავლობის წინაშე.

ქალისა და მამაკაცის გათანაბრების ტენდენცია

2