ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიმდაბლე
სიმდაბლე არის სარწმუნო მცველი ყოველთა სათნოებათა. წარმატება სათნოებათა შინა არის წარმატება სიმდაბლესა შინა. წინააღმდეგ ამისა, რა არიან ყოველნი სხვანი სათნოებანი გარეშე სიმდაბლისა? – მტვერი, რომელსა წარიტაცებს პირველი შებერვა ამპარტავნებისა. გარეშე სიმდაბლისა ამაოა ყოველი სულიერი შრომა, არ არის არცა სიყვარული ღვთისა და კაცისა, არცა სიწმინდე გულისა, არცა მოთმინება, ერთის სიტყვით, არცა ერთი ღვთის წინაშე ღირსება. ვინც დაჰკარგა სიმდაბლე, მან დაჰკარგა ყოველიფერი, თუგინდ სხვაფერ კი სრული კაცი იყოს და დაახლოებული ღვთისადმი. შეაერთეთ ლოცვა, მარხვა, სიწმინდე; თუ სიმდაბლე დააკლდა, ყოველივე იგინი მალე განჰქარდებიან. თვით ზეციერნი ანგელოსნი დაეცნენ და შთაცვივდნენ ჯოჯოხეთს, ოდესცა სიმდაბლე დაჰკარგეს. „ვის უყურებს ღმერთი? მხოლოდ მდაბალთა, ღვთის მოშიშთა, რომელნი ძრწიან სიტყვისაგან მისისა“, –იტყვის ესაია წინასწარმეტყველი.