დღე - უფალთან ჩვენი დიდი შერიგებისა!
დღე - უფალთან ჩვენი დიდი შერიგებისა!
ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის გამკვალავი, ეს არის დღე - უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა. გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა კვერთხი იუდას... ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49, 10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა კანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე. მართლაც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს მმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს ამცნო იესოს შობა. ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის განკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი.