
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 200]
თემა:
მოთმინება
აწინდელთა ქრისტიანეთა ათასში ერთს არ ახსოვს, რომ დაჩაგვრას, გინებას მოთმინებით უნდა მიიღებდეს და მით
აწინდელთა ქრისტიანეთა ათასში ერთს არ ახსოვს, რომ დაჩაგვრას, გინებას მოთმინებით უნდა მიიღებდეს და მით უნდა მიიზიდავდეს მადლსა ღვთისასა. არა თუ არ მოითმენს მწარე სიტყვას, გინებას, არამედ ერთი სიტყვისათვის მზად არის მოჰკლას კაცი, სატევარს მოჰკიდებს ხელს, თუარადა გადაემტერება მთელ სიცოცხლეში დამჩაგრელად. ახლანდელ ქრისტიანეთ სირცხვილად მიაჩნიათ დათმობა დაჩაგვრისა: „რას იფიქრებს ქვეყანაო ჩემზედ, ქალაჩუნა არისო“. მაშინ, როდესაც კაცი, მომთმენი დაჩაგვრისა, რომელიც ყურადღებას არ მიაქცევს გინებასა, ამით გამოაჩენს თვის სულგრძელებას და სიმტკიცეს; ხოლო მოუთმენელი, შურისმეძიებელი, ცხადად ამტკიცებს, რომ არის სუსტი ხასიათით, სულმოკლე, წარტაცებული თვისი ცუდი გუნებით, და დამონებული ვნებასა და ცოდვას. „ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქვას ძმასა თვისსა რაკა, თანამდებ არს კრებულისაგან განსვლა; და რომელმან ჰრქვას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს გეენიასა მას ცეცხლისასა“ (მათ. 5.22). ასე ფიცხელად დაისჯება კაცის მაგინებელი, გარნა რომელიც მოითმენს გინებასა, ორკეც მადლს მიიღებს: თავის სულს აცხონებს, და მოყვასს კეთილ მაგალითს აჩვენებს.
|