
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: რწმენა
გულითადი სარწმუნოება არის უდიდესი და უმჯობესი ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღვთისათა, ვინაითგან აქ კაცი ღმერთს შესწირავს თვის გულს, ჩააბარებს ღმერთს თვის სულს და ყოველსა ცხოვრებასა და დაუმორჩილებს თვით თავის ჭკუასა და გონებასაცა. ამისთვისცა წრფელს სარწმუნოებას აქვს დიდი ფასი ღვთის წინაშე. ვინც გულით შეიტკბობს სარწმუნოებას, ამით იგი ცხად ჰყოფს, რომ მას კეთილი და წმინდა გული აქვს, იგი კეთილის, სიწმინდის და მადლის მოყვარული არის, ვინაითგან ბოროტის კაცის გულში, ცოდვისაგან გაფუჭებულში არ შევა სარწმუნოება.