
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საშინელი სამსჯამრო
წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ დროს, ესე იგი, მეორედ მოსვლასა უფლისასა, წინაშე პირისა ყოვლისა ქვეყანისა გამოჩნდება ყოველი შენი ცოდვა. უკეთუ აქაც, ამ სოფელში ზოგჯერ ისრე შეგრცხვება ხოლმე შენ, თუ დიდ შეკრებულებაში პატივი არა გცეს, ან ცუდი რაიმე სთქვეს შენზედ, ანუ შენ მეგობარზედ, რომელ თითქმის აღარც იცი, სად დაიმალო სირცხვილისაგან, - წარმოიდგინე, ვითარი სირცხვილი და განკიცხვა გექნება მაშინ, ოდეს ცა და ქვეყანა, რომელნი მცნობნი და უცნობნიცა შეიტყობენ შენსა სიცუდესა და წარწყმედასა. ამ სოფელში შენ, რასაკვირველია, გყვანან მრავალნი მეგობარნი და მოყვარენი; ფრიად გეწყინება, რომ იმათ ცუდი რაიმე შეიტყონ შენზედ. წარმოიდგინე, რომ არათუ მხოლოდ იგინი, არამედ მრთელი ქვეყანა, ანგელოზნი და კაცნი გიხილავენ შენ მდგომარედ მარცხენით წარწყმედულთა შორის. ჰოი, ვითარი სირცხვილი და გამოუთქმელი შემუსვრა დაგეცემა შენ იმჟამად! იქნება ამ ქვეყანაზედ მრავალთა მიაჩნდი შენ კეთილ კაცად და ღვთისმოყვარედ, იქნება აქ ატყუებდი მოყვასთა შენთა კეთილითა სახითა და გარეშეობითა. გარნა მუნ გამოსჩნდება, რომ ესე ყოველი იყო სიცრუე; იქ შეიტყობენ ყოველნი, რომ ღვთისმოყვარება შენი იყო მხოლოდ თვალღება, სიმართლე გქონდა შენ მხოლოდ ენასა ზედა და გული შენი იყო აღვსებულ ბოროტითა და უსჯულოებითა.