ილია 2-ის ლოცვა საქართველოსთვის
ილია 2-ის ლოცვა საქართველოსთვის
ღმერთო ძლიერო, მრავალმოწყალეო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო უფალო, დიდება და მადლობა შენდა! გევედრები, შეისმინე ლოცვისა ჩემისა და მოანიჭე მადლი და ძალა შენი ჩვენს ხალხს; შეცვალე მწუხარება ქართველთა ერისა სიხარულად, შფოთი და მტრობა – მშვიდობად და სიყვარულად.
სნეულნი განკურნე, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი მშვიდობით დააბრუნე, დალოცე და გააძლიერე ხელისუფალნი და მხედრობა ჩვენი, ერი და ეკლესია შენი და მოგვანიჭე მტკიცე და ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, სიბრძნე და თავმდაბლობა. შეგვმოსე შენი მადლით და წარსდევნე ჩვენგან და ჩვენი ქვეყნიდან ყოველი მტერი და მბრძოლი ჩვენი და აცხოვნე სული ჩვენი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრო მამულო ჩვენო, უფლის კვართის მადლით სვეტად ცხოველად გამოჩინებულო.
ჰე, ერო ჩემო, ანდრია პირველწოდებულისა და სხვათა მოციქულთა მიერ კურთხეულო და წმინდა ნინოს ქადაგებითა და ვაზის ჯვრის ძალით მოქცეულო და მადლმოსილო.
მრავალტანჯულო საქართველოვ, ურიცხვ მოწამეთა ცრემლითა და სისხლით განბანილო.
გმირთა სამკვიდროვ, არ იყო შენთვის უცხო ღალატიც. ვიყავით და ვართ ბრძენნიც და უგუნურნიც, შეურაცხყოფილნიც და განლაღებულნიც, ცოდვით დამძიმებულნიც და სინანულით დამდაბლებულნიც. მამულს მოწყვეტილნი შვილნი შენნი ხმობენ ფერეიდნიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ლაზეთიდან, ჰერეთიდან და ქვეყნის სხვა კიდეთაგან, მონატრულნი ერთიანი საქართველოს ხილვისა.
უფალო, საკვირველად მწყალობელო ჩვენო, შენ გვაძლევ ძალას, რომ დანგრეული კვლავ აღვადგინოთ, უიმედოს ნუგეში ვსცეთ, მტირალს ცრემლი მოვსწმინდოთ, არ დავემონოთ ბოროტს და მიუხედავად ათასი საცდურისა, მაინც გვახსოვდეს, რომ მხოლოდ შენა ხარ "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".
ჰე, უფალო, გევედრებით, კვლავაც აღხოცე ცოდვანი ჩვენნი მეწამულნი და განგვასპეტაკე, ვითარცა თოვლი; შენია ცანი და ქვეყანა, შენა ხარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა. შეგივრდებით და გთხოვთ, გაგვხადე ღირსი შენი მეუფებისა, რათა ერთგულნი მადიდებელნი შენნი მარად ვიყოთ ღვთაებრივი სიყვარულით გარემოცულნი.
შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ, ამინ!
ქრისტე აღდგა!